Home მოტივაცია & პოზიტივი

ტანსაცმლის დიზაინერები მოდის სამყაროს ვარსკვლავები არიან. ქალისათვის ისეთივე მარტივია ამ სფეროში წარმატების მიღწევა, როგორც მამაკაცისთვის? ფაქტია, რომ ორგანიზაციამ CFDA – Vogue-ის მოდის ფონდმა საკუთარი რვაწლიანი ისტორიის მანძლზე ჯილდო მხოლოდ ორ ქალ-დიზაინერს გადასცა.

მოდის ისტორიას ახსოვს ქალი-დიზაინერები, რომელთაც ნიჭისა და დაუღალავი შრომის შედეგად ამ სფეროს განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინეს და მომავალ კოლეგებს გზა გაუკვალეს.

 

ჟან ლანვენი

ჟან ლანვენი მოდის სფეროში ერთ-ერთი პირველი ქალი-მეწარმე იყო. მან ქუდების მაღაზია 1889 წელს გახსნა. შემდეგ, საკუთარი ქალიშვილით შთაგონებული, პატარა გოგონებისთვის თხელი აბრეშუმით ნაქარგებით მორთულ კაბებს კერავდა. მისი გაყიდვების სტრატეგია დროს უსწრებდა. 1920 წლისთვის წარმოება გააფართოვა და სპორტულ ტანსაცმელს, ბეწვეულს, სახლის აქსესუარებს, ქალის თეთრეულს, მამაკაცის სამოსს, საცურაო კოსტიუმებს და სუნამოებს ყიდდა.

 

მადლენ ვიონე

„არქიტექორი დიზაინერებს შორის“ – მადლენმა მოდა სამუდამოდ შეცვალა, როდესაც 1912 წელს საკუთარი მოდის სახლი გახსნა. მისი კაბები რომაული ქანდაკებების დრაპირბებსა და ნაკეცებს იმეორებდნენ. მადლენმა ერთხელ თქვა: „როდესაც ლედი იღიმება, მისი კაბაც უნდა იღმოდეს“.

 

შანელი

შანელი – ეს სახელი თავად მოდის სინონიმად იქცა. მას ბევრი წარდგენა არ სჭირდება. დღეს შანელის სახელის ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

უდავო ნიჭის გარდა, მადამ შანელი წარმატებული მეწარმეც იყო და სიახლეებს კარგად გრძნობდა. მისი გამოგონებების რიცხვში შედის, სამოსის ნაკეცებიანი (პლისირებული) დეტალები, პატარა შავი კაბა, ტვიდის ჟაკეტი, მოცულობითი ყელსაბამი და ზოგადად, ბიჟუტერიის პოპულარიზაცია და რაც მთავარია – ჯერსის მატერია. შანელმა მამაკაცის სამოსის დეტალები ქალის გარდერობში გადმოიტანა. კარიერა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიწყო და ყოველდღიური სამოსისთვის პირველმა გამოიყენა ის მასალები, რომლებსაც მანამდე მხოლოდ ქალის თეთრეულისთვის იყენებდნენ. რა თქმა უნდა, შანელი N5 არ უნდა დაგვავიწყდეს!

 

ელსა სკიაპარელი

ელსამ მოდას იუმორი დაუმატა და ავანგარდული კოქტეილი მიიღო. გარდა ამისა, ელსა გამორჩეულად კერავდა. სკიაპარელი პირველი იყო, ვინც ელვა-შესაკრავი გამოიყენა. ის თანამშრომლობა სხვადასხვა არტისტებთან, მათ შორი სალვადორ დალისთან. მისი გამორჩეული სტილის გამო, ელსა ჟურნალის TIME ყდაზე გამოსახული პირველი ქალი-დიზაინერი გახდა. სკიაპარელის სამოსი დროს უძლებს და დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც წინა საუკუნეში. თუმცა ელსას კაბის მოსარგებად გამბედაობა და ცოტა ექსტრავაგანტულობაა საჭირო.

