ერთმა ჭკვიანმა ქალმა თქვა: მოდა იცვლება, სტილი კი რჩებაო. ეს ქალი არც მეტი, არც ნაკლები გაბრიელ კოკო შანელი გახლდათ. ქალი, რომლის მხრებზეც დადგა მეოცე საუკუნის მოდა; ქალი, რომელსაც შარვალს უნდა ვუმადლოდეთ. კოკოს შემოქმედების იდეა ყოველთვის სილამაზე იყო სიმარტივეში, რასაც მისი მოდის სახლი დღემდე არ ღალატობს.

კოკოზე სხვა დროს, ახლა კი წარმოგიდგენთ მის ათ გაკვეთილს, რომელიც მან ქალებს და მოდას აჩუქა:

1. შარვალი ქალს ათავისუფლებს

კოკომ პირველმა შექმნა შარვალი ქალებისთვის და პირველმავე დაიწყო მათი ტარება მაშინ, როცა მის გარშემო სხვა ყველა დანარჩენი კორსეტებში იხუთებოდა. დღეს ეს შეიძლება სასაცილოცაა, მაგრამ სწორედ შანელის დახმარებით შეძლო სუსტმა სექსმა მოხერხებულად მჯდარიყო და სწრაფადაც ევლო. თავად კოკოს მოკლე შარვლების ტარება უყვარდა. ისაა ცნობილი ფართე შარვლის ავტორიც, რომლიც შემდგომში მარლენ დიტრიხის სავიზიტო ბარათად იქცა.

2. იდეალური კაბა მუხლს უნდა ფარავდეს

კოკოს ქალის მუხლები დიდად არ მოსწონდა და მათ დამალვას არჩევდა კაბის ქვეშ. კაცმა რომ თქვას, ქალბატონთა უმრავლესობას სწორედ ასეთი იდეალური სიგრძე უხდება. მინი-კაბის ჩაცმის უფლებას კი ყველა ნამდვილად ვერ მისცემს თავის თავს…

3. რაც შეიძლება მეტი აქსესუარი

კოკო აღმერთებდა მათ და ხშირად უხამებდა ბიჟუტერიას ძვირფას სამკაულებს. მას იშვიათად ნახავდით მარგალიტის, ძოწის,ზურმუხტების მძივის, მბზინავი აქსესუარებისა და კამეის გულსაბნევის გარეშე, რომელიც მის „საფირმო ნიშნად“ იქცა. გაბრიელი ატარებდა ბერეტებს, ან წარბებამდე დაშვებულ შლაპებსაც.

4. იდეალურმა სამოსმა უნდა შეითავსოს როგორც მამაკაცური, ასევე ქალური სახე

20-აინი წლების დასაწყისში ქალები შეიშალნენ კოკოს ახალ იდეაზე, ქალზე “bob” ვარცხნილობით, მამაკაცური სილუეტით და ცოტა პრეტენზიული გამოხედვითაც. გაბრიელს უყვარდა თავისი მამაკაცების სამოსის მითვისებაც: პოლოს მაისურიდან დაწყებული ტვიდის პალტოთი დამთავრებული ის მათ სიამოვნებით ირგებდა.

5. ლამაზი ფეხსაცმელი ორ ფერშიც შეიძლება იყოს გაწყობილი

აღმერთებდა რა შავისა და თეთრის სინთეზს, კოკომ შექმნა ფეხსაცმლის ცნობილი მოდელი-თეთრი ლაკის ფეხსაცმელი შავი წინდებით. ის თვლიდა, რომ ასეთი ფეხსაცმელი ქალს უფრო სექსუალურს აჩენს და ვიზუალურად ტერფსაც აპატარავებს. თანაც ისინი თითქმის ყველაფერს უხდება.

