Home სახლი

ქმარს ქორწინების პირველივე ღამეს გავუმხილე ჩემი ყველაზე საშინელი საიდუმლო: საჭმელების გაკეთება არ ვიცი-მეთქი… მან, წარმოშობით ქართველმა და მოწოდებით გურმანმა, დიდსულოვნად შემინდო ცოდვა და, გულის მოსაფხანად, ყველაფერი სიდედრს დააბრალა – მისი აზრით, ზომაზე მეტად რომ მანებივრებდა და საოჯახო საქმეებს ორპირი ქარივით მარიდებდა.

არადა, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე… უბრალოდ, გათხოვებამდე ქურასთან ფუსფუსის კი არა, ჭამის მოთხოვნილებასაც ვერ ვაცნობიერებდი. დედაჩემსაც რა ექნა: ხანგრძლივი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ოღონდ კი საჭმელად შევსულიყავი სამზარეულოში და სხვა დანარჩენზე ხმას როგორღა ამოიღებდა. თუმცა დროდადრო, ჩემს მომავალ ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ, შიშნარევ ვარაუდს – ქმარი მეორე დღესვე გამოგაგდებსო – საკმაოდ მოურიდებლად გამოთქვამდა ხოლმე.

მგონი, მართლა ვიძლეოდი წუხილის საბაბს.

ერთხელ (უკვე გარდატეხის ასაკგამოვლილი ვიქნებოდი), საუზმის გაკეთება ვერ მოასწრო და წერილი დამიტოვა, იქნებ რამენაირად ერბო-კვერცხი შეიწვაო, პოსტ სკრიპტუმში კი მისი მომზადების დეტალური აღწერა მოაყოლა. ამას მე მთლად იდიოტი ვგონივარ-მეთქი, – თავი თმის ძირებამდე შეურაცხყოფილად ვიგრძენი, წერილი სანაგვეში მოვისროლე და, შელახული ღირსების აღსადგენად, საუზმის მომზადებას შევები.

ვერ მოგატყუებ… ყველაფერი კარგად ჩაივლიდა: ტაფაზე ცხიმის დასხმა რომ არ დამვიწყებოდა, ხელი არ დამეწვა, კვერცხის ათქვეფისას ჯამი არ გამეტეხა და მეორე, უფრო წარმატებულ, ცდაზე მარილის არსებობა გამხსენებოდა.

არა, ნამდვილად გამოგაგდებსო! – კიდევ ერთხელ ავიშვიშდა დედა, ჩემი პირველი კულინარული ექსპერიმენტის შედეგები რომ გაანალიზა. შენ არ იდარდო, მანამდე რამეს ვისწავლი-მეთქი, – ვანუგეშე, მაგრამ, როგორც მიხვდი, ვერ მოვასწარი.

ჰოდა…

რაღა დამრჩენოდა: ქმარს პატიოსანი სიტყვა მივეცი, საქმეს მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდები და დიასახლისისთვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევას წარმატებით ავითვისებ-მეთქი. მშობლიური სახლიდან წამოსვლისას ნაჩქარევად ჩალაგებული, ყველაზე აუცილებელი ნივთების ჩანთიდან კულინარული რეცეპტების წიგნი ამოვქექე და საქმეს შევუდექი.

ბადრიჯნის სეზონი იყო… დილით, სახლიდან გასვლისას მეუღლემ მთხოვა, ძალიან მიყვარს ბადრიჯნის კერძები და სადილად რაიმეს მომზადებას თუ დააპირებ, იქნებ ამ პროდუქტით გეცადაო.

ასეც მოვიქეცი:

წიგნის სარჩევში საჭირო თავი მოვიძიე და ჩვეული მონდომებით დავიწყე სწავლა, რასაც, უნდა გითხრა, დიასახლისობისგან განსხვავებით, ყოველთვის უპრობლემოდ ვახერხებდი.

დაიწყო და რა დაიწყო: ბადრიჯანი ნიგვზით, ბადრიჯანი კვერცხით, ბადრიჯანი პომიდვრით, ბადრიჯანი ნივრითა და მწვანილით… ერთი კვირის თავზე უძვირფასესმა თანამეცხედრემ დაუფარავი სევდით გახედა, დაფნის ფოთლით ჩანიშნულ,  ჩემს სქელტანიან „სახელმძღვანელოს“ და, კარტოფილზე რომელი გვერდიდან გადახვალო, მორიდებით იკითხა.

მივხვდი, მხოლოდ წიგნის მიყოლა ხეირს არ დამაყრიდა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად „დედამთილის სკოლის“ გავლა გადავწყვიტე. ისე მოვინდომე, რამდენიმე დღეში მეუღლის საყვარელი ყველა კერძის მომზადება ვიცოდი, თანაც, დედამისისეული „იზიუმინკებით“ (მერე რომ არ ეთქვა, დედაჩემი უკეთესად ამზადებსო). ჩემს წარმატებას კი თვალსაჩინოს და ეჭვშეუტანელს ხდიდა მის მიერ რეკორდულად მოკლე დროში აკრეფილი, აშკარად ზედმეტი და უსარგებლო, კილოგრამები.

