Home სახლი

კულინარიაში დიდი დივა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მეც მაქვს ჩემი პატარა საიდუმლო რეცეპტები, რომლებიც ისე კარგად გამომდის, რომ სავიზიტო ბარათადაც მექცა. სწორედ ასეთია თამრის ცნობილი კექსი, რომელსაც ჩემი მეგობრები უკვე ახლოს იცნობენ. დროა, თქვენც გაიცნოთ!

შოკოლადიანი კექსი
ამ კექსის მომხიბვლელობა იმაშია, რომ ერთი და იგივე მასალით და მხოლოდ 1 ინგრედიენტის შეცვლით ყოველ გამოცხობაზე ახალი ნამცხვარი გაქვთ და კარგი გოგოც ხართ. ეს რეცეპტი ჩემი მეგობრის, ნინისგან ვისწავლე. დიდი მადლობა მას. ჰო, კექსი სამარხვო გახლავთ :)

რა დაგვჭირდება:

მაშ ასე, აუცილებლად საჭირო ინგრედიენტები:

  • 10 სუფრის კოვზი შაქარი;
  • 10 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი;
  • 10 სუფრის კოვზი ნებისმიერი ჯემი ან მურაბა (რა თქმა უნდა, უკურკო);
  • ნახევარი ლიტრი წყალი;
  • ფქვილი, რამდენსაც შეიზელს (დაახლოებით 4 ჭიქა);
  • 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით (ეს არ დაგავიწყდეთ, თორემ კექსი არ ამოვა);
  • ვანილი;

შესაძლო ინგრედიენტები:

  • დარიჩინი, მუსკატის კაკალი , თხილი, ნიგოზი, ლიმონის და ფორთოხლის ცედრა, ქიშმიში და ცუკატები გემოვნებით.
  • შოკოლადი ან Nutella.

როგორ მოვამზადოთ ცომი:

ჩაყარეთ ჯამში შაქარი, დაუმატეთ სასურველი მურაბა ან ჯემი, წყალი, ზეთი და დაიწყეთ მორევა. აქვე, ცაკლე პატარა ფინჯანში 1 ჩაის კოვზ სოდას დაუმატეთ იმდენი ძმარი ან ლიმონის წვენი, რომ ფხვნილი კარგად გახსნას და შემდეგ დაამატეთ დანარჩენ მასას. ყველაფერი კარგად აურიეთ. აქვე დაუმატეთ ვანილიც.

მე ამ ეტაპზე ცომში დარიჩინს, ცოტა ნიგვზეულს და ცედრებსაც ვუმატებ ხოლმე. კექსს ეს ინგრედიენტები ძალიან უხდება: არაჩვეულებრივ არომატს და გემოს აძლევს, თუმცა აუცილებელი არ გახლავთ. შეგიძლიათ, მზა ცედრა დაუმატოთ, ან სწრაფად დაამზადოთ: საფცქვნელით თხლად გაფცქვენით ლიმონი ან  ფორთოხალი, პატარა ნაჭრებად დაჭერით და ცომში დაამატეთ. მეოთხედი ლიმნის კანი სრულიად საკმარისია.

როცა ყველა ინგრედიენტს ჩავამატებთ ცომში, ვიწყებთ ფქვილის დამატებას. დაამატეთ ნელ-ნელა, თითო ჭიქად და თან ურიეთ, რომ ფქვილის გაუხსნელი კოლტები არ დაგრჩეთ. საბოლოო ჯამში უნდა მიიღოთ სქელი, არაჟნის კონსისტენციის მასა, რომელიც უვე მზადაა გამოსაცხობად. სხვათა შორის, თუ კიდევ გააგრძელებთ ფქვილის დამატებას, სქელ ცომს მიიღებთ, რომლისგანაც მშვენიერი ორცხობილები გამოდის.

როგორ გამოვაცხოთ:

ვრთავთ ქურას 250 ან 300 გრადუსზე და ვაცხელებთ ფორმასთან ერთად. როცა ფორმა კარგად გაცხელდება, გამოიღეთ და ჩაასხით ცომი. გაითვალისწინეთ, რომ ცომი ფორმის 1/3-ს ან ნახევარს უნდა ავსებდეს, რადგან მასა ცხობის პროცესში საკმაოდ იზრდება. მოკლედ, ვასხამთ ცომს ფორმაში, ქურას 200 გრადუსზე ვაყენებთ და ვიწყებთ ცხობას. ვინიშნავთ დროს. 20 ან 25 წუთში შეგიძლიათ ტემპერატურა 250 გრადუსამდე გაზარდოთ. ჯამში მე და ჩემს ქურას 50 წუთი გვჭირდება.

თუმცა ყველაფერს აქვს პატარა ნიუანსები. მე, მაგალითად, ჩემს ქურას ბოლომდე არ ვენდობი და 5 წუთში ერთხელ კექსს ვატრიალებ ხოლმე, რომ რომელიმე მხარე ზედმეტად არ დაიბრაწოს. როცა ზედაპირი შებრაწვას დაიწყებს, ქურის ზედა ნაწილს ვთიშავ, რომ კექსმა შიგნიდან და ძირზე გამოშრობა მოასწროს. ბოლო 10 წუთს კი პირიქით, ქვედას ვთიშავ და ზედას ვრთავ, რომ ზედაპირი კარგად გამოცხვეს და ძირი არ დაეწვას.

როცა კექსი კარგად გამოშრება, გამოაბრძანეთ ქურიდან და თეფშზე მოათავსეთ. შეგიძლიათ, პუდრი მოაყაროთ ან შოკოლადის მინანქარიც მოასხათ. სიმართლე გითხრათ, ეს კექსი მათ გარეშეც მშვენიერი გამოდის.