 

სონია რიკელი

სონიას ნაქსოვმა სვიტრებმა „ქსოვის დედოფლის“ ტიტული მოუტანა.  “The Poor Boy Sweater” – ზოლიანი სვიტრებია, რომლებმაც მას ცნობადობა და წარმატება მოუტანა. მოდის მეამბოხემ პირველმა გადმოატრიალა ნაკერები სამოსის წაღმა მხარეს და სვიტრებზე წარწერები გააკეთა, რომლებმაც მომდევნო თაობები შთააგონა და თვითგამოხატვის ერთ-ერთ მძლავრ ხერხად იქცა.

 

ვივიენ ვესტვუდი

ვესტვუდი მაღალი მოდისა და პანკის სტილის გაერთიანებაზეა პასუხისმგებელი. აქტივისტი, ბიზნესვუმენი, დიზაინერი – ვივიენი ეხმაურება ყველაფერს, დაწყებული სამოქალაქო უფლებებიდან, დამთავრებული კლიმატის ცვლილებებით. მან პირველი ბუტიკი სახელწოდებით SEX 70-იან წლებში გახსნა, დღეს კი მისი ბრენდი Vivienne Westwood Red Label სახელითაა ცნობილი.

 

რეი კავაკუბო

1980 წელს რეიმ იოჯი იამამოტოსთან ერთად პარიზში მოდური რევოლუცია მოაწყო, როდესაც დასავლური და იაპონური სტილი ერთ კაბაში გააერთიანა. ხელოვნების სფეროდან მოსულმა კავაკუბომ 1973 წელს Comme des Garçons შექმნა. გეომეტრიული ფორმები და დეკონსტრუქცია მისი ხელწერის განუყოფელი ნაწილია. ის არჩევანს ხელოვნებასა და ჩაცმადობას შორის ყოველთვის პირველის სასარგებლოდ აკეთებს. კავაკუბო დღემდე ყველაზე საყვარელ არატრადიციულ დიზაინრად რჩება.

 

მიუჩია პრადა

მიუჩია პრადა კომპანია Prada-ს კომპანიის დამფუძნებლის, მარიო პრადას შვილიშვილია. მან ტყავის გადამამუშავებელი კომპანია 1978 წელს ჩაიბარა და ძლიერ თანამედროვე ბრენდად აქცია. მიუჩიამ, ფილოსოფიისა და პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორის დიპლომით, მოდაში ინტელექტუალური გზავნილები შემოიტანა, 1992 წელს კი წარმოებაში ახალი ხაზი Miu Miu ჩაუშვა.

 

კაროლინა ერერა

კაროლინა ერერა თავად ელეგანტურობაა. პირველად საუკეთესოდ ჩაცმულების სიაში 1972 წელს მოხვდა. Vogue-ის მთავარმა რედაქტორმა დაიან ვრილენდმა ურჩია სამოსის დიზაინით დაკავებულიყო. ერერას კაბებით ვარსკვლავები ათწლეულების განმავლობაში წითელ ხალიჩაზე იწონებენ თავს. კაროლინას საყვარელი თეთრი, შეღილული პერანგი და ტაფტის შავი ბოლო ე.წ. Evening Standar-ად იქცა.

 

დაიან ფონ ფიუნსტენბერგი

DVF-ის ნაქსოვი ჯერსის ე.წ. გადადებული კაბა, რომელიც სხეულს ეკვრის და ქამრით იკვრება პირველად 1974 წელს გამოჩნდა და მას მერე პოპულარობას არ კარგავს.  მის პოპულარიზაციაში, შანელის პატარა შავი კაბის მსგავსად, კვლავ დაიანა ვრილანდს მიუძღვის წვლილი. ასე, ერთი შეხედვით მარტივად და ერთი კაბით დაიწყო ისტორია, რომელიც დღეს გლობალურ ბრენდად იქცა.

 

 

 

 

 

 

შენ რას იტყვი?