დიდი ხნის შესვენების შემდეგ ავთანდილ ცქვიტინიძემ უკრაინის მოდის კვირეულზე 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ნამუშევრები ბრენდ “AVTANDIL”-ის და ქართველი მხატვრის, ოლეგ ტიმჩენკოს კოლაბორაციის შედეგია, ხოლო შთაგონების წყარო აბსტრაქტული ცნება – სიკეთე. ტიმჩენკოსთან შარშანდელი თანამშრომლობაც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. შარშანდელი თემა “მოდური ინფანტა” იყო. სწორედ ამიტომ მომავალი სეზონისთვის შეიქმნა “ანგელოზების” სერია.

1 (3)
ახალი კოლექცია ნაზი და ნათელია და ძირითადად პატარა ანგელოზის გამოსახულების გარშემოა აგებული. სამოსი ღია ვარდისფერ, მარგალიტისფერ, კრემისფერ და ღია ცისფერ ფერშია გადაწყვეტილი, ხოლო კოლექციის ბოლოს ნაწილი აქცენტირებულია მარჯნისფერი და ფუქსია სამოსით. გამოყენებულია კლასიკური შავ-თეთრის დუეტიც. სილუეტი რომანტიკულია: თავისუფალი სტილის გამჭვირვალე ზედები, გაფართოებული ფარფლით (ბასკით) ან V-ჭრილით, ტანზე მომდგარი კაბები, ვიწრო კოჭამდე შარვლები და ფართო ჟაკეტები. მასალად გამოყენებულია ორგანზა, ტაფტა, აბრეშუმი, ბამბა. გაფორმებულია ყვავილებით და ფერადი კრისტალებით. ასევე ყურადღებას იქცევს აკვარელის პრინტი და ტაფტის ხელთათმანი-ჯიბეები. ამჯერად დიზაინერი დახვეწილ და კლასიკურ მაღალქუსლიან ნავის ფორმის ფეხსაცმელს (Pumps) გვთავაზობს.

კოლექცია მთლიანობაში სიმსუბუქის და ჰაეროვნების შეგრძნებას და პოზიტიურ განწყობას ქმნის.