ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ყველანი ვიწყებთ ფიქრს იმაზე თუ სად და როგორ შევხვდეთ დღესასწაულს. არამგონია ბევრი იყოს ისეთი, ვინც სტანდარტულად გამოეწყობა ყოველდღიურ ჯინსსა და მაისურში და ისე გაემართება წლის ყველაზე ხმაურიან წვეულებაზე. ჩვენ ყველანი ვარჩევთ განსაკუთრებულ სამოსს, განსაკუთრებულ გარემოს და განსაკუთრებულ მენიუს.

ტანსაცმლის შერჩევა ერთი დიდი თავის ტკივილი (და ამავდროულად სიამოვნებაა) ყველა ქალისთვის. გაიხსენეთ, რამდენჯერ გადმოგილაგებიათ მთელი კარადა, იმ ერთი, შესაფერისი სამოსის ძებნაში. რამდენი დრო დაგიხარჯავთ სარკის წინ, თანაც მხოლოდ მოდური კაბა ან ფეხსაცმელი ხომ არაა? ვარცხნილობა, მაკიაჟი, აქსესუარები! ეს უკანასკნელი კი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა სრულიად სადა ჩაცმულობა იმაზე მიმზიდველი გახადოს, ვიდრე წარმოგიდგენიათ!

ალბათ უკვე იცით, 2012 წელი დრაკონის წელიწადია! დრაკონს ყველაფერი ფერადი და თვალშისაცემი უყვარს! მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოდის სახლები თანხმდებიან და გვირჩევენ, რომ წელს ჩვენი აქსესუარები ნათელი, მბრწყინავი და თვალისმომჭრელი უნდა იყოს!

დრაკონი მითიური პერსონაჟია – იყავით ფანტაზიის ნაწილი, მიეცით თავს უფლება იყოთ ექსტრავაგანტული, ნათელი და ცეცხლოვანი!