Home სახლი

მე ის გოგო ვარ, კვებასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას მარტივად რომ აგვარებს.

  • როცა არ იცი რისი ჭამა გინდა – შეწვი კარტოფილი;
  • როცა რამე გემრიელი გინდა – შეწვი კარტოფილი;
  • როცა ძალიან გშია – შეწვი კარტოფილი;
  • როცა არ იცი რა გააკეთო – შეწვი კარტოფილი;
  • როცა მაცივარში არაფერია – შეწვი კარტოფილი;
  • როცა გირეკავენ “მოვდივართ და რამე დაგვახვედრე” – შეწვი კარტოფილი;
  • როცა საჭმლისთვის ბევრი ფული არ გაქვს – იყიდე და შეწვი კარტოფილი.

სამზარეულოში მორიგი “ფუსფუსის” შემდეგ, სანამ ცხელი ზეთით სავსე ტაფაზე საგულდაგულოდ, თხლად დაჭრილ კარტოფილს დავყრიდი, ტაფის სახელურზე მოულოდნელად ხელი მომიხვდა და დიდი რაოდენობის ცხელი ზეთი ფეხზე გადამესხა.

ვინაიდან სახლში დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებებიდან არაფერი მქონდა, ბებიის ნასწავლები მეთოდი გამოვცადე: თხლად დათლილი კარტოფილი ნაწილ-ნაწილ დავიფინე ფეხზე. წვის შეგრძნება და სიწითლე მალევე ჩამიცხრა. აფთიაქში მიმავალს კი დამწვარ ფეხზე მეტად, შიმშილი მაწუხებდა.

კარტოფილის ხშირი მიღება კუჭისთვის არცთუ სასარგებლოა, მაგრამ მისი ნიღაბი კანს საოცარ სინაზეს და ელასტიურობას სძენს. 2-3 კარტოფილი გახეხე, დაუმატე სიმინდის ფქვილი იმდენი, რომ ფაფისებრი მასა მიიღო. ნიღაბი თანაბრად გაანაწილე სახეზე, ყელზე და მკერდის არეში. გაიჩერე 20 წუთით, ჩამოიბანე დიდი რაოდენობით თბილი ან მინერალური წყლით. ფაფისებრ მასაში ცოტაოდენი რძის დამატებაც შეიძლება.

მარტო ცხოვრებამ ბევრ რამეს მიმაჩვია, მათ შორის უთოობასაც. ზედიზედ დამწვარი სამი პერანგის შემდეგ, ახალ პერანგთან ერთად ახალი უთოს ყიდვასაც ვაპირებდი, რადგან ძველის ზედაპირი საშინლად გაშავებული იყო. გასაჭირი მეგობარს გავუზიარე, რომელმაც დამამშვიდა და რჩევა მომცა.

თაბახის ფურცელზე ან ძველ გაზეთზე თხლად დაყრილ მარილს თუ უთოს რამდენჯერმე გადაუსვამ, თითქოს საოცნებო კაბას აუთოებდე, დამწვარი ზედაპირი ნელ-ნელა დაიბრუნებს თავდაპირველ სახეს. მარილი გამოუსადეგარი და შავი გახდება, მაგრამ დამიჯერე, 200 გრამამდე მარილი უფრო იაფია, ვიდრე ახალი უთო.

პ.ს. არ გადაღვარო ბოთლის ძირზე დარჩენილი ღვინო. ის რამდენიმე დღეში ძმრად იქცევა, რომელსაც თუ სალათისთვის არ გამოიყენებ, წყალში გაურევ და მინას “მისტერ მუსკულზე” ეფექტურად აპრიალებს.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?