Home სახლი

გიყვარს გემრიელი და ლამაზად გაფორმებული  სასუსნავები, მაგრამ მათი მომზადება დიდად არ გამოგდის? გაგიმართლა, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრილხარ!

მინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილო: რთული არაფერი არსებობს!

დიახ, უბრალოდ არის რაღაცები, რისი გაკეთებაც არ ვიცით, ან ოდესღაც ცუდად აგვიხსნეს და არც დამახსოვრებაზე შეგვიწუხებია თავი. თუმცა ამას ეშველება: მთავარი კი ამ საქმეში შენი მონდომება და ჩემი მარტივი რჩევებია.

მაშ ასე, დღეიდან ახალ კურს-პროექტს, თამრის 50 მარტივ რეცეპტს ვიწყებთ, რომლის დასრულების შემდეგაც ჩემსა და შენს კულინარიულ შესაძლებლობებს ვერც დედამთილი დაჰყეფს და ვერც ძაღლი. არადა, რთულს არაფერს გავაკეთებთ; ისევ და ისევ ქალურ მომხიბვლელობასა და მოხერხებულობას გამოვიჩენთ და მოვამზადებთ სწრაფად, მარტივად, ხარისხიანად და რაც მთავარია, ლამაზად.

ძალიან გაგვიხარდება, თუკი შენს მომზადებულ სასუსნავს ფოტოსაც გადაუღებ ხოლმე და გაგვიზიარებ ჩვენს Facebook-ის გვერდზე.

ჰო. აქვე მინდა, დასაწყისიდან სამ წესზე შეგითანხმდე, რომელიც ჩემს ბლოგ-სამზარეულოში მოქმედებს:

  1. რეცეპტში წარმოდგენილი ყველა ინგრედიენტი შეიძლება ჩანაცვლდეს შენთვის სასურველით!

  2. შეეჩვიე, მოერგო სიტუაციას და გამოიყენო ის პროდუქტი, რაც გაქვს.

  3. გამოიჩინე ინიციატივა, მოამზადე სიყვარულით და დამიჯერე, ყველაფერი გამოვა!

ბევრი ვიფიქრე დღევანდელ თემაზე და ბოლოს დაბრაწული, ლამაზი და ძალიანაც გემრიელი ვაშლის სახელდახელო ნამცხვარი შეგირჩიე, რომელიც დასრულებული სახით გამოიყურება აი ასე:

612f60b4-0256-4be2-a7bc-b0de67c8c103

12 ულუფისთვის დაგჭირდება:

გულში:

  • 3 ცალი მოზრდილი ვაშლი.
  • 3 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი.
  • დარიჩინი და 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.

ჩვეულებრივ დაჭერი ვაშლი, მოაყარე დარიჩინი, მოასხი ლიმნის წვენი და შედგი ქურაში 15 წუთით.

ცომისთვის:

ade5e749-e784-42f7-a86f-62432b44fadc
თუ ცომის მოზელა გეზარება, ჩვეულებრივი პურის ცომიც გამოდგება, რომელსაც ნებისმიერ თონეში იყიდი გუნდად. თუ ყოჩაღი გოგო ხარ, ქვემოთ მოყვანილი ინგრედიენტები გამოიყენე:

  • 2,5 ჭიქა პურის ფქვილი.
  • 1/4 ჭიქა შაქრის  პუდრი.
  • 1 სუფრის კოვზი მყისიერი საფუარი.
  • 3/4 ჩაის კოვზი მარილი.
  • 1 ჭიქა თბილი წყალი.
  • 2 ჩაის კოვზზე ცოტა მეტი მცენარეული ზეთი.

ცომის პატარა გუნდები სასურველი ზომის მართკუთხედებად გააბრტყელე, დაუჭერი გვერდები, როგორც სურათზეა, მოათავსე შიგნით ქურიდან გამოღებული ჩვენი  ვაშლის შიგთავსი და გადაუკეცე ნაჭრები.

მინანქრისთვის:

fbdd82b0-ad5a-4096-9b87-014c8d6ef430

  • 1/3 ჭიქა შაქრის პუდრი.
  • 2 ჩაის კოვზი ნაღები.
  • ვანილი.
  • მწიკვი მარილი და მუსკატის კაკალი (თუ არ გაქვს, არა უშავს, შემდეგისთვის გაითვალისწინე).
  • თუმცა ამ ყველაფრის ნაცვლად შეგიძლია, გამოყენო ჩვეულებრივი ტკბილი სიროფი, რომელსაც გამოცხობამდე გადაუსვამ შენს ვაშლიან პურს ან შაქრის პუდრი, რომელსაც გამოცხობის მერე მოაყრი ნამცხვარს.

ეს ინგრედიენტები აურიე ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გამოცხობას დაახლოებით 25 წუთი ესაჭიროება. იქამდე შეგიძლია აცხო, სანამ შენთვის სასურველ ოქროსფერს არ მიიღებს. ღუმელიდან გამოღების შემდეგ წაუსვი მინანქარი, ან პუდრი დააყარე, რამდენიმე წუთით გააგრილე და შეგიძლია, მიირთვა.

3546d28a-c4bf-428f-a275-5ec1b3e25516

თუ მოამზადებ, ფოტოს გამოგზავნა არ დაგავიწყდეს.

4 კომენტარი to this post
  1. ძალიან ცუდი ცომია :( პურის ცომთან შედარებით, ბევრად მარტივი ცომის რეცეპტები არსებობს, თან უფრო გემრიელი:)

შენ რას იტყვი?