Home Events

რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმი „მძევლები“ საბჭოთა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს,  „თვითმფრინავის ბიჭებისა“ და გოგოების ამბავს ასახავს.

1983 წელს განვითარდა მოვლენები, თვითმფრინავის გატაცების ამბავი, ერთი მხრივ „რკინის ფარდის“ მიღმა გაღწევის სურვილი, მეორე მხრივ კი ტერორისტული აქტი – შედეგად, სასამართო პროცესი, რომელიც საბჭოთა ქვეყნებისათვის „სამაგალითო“ უნდა ყოფილიყო. გიგინეიშვილმა, ლაშა ბუღაძის სცენარზე გადაღებულ ფილმში ასახა გამოუცდელი ახალგაზრდების მცდელობა გაეტაცებინათ თვითმფრინავი და საქართველოდან თურქეთში, შემდეგ კი ევროპაში გაეღწიათ. მათი წამოწყება წარუმატებელი, გაუთვლელი აღმოჩნდა და ტრაგიკულად დასრულდა.  მონაწილეების ნაწილი თვითმფრინავში დაიღუპა, ნაწილი კი სასამართლოს გადაწყვეტილებით დახვრიტეს.

გიგინეიშვილი-ბუღაძის დუეტი შეეცადა მათი აზრით მნიშვნელოვანი დეტალები და მცირე ნიუანსებიც კი აესახათ, რაც ადგილ-ადგილ ხელოვნურობისა და გადამეტების შტაბეჭდილებას ტოვებს. ფილმის დასაწყისშივე მეგობრებს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, მაყურებელი თვალს ადევნებს თითოეული პერსონაჟის ცხოვრებას თვითმფრინავის გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფილმის ფინალი კი 1991 წელს ვითარდება, როდესაც მშობლები უიმედოდ ეძებენ დახვრეტილი შვილების საფლავებს.

დღეს ახალგაზრდების უმრავლესობისთვის უცნობი ამბავი, 2001 წელს დათო ტურაშვილმა წიგნად – „ჯინსების თაობად“ აქცია, ხოლო დავით საყვარელიძემ წიგნი – სპექტაკლად. ამ ამბის გარშემო დადიოდა უამრავი ჭორი. გიგინეიშვილმა და ბუღაძემ საარქივო მასალა შეისწავლეს, „თვითმფრინავის ბიჭების“ ნათესავებისა და მეგობრებისგან მათი ვერსიები მოისმინეს, სინამდვილე ჭორებისგან გაცხრილეს, ყოველ შემთხვევაში შეეცადნენ და ფილმ-ქრონიკად აქციეს, რომელშიც არაა გამორჩეული რომელიმე კონკრეტული გმირი. ეს არის შვიდი ადამიანის, მათი ახლობლებისა და მთელი თაობის ამბავი, რომელთა ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალა.

„მძევლების“ რეალური პროტოტიპების სახელები შეცვლილია, თუმცა მათ მარტივად ამოვიცნობთ, სულ შვიდნი იქვნენ:  გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი. ყველა თბილისში ცნობილი ოჯახებიდან იყო. თვითმფრინავის გატაცებამდე ერთი დღით ადრე გეგა კობახიძე და თინა ფეტვიაშვილი დაქორწინდნენ. სასამართლოზე სასიკვდილო განაჩენი კიდევ ერთ ადამიანს, მღვდელ მამა თეოდორეს (მის როლს ილიკო სუხიშვილი ასრულებს) გამოუტანეს, რომელიც ახალგაზრდების ჯგუფის იდეოლოგიურ ლიდერად შერაცხეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ოპერატორის – ვლადისლავ ოპელიანცის და კოსტიუმების მხარტვრის – თინათინ კვინიკაძის არაჩვეულებრივი ნამუშევარი, რომელმაც 1000-ზე მეტი კოსტიუმი თითოეულ მსახიობს თითქმის იდეალურად მოარგო. სხვა ასეთი შემთხვევას თანამედროვე ქართული კინოშის ისტორიაში ვერ გავიხსენებ.

აი, სამსახიობო ნაკრები კი საგანგებოდ უნდა აღინიშნოს. პროფესიონალების – მიშა გომიაშვილისა და ავთო მახარაძის გვერდით ახალგაზრდების გუნდია, სახელები, რომლებიც უნდა დავიმახსოვროთ: ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ბექა ლემონჯავა, კოტე გუნია და მაყურებლებისთვის კარგად ცნობილი თინა დალაქიშვილი და ვახო ჩაჩანიძე.

გეგა კობახიძის მამის როლს მერაბ ნინიძე ასრულებს, რომელიც „თვითმფრინავის ბიჭების“ თანატოლი იყო. ცნობილია, რომ თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“ თავდაპირველად გეგა კობახიძე თამაშობდა.  ტრაგედიის შემდეგ გეგას კადრები ამოჭრეს და მერაბ ნინიძით ჩაანაცვლეს.

რეზო გიგინეიშვილის თქმით, მისი ფილმი არაა მორალისტური კინო, იგი შეეცადა არ დამდგარიყო რომელიმე მხარეს, თუმცა თინა დალაქიშვილის პერსონაჟი სასამართლოზე ამბობს საკვანძო ფრაზას – არანაირი თავისუფლება არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ.

ახლა, როცა მსოფლიო გლობალური ტერორიზმის, გაძლიერებული თვალთვალის, კონტროლისა და საზღვრების ჩაკეტვის რეალური საფრთხის წინაშე დგას, არ არის საუბარი ფილმის ავკარგიანობაზე. რა თქმა უნდა, შენიშვნები და კომენტარები იქნება, თუმცა „მძევლები“ არის სანახავი ფილმი, რადგან მიუხედავად ნანატრი ვიზალიბერალიზაციისა, ისტორიის განმეორების საფრთხე მუდამ არსებობს.

შენ რას იტყვი?