ბავშვობაში, როდესაც წითელ ელასტიკზე ჩემს საყვარელ კაბას არ მაცმევდნენ და ზამთარში ნაქსოვ ჯემპრთან ერთად ჩემს საყვარელ ფრიალა კაბას ვერ ვიხდენდი, მივხვდი, რომ ჩაცმის დროსაც გარკვეულ წესებს უნდა დავმორჩილებოდი; წესებს, რომელიც ყველა სფეროში ვეჩეხებით, მაგრამ იმისთვის არსებობენ, რომ დაირღვეს.

მოდაში არსებული გარკვეული წესების დარღვევა რეკომენდებულია. ამაზე უკვე არსებული წარმატებული პრაქტიკაც მეტყველებს.

წესი 1. არ ჩაიცვა თეთრი სამოსი ყოველდღიურად

ამ წესის დარღვევა თამამად შეგიძლია, მით უმეტეს როცა ზაფხულია. თეთრი ნაზს და მოხდენილ ხდის ქალის სილუეტს, გარდა ამისა მზეში ამ ფერის სამოსი ყველაზე გრილი და კომფორტულია. ოფისში კი თეთრი ფერის ელეგანტური პერანგი შეგიძლია მოუხდინო ნებისმიერი ფერის შარვალს ან ქვედაბოლოს.

წესი 2. ჩანთა და ფეხსაცმელი ერთმანეთს უნდა შეებამებოდეს

თუ გადაწყვეტ ჩაიცვა მოკლე შავი კაბა, წითელი მაღალქუსლიანები და მათ პატარა წითელი ქლაჩი შეუხამო, შენი არჩევანი უნაკლო იქნება. ყოველდღიურობაში კი ეს წესი თამამად შეგიძლია დაარღვიო. მთავარია, ჩანთა მთლიან ჩაცმულობას შეესაბამებოდეს და არ არის აუცილებელი ეს დეტალი ფეხსაცმელი იყოს.

წესი 3. არ აურიო პრინტები

ბოლო პერიოდის ქუჩის მოდამ აჩვენა, რომ ლეოპარდის პრინტთან ზოლიანი და კუბოკრული სამოსის ჩაცმაც შესაძლებელია და საკმაოდ მოხდენილადაც გამოიყურება.

წესი 4. მუქი ლურჯი და შავი არ უხდება ერთმანეთს

მიკვირს იმ ადამიანების, ვისაც ამ ფაქტის სჯერა. ეს ორი ფერი იდეალურად შეესაბამება ერთმანეთს.

წესი 5. მეტალის დეტალები მხოლოდ საღამოს ჩაცმულობისთვისაა

ბრჭყვიალა ფერადი თვლებით გაწყობილი მაისური ხშირად მაცვია პიჯაკთან და მოკლე ქვედაბოლოსთან ერთად და ეს სულაც არ არღვევს ჩემს ოფიციალურ სტილს. ჩემ მსგავსად, თუ სამსახურის შემდეგ სახლში გავლას ვერ ასწრებ და საღამოს მეგობრებთან ერთად კლუბში მიდიხარ, თამამად შეგიძლია ჩაიცვა მეტალით და ფერადი თვლებით გაწყობილი სამოსი.

წესი 6. გრძელი კაბა და შარვალი დაბალმა არ უნდა ჩაიცვას

გრძელი კაბის მოხდენილად ტარებისთვის მოდელის აღნაგობა არ არის აუცილებელი. ამის იდეალური მაგალითია მოდის ბლოგერი მიროსლავა დუმა, რომელიც ხშირად ჩნდება საზოგადოებაში განიერი, გრძელი შარვლებით და კოჭამდე კაბებით, რაც მას უფრო მაღალს აჩენს.

წესი 7. ღია ფეხსაცმელთან ერთად წინდა დაუშვებელია

ბოლო პერიოდის მოდური ტენდენციები და მოდის ბლოგერები, აქტიურად არღვევენ ამ წესს. შენც იგივეს გირჩევ!

წესი 8. ვერცხლი და ოქრო ერთად არ უნდა ატარო

ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი, რომელსაც იმდენჯერ დავარღვევ, რამდენჯერაც ამის შესაძლებლობას ჩემი აქსესუარები მომცემს.