Home სახლი

ჩვენი მკითხველის თხოვნით ამ სტატიაში შემოგთავაზებთ აქტივობების ჩამონათვალს , რომლებიც გამოგადგებათ მეგობრების წრეში დროის მხიარულად გასატარებლად.

ყველამ ვიცით, რომ ძალიან მოსაბეზრებელია ყოველ ახალ წელს ერთი და იგივე – შეხვედრა სახლში (ვინმესთან ან ოჯახში), დალევა (სახლში ან რესტორანში), ცოტა ცეკვა და დილით აუტანელი ბახუსი.

მგონი ღირს ამ თანმიმდევრობის  ცოტათი გადახალისება, შემდეგი გართობებით:

ახალი წელი

ბრმა ვაშლი

თოკზე მოაბით ვაშლი (ან ნებისმიერი ყუნწიანი ხილი), ჩამოკიდეთ ის ჭაღზე ან უბრალოდ ოთახის ცენტრალურ ადგილას ჭერზე, შემდეგ კი კენჭისყრით აირჩიეთ პირველი მონაწილე. აუხვიეთ თვალები და მიეცით მაკრატელი. მონაწილემ უნდა გაჭრას თოკი ისე რომ ვაშლი ჩამოვარდეს , მაგრამ ამავე დროს არ აქვს მეორე (თავისუფალი ) ხელის გამოყენების უფლება – ვაშლის ან თოკის დასაჭერად/გასაჩერებლად.

დავალების გასართულებლად, მონაწილის თვალების ახვევის შემდეგ , თოკზე ჩამობმული ხილი ოდნავ გააქანეთ.

მთვრალი ესტაფეტა

გრძელი ოთახის ან დერეფნის ერთ ბოლოში დადგით ორი ტაბურეტი, ზედ მოათავსეთ ერთი ბოთლი (ნებისმიერი ) სასმელი და ჭიქა. მეგობრები გაყავით მონაწილეების ზუსტი რაოდენობის მქონე ორ გუნდად (სასურველია კენტი რაოდენობის მონაწილეები გუნდებში). შემდეგ კი მწკრივებად დალაგებულ გუნდებს შორის ასეთი თანმიმდევრობით მიდის თამაში:

-პირველი მონაწილეები მირბიან ტაბურეტთან, ასხამენ სასმელს ჭიქაში (უნდა ეცადონ, რომ არ დაიღვაროს არც ერთი წვეთი), შემდეგ გამორბიან და დგებიან საკუთარი გუნდის მწკრივის ბოლოში.

-შემდეგი მონაწილეები მირბიან და სვამენ მათი გუნდელის მიერ დასხმულ სასმელს, მორბიან და დგებიან საკუთარი მწკრივის ბოლოში.

-შემდეგი მონაწილეები ისე ასხამენ და ასე – მანამ სანამ არ დაცარიელდება რომელიმე ბოთლი. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც პირველი გამოცლის სასმელს, ყველაზე ნაკლებს დაღვრის და ყველაზე მეტი მონაწილე ეყოლება ფხიზელი (ნუ ან ფეხზე მდგომი მაინც)

ნახე რა არის ქუდში

პატარა ქაღალდებზე დაწერეთ სხვადასხვა სიტყვები (გნებავთ თემატურად, გნებავთ შემთხვევითად). მაგალითად : ფიფქი, კანფეტი, თოვლი, ზამთარი და ა.შ

შემდეგ თითოეული მონაწილე იღებს ქაღალდს და ასრულებს სიმღერას (ან ამბობს ლექსს) რომელშიც ურევია მის ფურცელზე დატანილი სიტყვა.

მფრინავი ფული

გაყავით მეგობრები სამ კაციან გუნდებად, მოიმარჯვეთ რაც შეიძლება ტკიცინა ფულები (ნებისმიერი კუპიურა). დააწყვეთ ისინი გუნდების წინ იატაკზე.

