EML-Georgia-Final-Poster1

IC Model Management-­ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look-ის შესარჩევი ტურების შესახებ აქტიურად გაწვდიდით ინფორმაციას.

5 ოქტომბერს Elite Model Look-ის  ფინალური შოუ გაიმართა, რომელსაც Pink.ge პარტნიორი კომპანიის სტატუსით დაესწრო.

ტელეკომპანია იმედის პავილიონში მოწყობილ გადასაღებ მოედანზე ჟიურისა და მონაწილეების გარდა, ბევრ ცნობილ სახეს შენიშნავდით: მარკუს მეტრეველი, ქეთი ორჯონიკიძე, მანიკა ასათიანი, თამთა შედანია და წინა წლების კონკურსების მონაწილე უამრავი ლამაზმანი.

შოუს უძღვებოდნენ რადიო ფორტუნას დიჯეი გიგა და „მის საქართველო 2011“ ჯანეტ ქერდიყოშვილი. ამ უკანასკნელს სამ ენაზე: ქართულად, რუსულად და ინგლისურად უწევდა ჟიურის წევრებისთვის საჭირო ინფორმაციის გაცნობა.

მუსიკალურად შოუ გააფორმა მარკუს მეტრეველმა, რომელმაც რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

სამწუხაროდ, დარბაზში ფოტოგადაღება შეზღუდული იყო. ამ ფაქტმა ხელი შეგვიშალა დაგვეფიქსირებინა რამდენიმე ექსტრავაგანტურად ჩაცმული სტუმარი, ჩვენი ფავორიტები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა.

რაც შეეხება მონაწილეებს, მათი შერჩევა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა. მათი მიმდინარეობის კალენდარს ჩვენი საშუალებითაც შეიტყობდით. კასტინგში მონაწილეობას იღებდნენ 14-­დან 22 წლამდე ასაკის გოგონები და 16-­დან 24 წლამდე ასაკის ვაჟები, რის შედეგადაც შეირჩა 20 გოგონა და 20 ვაჟი.

წინა წლების მსგავსად, ჟიურის უნდა დაესახელებინა გამარჯვებულები როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის წარმომადგენლებიდან. განსხვავებით სომხეთისგან, საქართველოში შესარჩევი კონკურსი ჩატარდა ვაჟებს შორისაც.

სომხეთის წარმომადგენლებიდან ფავორიტი თავიდანვე გამოიკვეთა – ანა გრიგორიანი და გამარჯვებულიც ის გახდა. სწორედ ანა წარადგენს სომხეთს ELITE MODEL LOOK­-ის მსოფლიო ფინალზე 27 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენზენში.

მონაწილეები ჟიურის წინაშე სამი ტიპის ჩაცმულობით: თავისუფალ, სპორტულ და კლასიკურ სამოსში წარდგნენ. სპორტულ ჩაცმულობაზე მაღაზია „სალერმა“ იზრუნა, ხოლო ბიჭების კლასიკური სტილი მაღაზია TOPSHOP-მა უზრუნველჰყო. გოგონების კლასიკური სტილი განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ მათ ავთანდილის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარმოადგინეს.

ფინალური სამეულების შერჩევის შემდეგ ჟიურის თავჯდომარე, ELITE MODEL LOOK­-ის ოფიციალური წარმომადგენელი ბრიტანეთიდან – მარტინა კობესოვა და ჟიურის წევრი, IC Model Management-ის ხელმძღვანელი – ია კიწმარიშვილი ერთად ავიდნენ სცენაზე გამარჯვებულების დასასახელებლად.

Elite Model Look-მა საქართველოში წინა წლებში (2007-2012) აღმოაჩინა: თამარ შედანია, ანნა კოვაჩი, მარიტა ჯანაშია, სოფო შერგელაშვილი, ნონიკო კახაძე და ლიკა მეტრეველი, რომლებიც უკვე წარმატებით მოღვაწეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე.

ბიჭებში გაიმარჯვა მიშა ტკაჩენკომ.

 

Pink.ge-ს ფავორიტი კი ზვიად გორგოძე იყო, რომელიც ყველაზე ფოტოგენურ მონაწილედ დასახელდა.

 

გოგონებში საქართველოს ELITE MODEL LOOK-­ის მსოფლიო ფინალზე წარმოადგენს ბათუმელი ანასტასია იგონინა, რომლის პოდიუმზე გამოჩენას ჟიურის წევრები თავიდანვე ოვაციებით ხვდებოდნენ.

 

Pink.ge ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებული სამოდელო კარიერას ვუსურვებთ ყველა მონაწილეს!