Home Events

 “გრავიტაცია”

gravity

რეჟისორი: ალფონსო კუარონი
ავტორი: ალფონსო კუარონი, ჯონას კუარონი
როლებში: სანდრა ბულოკი, ჯორჯ კლუნი
ნომინაციები: საუკეთესო ფილმი, ქალის საუკეთესო მთავარი როლი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო ოპერატორი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მუსიკა, საუკეთესო მხატვრული ნამუშევარი…

გრავიტაცია არის ძალა, რომელიც დედამიწაზე გვაბრუნებს.
ფილმის დაწყებიდან ხუთ წუთში მივხვდი, რომ მთელი სიუჟეტი ღია კოსმოსში ვითარდებოდა და მოთმინება მოვიკრიბე, სულ ტყუილად. ფილმი ძალიან საინტერესო და ერთ ამოსუნთქვაზე სანახავია. ორსაათიან ქრონომეტრაჟს დაჩვეულს, საათნახევარი ცოტა მოკლეც კი მეჩვენა.
ეკიპაჟის სამი წევრი ტელესკოპის შესაკეთებლად ღია კოსმოსში გადის. ერთი მალე კვდება და რჩებიან ორნი, მეთ კოვალსკი (ჯორჯ კლუნი), გამოცდილი კოსმონავტი თავის უკანასკნელ დავალებაზე და გამოუცდელი ინჟინერი რაიან სტოუნი (სანდრა ბულოკი).
გამაოგნებელი გახმოვანების ფონზე, რომელშიც არ არის არც ერთი ზედმეტი ბგერა, კუარონის მიგნებაა სიჩუმე. წარმოიდგინეთ კოსმოსური ხომალდი შიგნიდან, დიალოგები, უკრავს მუსიკა, შემდეგ ღია კოსმოსში ლუქი იხსნება და უეცრად მკვეთრი სიჩუმე! ვირტუოზული 3D ეფექტები უფრო რეალისტურია ვიდრე ”ავატარსა” და ”პის ცხოვრებაში”.
ჯორჯი კლუნი სკაფანდრშიც არ კარგავს მომხიბვლევობას, ბულოკის თამაში კი გადაჭარბებულად მეჩვენა.
აუცილებლად ნახეთ ეს ფილმი დიდ ეკრანზე, კინოთეატრში!

“აგვისტო”

august_osage_county

რეჟისორი: ჯონ უეკსი
ავტორი: ტრეისი ლეტსი
როლებში: მერილ სტრიპი, ჯულია რობერტსი, იენ მაკგრეგორი, ბენედიკტ კამბერბაჩი…
ნომინაციები: ქალის საუკეთესო მთავარი როლი, ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი

ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია.
“აგვისტო” პულიტცერის ლაურატი პიესის მიხედვითაა გადაღებული. ფილმი აუცილებლად მოეწონება მერილ სტრიპისა და თეატრის მოყვარულებს.
აქტიურად მსმელი ასაკოვანი პოეტი ბევერლი უესტონი (სემ შეპარდი) უკვალოდ ქრება და ტოვებს სიმსივნით დაავადებულ, მუდმივად აბებით გაბრუებულ ცოლს, ვაიოლეტს (მერილ სტრიპს) სახლში, რომელშიც ჯოჯოხეთურად ცხელა. დედის მხარდასაჭერად შინ ზრდასრული ქალიშვილები (ჯულია რობერტსი, ჯულიანა ნიკოლსონი, ჯულიეტ ლუისი) და ნათესავები ჩამოდიან თავიანთი პრობლემებით და საიდუმლოებით.
პირაპირ ვიტყვი, რომ ფილმს ერთადერთი ღირსება აქვს – მსახიობები. დიდი ხანია ვიცით, რომ მერილ სტრიპმა თამაში იცის (იგი ოსკარის 15 ნომინაციით რეკორდსმენია), მხარს კი ისეთი კალიბრის მსახიობები უბამენ, როგორიცაა ჯულია რობერტსი, იენ მაკგრეგორი, მარგო მარტინდეილი, ბენედიკტ კამბერბაჩი, რომელიც წელს ორ ნომინანტ ფილმში თამაშობს და ფილმის აღმოჩენა ჯულიანა ნიკოლსონი. რეჟისორს ისღა დარჩენია გვერდზე გადგეს და შეეცადოს არაფერი გააფუჭოს. დანარჩენებს კი ერთადერთი ფრაზის გამო ვუწევთ რეკომენდაციას, რომლითაც ქალიშვილი (რობერტსი) მიმართავს დედას (სტრიპსს) სიტყვებით “ხეთქე თევზი, ძუკნა”.

შენ რას იტყვი?