თამაშის მიმდინარეობა შემდეგია:

-გუნდიდან ყველა მოთამაშემ თითო თითოჯერ უნდა შეუბეროს ფულს და ეცადოს გადააფრინოს ის რაც შეიძება შორს.

-ყოველი მონაწილე აგრძელებს იმ ადგილიდან სადაც მისი გუნდელის შებერვის შემდეგ დაეცა კუპიურა.

-სამჯერ შებერვის შედეგად ვისი კუპიურაც უფრო შორს აღმოჩნდება საწყისი წერტილიდან ის იმარჯვებს.

ბრმა ვაშლი

ჩაიცვი როგორც შეძლებ

ამ თამაშისათვის დაგჭირდებათ სხვადასხვა ზომის ტანსცმელი (ჯემპრები, შარვლები, კაბები, მაისურები, ტრუსები, ქუდები და სხვა) ანაწილებთ ამ ტანსაცმელს პატარა გორებად. შემდეგ ყველა სტუმარი წყვილდება (უკეთესია თუ მდედრობითი და მამრობითი შერეული წყვილები იქნება). ყველა მოთამაშეს უნდა აუხვიოთ თვალები და სამამდე დათვლის შემდეგ მათ უნდა მოასწრონ რაც შეიძება მეტი რამის მორგება და ჩაცმა (ამასთანავე სწორად და სრულყოფილად) დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში.

დროის ამოწურვის შემდეგ ყველა ახელს თვალს, იწყებენ თანმიმდევრობით გახდას და ამ ტანსაცმლის დათვლას. იმარჯვებს ის წყვილი, რომელიც ჯამში ყველაზე მეტ ტანსაცმელს მოირგებს ტანზე.

– ამ თამაშს სერიოზული ეფექტი აქვს თვალების ახელვის შემდეგ, სიცილის ტალღა შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს.

შარვალში მაქვს

ამ თამაშისათვის მოგიწევთ სხვადასხვა საგაზეთო და საჟურნალო სტატიებიდან  ფრაზებისა და სიტყვების ამოჭრა, შემდეგ ეს ამონაჭრები მოათავსეთ ყუთში ან ქუდში. მონაწილეები მორიგეობით იღებენ ქაღალდებს და იწყებენ ტექსტით: ”მე შარვალში მაქვს/მყავს ”… და შემდეგ ამბობენ იმას, რაც წერია მათ ქაღალდზე. თამაშში საკმაოდ პიკანტური და სასაცილო ფრაზები გამოვა, იმის მიხედვით თუ რამდენად კარგად შეარჩევთ ამოჭრისას სიტყვებსა და ფრაზებს.

ვინ იცის ანბანი კარგად

თამაშის მიმდინარეობისას შემთხვევითად ასახელებთ ანბანის რომელიმე ასოს, შემდეგ კი ნებისმიერი მეთოდით (სახელის ამოღება ქუდიდან, ან წრეზე მოძრაობის პრინციპით) ირჩევთ მოთამაშეს. მოთამაშემ უნდა მოიფიქროს საახალწლო მილოცვისათვის ერთი ფრაზა რომელიც დაიწყება ანბანის ამ ასოზე . მაგალითად – ო ”ორიათას თორმეტ წელს გილოცავ” ან ვ ”ვაიმე, მრავალ ახალ წელს დაესწარი”. მონაწილეების ფანტაზიის შესაბამისად თქვენ მიიღებთ სხვადასხვა სასაცილო ფრაზების მთელ კასკადს.

მეგობრები

ბედნიერ დღესასწაულებს გისურვებთ!

ავტორი
Mariam Blanc
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
9 კომენტარი to this post
  1. ძალიან სახალისო და საინტერესოა, ასეთი პრაქტიკული პოსტები მიყვარს…მადლობა.

  2. ჩაცმაზე მართლა სახალისო იქნება და შარვალიც, მაგრამ ჩემთან ჭიქებს ვერ დავადებინებ, ხომ ვიცი :(

შენ რას იტყვი?