“ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს!” –  ამ განცხადებით facebook-ზე ღონისძიება გამოჩნდა, რომლის ორგანიზატორიც ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფია.

ღონისძიების კედელზე წერია:

“მოდით ყველა, ვინც თვლით, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი შედეგია საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული ისეთი მოვლენების, როგორებიცაა: ქალის სექსუალობის კონტროლი, სექსიზმი, ქალისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება, ორმაგი მორალური სტანდარტები, სექსის დემონიზაცია და სექსის ტაბუირება (ქალისთვის) და ა.შ., რაც თავისთავად იწვევს მახინჯი და ქალებისთვის სრულიად დამამცირებელი პრაქტიკების არსებობას საზოგადოებაში – ქალიშვილობის აღდგენა საქალწულე აპკის გაკერვით, ქალიშვილობის დამდგენი ექსპერტული ანალიზი და ა.შ.

მიგვაჩნია, რომ „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ კულტურის მავნე ტრადიციაა და „ქალწულობა“ არ შეიძლება რჩებოდეს 21-ე საუკუნეში ადამიანის ღირსების განმსაზღვრელ ინდიკატორად, რადგან ის პირდაპირ თავს ესხმის ქალის ფუნდამენტურ უფლებას – იყოს თავისუფალი საკუთარ არჩევანში.

ასევე, საგანგაშოა ფაქტი, რომ ამ მავნე ტრადიციის პრაქტიცირებას ხელს უწყობენ სახელწიფო ინსტიტუტები (ვგულისხმობთ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს”, რომელიც ქალიშვილობის დადგენის სერვისს სთავაზობს ყველა მსურველს), რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღდეგება საქართველოს კონსტიტუციას და გაცხადებულ გენდერულ პოლიტიკას.

შემოგვიერთდით, ერთად ვუთხრათ არა ღირსების შემლახავ და დამამცირებელ პრაქტიკას!”

აქცია თბილისში სამშაბათს, 30 ივლისს, საღამოს 7 საათზე,  ჭავჭავაძის გამზ. #84 (სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთან) გაიმართება.

დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.