Home სახლი

საიუველირო ნაკეთობებსაც,  ისევე, როგორც ყველა ნივთს,  სათუთი მოვლა სჭირდება. საიუველირო საგნების ძირითად “სნეულებად” ითვლება ბრწყინვალების დაკარგვა, ნაკაწრები, მექანიკური დაზიანებები და დეფექტები. სერიოზული დეფექტების აღმოფხვრა მხოლოდ კვალიფიციურ იუველირს თუ ხელეწიფება, ამიტომ სჯობს, უსიამოვნო სურპრიზების თავიდან აცილებაზე წინასწარ ვიზრუნოთ.

მოიხსენით სამკაული

სამკაულები მოიხსენით, თუ საოჯახო საქმე გაქვთ გასაკეთებელი ან რომელიმე კოსმეტიკური საშუალების (კრემის, ლოსიონის) გამოყენებას აპირებთ. კოსმეტიკა შეიძლება შეიცავდეს ნივთიერებებს, რომლებიც არასასურველ ზემოქმედებას ახდენს ძვირფას ლითონზე. მაგალითად, საცხებს, რომლებიც ვერცხლისწყლისა და მარილების საფუძველზეა დამზადებული, შეუძლია, არა მარტო ფერი უცვალოს ოქროს სამკაულს, არამედ ნაწილობრივ დაშალოს კიდეც ნაკეთობა.

სარეცხი საშუალება

თუ სამკაული მეტისმეტად გაჭუჭყიანდა, წყალში ჭურჭლის სარეცხი საშუალება გახსენით და სამკაული მასში მოათავსეთ. ამ ხსნარში ნაკეთობის დატოვება რამდენიმე საათის განმავლობაში  შეგიძლიათ. კარგი იქნება, თუ დროდადრო ჭურჭელს შეანჯღრევთ.

ხახვის წვენი

თუ ოქროს ან მოოქრული ნაკეთობა დროთა განმავლობაში გამუქდა, ჩვეულებრივი ხახვის წვენით გაწმინდეთ და 1,5-2 საათს ასე დატოვეთ. შემდეგ ამოავლეთ საპნიან წყალში, გაავლეთ სუფთა წყალში და გააპრიალეთ.

ნიშადურის სპირტი

სამკაულისთვის ბრწყინვალების დაბრუნება შეიძლება სხვა მეთოდითაც: ოქროს ნივთი გარეცხეთ საპნიან წყალში, რომელსაც დამატებული აქვს ნიშადურის სპირტი (1/2 ჩაის კოვზი 1 ჩაის ჭიქა წყალზე). შემდეგ გაავლეთ სუფთა წყალში და გააშრეთ.

საპნიანი წყალი

თუ ნაკეთობა თვლებით არის შემკული, მაშინ პროპორცია ასეთია: 6 წვეთი ნიშადურის სპირტი 1 ჩაის ჭიქა წყალზე. ძეწკვი შეიძლება ჩააგდოთ საპნიან წყლიან ბოთლში და მანამდე ანჯღრიოთ, ვიდრე არ გასუფთავდება, შემდეგ დადოთ პირსახოცზე და გააშროთ.

გლიცერინი

ყველაზე მეტი მტვერი, როგორც წესი, ქვის ქვეშ გროვდება. აიღეთ ბამბა, დაახვიეთ ჩხირზე, დაასველეთ ოდეკოლონში ან გლიცერინში (შეიძლება აგრეთვე მაგნეზიისა და ნიშადურის სპირტის ნარევის გამოყენება), ქვა და მისი ბუდე ფრთხილად გაწმინდეთ. შემდეგ ნაკეთობა ფლანელის ან ნატის ნაჭრით გააპრიალეთ. არავითარ შემთხვევაში არ გაწმინდოთ ბუდე წვეტიანი და მჭრელი საგნით – ასე ქვას დააზიანებთ.

3 კომენტარი to this post
  1. ალბათ გასაკვირია, მაგრამ ვერცხლის ნაკეთობები ელვარებას იბრუნებს თუ კარტოფილის მონახარშ თბილ წყალში გავაჩერებთ 15-20 წუთით და მერე რბილი ნაჭრით გავამშრალებთ. გაითვალისწინეთ ეს უთვლო ნაკეთობებს ეხებათ ანუ რაიმე ქვა რომ არ აქვთ.

შენ რას იტყვი?