6. ჩანთა უნდა იყოს მხარზე მოხერხებულად იმისთვის, რომ ხელი იყოს თავისუფალი

შავი სტანდარტული ჩანთა ძეწკვზე, რომელიც შანელმა შექმნა, რომ დაესრულებინა ბიზნეს-ლედის სტილი, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელად ითვლება მთელს მსოფლიოში. სწორედ კოკომ შექმნა ჩანთები მოსახერხებელი მხრებით, რომელთა ტარება ქალს დისკომფორტს არ უქმნიდა და ხელებსაც თავისუფალს ტოვებდა. დალიანდაგებული ტყავის ჩანთებმა ჯაჭვის მხრით პირველად 1955 წელს შემოაბიჯა მოდის სამყაროში და 2005 წელს კარლ ლაგერფილდის წყალობით ისევ გაცოცხლდა. ასეთი ჩანთები (ცხადია, ორიგინალი) 2000-2500 დილარამდე ღირს, თუმცა ამბობენ, რომ ეს ისეთი ნივთია, რომელიც მთელი ცხოვრება მოგემსახურება…

7. მუხლი მოიყარეთ ქალბატონი შავი კაბის წინ

LBD-ს ( little black dress) შემოქმედიც სწორედ კოკოა. მან 1926 წელს შემოიყვანა ის მოდაში და არაჩვეულებრივი საჩუქარიც აჩუქა ყველა დროის ქალს. მას უნდოდა ისეთი კაბის შექმნა, რომელსაც თავისუფლად ატარებდნენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში და იქნებოდა საკმაოდ უნივერსალური იმისთვის, რომ გადაესხვაფერებინა აქსესუარებს. ასე მოედო შაფი ფერი მოდას.

8. პიჯაკები ისეთივე რბილი უნდა იყოს, როგორც ჟაკეტები

1925 წელს კოკომ შექმნა თავისი ცნობილი კონცეფცია „რბილი პიჯაკების“ შესახებ, რომელიც თავისუფლად ერგებოდა ქალის ფიგურას და არ ზღუდავდა მოძრაობას. სტანდარტული, უხეში პიჯაკის ნაცვლად შანელმა ქალებს აბრეშუმი და ვიწრო მკლავები შესთავაზა, რომელიც ქმნიდა ბრწყინვალე სილუეტს და ჰაეროვან ჟესტებს.

9. „ფუფუნება მოხერხებული უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ის ფუფუნება არაა.“

სწორედ ამ მიზეზის გამო დღის და საღამოს სამოსს შანელი ამუშავდებოდა იმის გათვალისწინებით, რომ მოხერხებულობის მიუხედავად ქალს არ შერცხვენოდა საკუთარი სამოსის. დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, მოხერხებული ჟაკეტები, ჩანთები, უმკლავებო ზედები ჟაკეტის ქვეშ სწორედაც ლამაზი ქალბატონების კომფორტისთვის იყო გამიზნული. კოკო არასდროს ქმნიდა მოდას მოდისთვის. „ეძებეთ ქალი კაბაში. არ არის ქალი_არ არის კაბაც“-ამბობდა ის.

10. სუნამო – ეს იგივე ტანსაცმელია

ქალს, რომელიც სუნამოს არ ხმარობს, მომავალი არ აქვსო, ამბობდა კოკო. მისი უფრო ცნობილი სიტყვებია „სუნამო უნდა გამოიყენო იქ, სადაც გინდა, რომ გაკოცონ“.

შანელის სახლის ქიმიკოსები დიდ ხანს წვალობდნენ შესაბამისი არომატის შექმნაზე და ბოლოს, 1922 წელს დაიბადა სუნამო, რომლის გამძლე და სპეციფიური არომატი ძნელია, აგერიოთ სხვაში. ფლაკონის დიზაინის შექმნისას კოკო ისევ თავისი პრინციპის ერთგული დარჩა და ეს ღვთაებრივი, ჭეშმარიტად ქალური სითხე მამაკაცურ, მართკუთხა მარტივ კოლოფში მოათავსა.