არის შემთხვევები, როდესაც მაღაზიებში ბოდიალი უბრალოდ გსიამოვნებს, მაგრამ უფრო ხშირად, ბევრი სიარული იმით არის გამოწვეული, რომ არ იცი, რას ეძებ, სად ეძებ…

ჩემი მეგობრები შორტებისა და სარაფნის საყიდლად წავიდნენ. შინ კი მწვანილის ორი კონითა (ქინძი და რეჰანი) და ერთი ცალი საწერი კალმით დაბრუნდნენ.

სასურველი იქნებოდა, ახალი სამოსის შეძენისას გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული რჩევები და სასურველ შედეგს უფრო ადვილად მიაღწევთ:

1. იცოდეთ, რა მოგწონთ და რა – არა;

2. გამოეწყვეთ მხოლოდ საკუთარი თავისათვის და არა – სხვისთვის;

მეგობრებს კარგი გემოვნება აქვთ, მაგრამ არც შენ გაქვს ნაკლები. რასაკვირველია, რჩევები უნდა გაითვალისწინო, მაგრამ არასოდეს შეარჩიო სამოსი დედის ან შეყვარებულის გემოვნებით;

3. ჩაიცვით ასაკის შესაბამისად;

ყველას მისი წლოვანების შესაფერისი სამოსი უხდება. არაფერია უფროსივით მორთულ ბავშვზე, ქალურად გადაპრანჭულ ახალგაზრდასა და 21 წლის გოგოსავით გამოწყობილ ბებოზე უარესი.

4. აირჩიეთ ტანისამოსი სხეულისა და ფორმების მიხედვით;

5. ტანსაცმელი უნდა იყოს იმ ადგილის შესაბამისი, სადაც მიდიხართ;

არ უნდა წახვიდეთ ტყავის ქვედაბოლოთი (საერთოდ რატომ უნდა ჩაიცვა ტყავის ქვედაბოლო?!) სტადიონზე, ქუსლებით – იპოდრომზე, ჯინსებით მიღებასა და ბანკეტზე და ა.შ. ამ საკითხთან დაკავშირებით, სჯობს დედასთან ან უფროს დებთან გაიაროთ კონსულტაცია. თუმცა, კინოსა და თეატრში უწინ ზედმეტად გადაპრანჭულნი დადიოდნენ, ამ დაწესებულებებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ზემოხსენებულთა რჩევები ერთ ყურში შეუშვათ და მეორედან გამოუშვათ;

6. იყავით თავდაჯერებული!

აი, ეს ყველაზე მაგარი რჩევაა, რისი მოცემაც შემიძლია. არის დღეები, როდესაც საკუთარი ჩაცმულობითა და გარეგნობით აღფრთოვანებული ვარ და ამ დღეებში ყველა კომპლიმენტს მეუბნება. როდესაც თავს ვერ ვგრძნობ ისე, როგორც საჭიროა ან ავიჩემებ, რომ რაღაც არ მომწონს, მაგალითად – ვარცხნილობა, ზუსტად იგივენაირად გამოწყობილს  მგონია, არავინ ზედაც არ მიყურებს. არადა, არაფერი შეცვლილა. მხოლოდ მე ვიყავი წინა დღით საკუთარ “ძალებში” დარწმუნებული.

7. კარგად განსაზღვრეთ, რაზე ხარჯავთ ფულს და არ ინანოთ შენაძენი;

“ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი…” მაგრამ როცა გაჭრი, ანუ – იყიდი, მერე აღარ უნდა დაგენანოს გადახდილი ფული. შენ ამის ღირსი ხარ!!

8. განავითარეთ საკუთარი სტილი;

ამაზე ყველამ დამოუკიდებლად უნდა იმუშავოს.

9. არ დაემონოთ მოდას;

დაშტამპული და მასის მსგავსი ხალხი არავის მოსწონს. მოდაში დაპრუწული ტუჩებიც იყო ერთ დროს (იმედია, გადავიდა უკვე), მაგრამ რა ხეირი?!

10. და რაც მთავარია, არ შეგეშინდეთ წესების დარღვევის.