აი, ეს კი კექსის და Nutella-ს ერთობლივი გამოყენების უგემრიელესი იდეა გახლავთ:

მნიამ :3

გაითვალისწინეთ:

  • ყველა კექსის ფორმა სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მასალისაა. მაგალითად, ჩემს ფორმაში ეს მასა მთლიანად არ ეტევა, ამიტომაც ვამცირებ ხოლმე: ინგრედიენტებს 8 კოვზს ვუმატებ 10-ის ნაცვლად და წყალსაც უფრო ცოტას ვასხამ (- 2 კოვზზე 100 მლ-ით ნაკლებს). ამის მიხედვით რეცეპტში თქვენც შეგიძლიათ შეამციროთ ინგრედიენტების რაოდენობა.
  • ჩემი ფორმა იკრავს, ამიტომაც შიგნიდან ჯერ ზეთს ვუსვამ კარგად და მერე ფქვილსაც ვაყრი. თუ კექსის ფორმა საერთოდ არ გაქვთ, ეს მასა ჩვეულებრივ ჟარონაზეც მშვენივრად ცხვება.
  • რაც შეეხება ჯემებს და მურაბებს: ეცადეთ, უფრო ტკბილი აარჩიოთ. თუ ჯემი ძალიან ტკბილია, შეგიძლიათ შაქარი 1 კოვზით შეამციროთ, რომ კექსი ძალიან არ დატკბეს. მე ნაცადი მაქვს კომშის, მსხლის, ვაშლის ჯემები და ბლის და ქლიავის მურაბა. ყველა ძალიან კარგია. ბოლოს ქლიავის ჯემითაც ვცადე, მაგრამ საკმარისად ტკბილი არ იყო და კექსს, შესაბამისად, სიტკბოც აკლდა.
  • ქიშმიშს ერთი მავნე ჩვევა აქვს, თუ ცომში პირდაპირ ჩაყრი კეთების დროს, ერთად მოგროვდება სადმე და მერე კექსის ზოგიერთ ნაჭერში სულ აღარ შეგხვდება, ზოგან კი ძალიან ბევრი იქნება. ამიტომ მის ჩაყრას თუ დააპირებთ, აჯობებს ფორმაში ჩასხმის დროს ფენა-ფენად ჩაყაროთ. უკეთესია, თუ ქიშმიშები ზედაპირზე არ იქნება თავმოყრილი, რადგან ასე მალე დაიწვება.
  • შეგიძლიათ, ცომში შოკოლადის ნამტვრევები ჩააყოლოთ, ძალიან უხდება.
  • რაც შეეხება ცოცხალ ხილს: მე ვაშლს ვიყენებ ხოლმე დეკორატიული მიზნით: ზემოდან ვალაგებ ლამაზად (იხ. ფოტოები). შიგნითაც შეიძლება კენკრაც დაამატოთ. ჰო, ფორთოხლის რბილობი არ დაამატოთ, კექსს ამწარებს.

ესეც ჩემი დამზადებული რამდენიმე კექსი. ფოტოების ხარისხი არ გაგიკვირდეთ:

P.S: როგორც ჩანს, ჩემმა ახალმა რუბრიკამ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. წინა რეცეპტის მიხედვით მკითხველებისგან 2 ფოტოც მივიღეთ და გიზიარებთ. დიდი მადლობა გოგონებო. აუცილებლად ველოდები შენს ფოტოებსაც PINK.ge-ს facebook-ის გვერდზე!

18 კომენტარი to this post
    • 8 კოვზიან პორციას ვაკეტებ და რამდენი ჭიქა წყაილ დასჭირდება ხომ ვერ მეტყვით?
      მადლობა

  1. გავაკეთე რამდენჯერმე და შიგნით თითქოს გამოსაშუშებელი და ცოტა სველივით რჩება და ესე უნდა იყოს თუ მე ვუშვებ რამე შეცდომას ? მადლობა

  2. ისე საყვარლად წერია რეცეპტი წაკითხვითაც კი სიამოვნება მივიღე. დღესვე გამოვაცხობ :-)

  3. დაწერას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს. მე აქტიური მცხობელი ვარ და გაოცებას ვერ ვფარავ, როცა არასწორ რეცეპტებს ვკითხულობ. რა საჭიროა ვერ ვხვდები ადამიანის შეცდომაში შეყვანა, მითუფრო, თუ ახალბედაა და ვერ ერკვევა ცოდვაა რომ გაუფუჭდეს ნაშრომი. ეს რეხეპტი იმდენად სწორად და ნაბიჯ-ნაბიჯ წერია, მოზრდილი ასაკის გოგონაც კი შეძლებს დამოუკიდებლად მის მომზადებას. წარმატებები ყველას კონდიტერულ საქმიანობაში, რდგან შედეგები ძალიან სასიამოვნოა.

    • ძალიან გვიან მომივიდა ამ კომენტარის ნახვა, მაგრამ დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონათ!

  4. წყალი რომ მაწვნით ან რძით შევცვალოთ და ზეთი კარაქით.? რა გამოვა ნეტავ? ხო სამარხვო აღარ გამოვა .სხვა? იქნებ სხვა კექსი დაწეროთ რა.არ მიყვარს ზეთით დამზადებული

    • ზეთი კარაქით და მარგარინით შემიცვლია, უკეთესიც კი გამოდის, რძეზე და მაწონზე პირადი გამოცდილებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ წესით უფრო ფუმფულა ცომი უნდა მოიზილოს. თუ ცდით, აუცილებლად გაგვიზიარეთ შედეგი ^_^

შენ რას იტყვი?