ცოტა ხანში ისე გავიწაფე, თვითშემოქმედებასაც კი მივყავი ხელი, ხოლო მოგვიანებით, რადგან 90-იანი წლები ამის საუკეთესო შანსს იძლეოდა, ისეთი რთული რეცეპტებიც ავითვისე, როგორიცაა: უხორცო ხინკალი, უყველო ხაჭაპური, უნიგვზო გოზინაყი და ა.შ.

იქიდან მოყოლებული შეუძლებლად აღარაფერი მიმაჩნია და წარმატებით შემიძლია გავართვა თავი ისეთ, ერთი შეხედვით, ამოუხსნელ ამოცანას, როგორიცაა, მაგალითად, უგემრიელესი სადილის მომზადება მთელი ოჯახისთვის, თუ სახლში მხოლოდ 4 ნაჭერი ყველი, 1 თავი ხახვი, 1 პომიდორი და ნახევრად გამოცლილი მაიონეზის პაკეტი გეგულება.

გგონია, ვტრაბახობ? სხვა რა გზა მაქვს, ოდესმე შენც გასწავლი, ეს როგორ მოახერხო. ახლა კი, უფრო ამაღლებული და სადღესასწაულო რამ – იტალიური ტირამისუს რეცეპტი – უნდა შემოგთავაზო, ოღონდ ჩემ მიერ „გადმოთარგმნილი“ და სპეციალურად PINK MAGAZINE-სთვის გაექსკლუზიურებული ვერსიით, რომლის მოსამზადებლადაც: არც ძნელად საშოვარი იტალიური ყველი „მასკაპონე“  დაგჭირდება, არც არაფრით გამორჩეული, მაგრამ ფართოდ რეკლამირებული, „პეჩენია“ – „სავოიარდი“, ბევრად უფრო იაფი დაგიჯდება, უფრო ჰაეროვანი იქნება და, რაც მთავარია, პირველივე ცდაზე გამოგივა.

რატომ მაინცდამაინც ტირამისუ? იმიტომ, რომ მას სასწაულის მოხდენა შეუძლია – ვინც კი აგემოვნებს, გარდაუვალი ეიფორიისა და მადლიერების შეგრძნება ეუფლება. ეს მდგომარეობა კი, თავის მხრივ, ოჯახურ სიამტკბილობას უზრუნველყოფს :). არისტოკრატული წარმომავლობის დესერტს ასე სწორედ ამიტომაც უწოდეს (TIRA MI SU – იტალ. „ამწიე მაღლა“, გადატანითი მნიშვნელობით კი – „ამიმაღლე განწყობილება”).

გეცოდინება, გაგონილს ნანახი სჯობს, ამიტომ თუ თხუთმეტიოდე თავისუფალი წუთი გაგაჩნია, მაცივარი გამოაღე და შეამოწმე, არის თუ არა შიგ:

1 დიდი ქილა არაჟანი (უმჯობესია, ცხიმიანი);

100 გ საკონდიტრო კრემის ფხვნილი;

ნახევარი კილო ჩვეულებრივი “პეჩენია”.

ჰო, კიდევ: კაკაო, ყავა და ცოტაოდენი შაქარიც უნდა მოიძიო.

თუ ეს ყველაფერი ადგილზე გაქვს, ახლავე შეგიძლია შეუდგე საქმეს, თუ არა და, რომ მოიმარაგებ, მაშინ გააკეთე – მე და ჩემი პოსტი ყოველთვის აქ დაგხვდებით.

მომზადების წესი კი ასეთია:

პირველ რიგში, საკონდიტრო კრემის ფხვნილს (არ ვიცი, ზუსტად ამნაირად ჰქვია თუ არა, მაგრამ მაღაზიაში ასე ვკითხულობ ხოლმე და დღემდე პრობლემა არ შემქმნია) ზუსტად მისი მოცულობის ტოლ ცივ წყალს დაასხამ და მიქსერით კარგად ათქვეფ (ჯამის გადმობრუნებისას რომ არ იღვრებოდეს).

მერე ამ მასას არაჟანს შეათქვეფ და გემოვნებით შაქარს დაუმატებ.

შემდეგ მაგარ ყავას (ერთი სუფრის კოვზი შენი საყვარელი ყავა – ერთ დიდ ჭიქა წყალზე) მოამზადებ.

ცხელ ყავაში „პეჩენიის“ ნაჭრებს ამოავლებ (კარგად უნდა გაიჟღინთოს, მაგრამ არ უნდა დაიშალოს) და წინასწარ გამზადებულ ლანგარზე ორი ფენის გასაწყობად გამოიყენებ, ფენებს შორის და ზემოდან კი უკვე მომზადებულ კრემს ძალიან სქლად წაუსვამ.

ბოლოს, დესერტს მთელ ზედაპირზე ბლომად კაკაოს ფხვნილს გადააცრი და ტირამისუც მზადაა. კარგი იქნება, რამდენიმე საათით მაცივარში თუ შედგამ და სუფრაზე მერე გამოიტან.

უგემრიელესი რაღაცაა, თანაც, ეტყობა, მართლა კაიფს იწვევს – ვისაც გავასინჯე, ყველა „შეჯდა“ :).

რეცეპტის ძალა მხოლოდ ჩემს, ზემოთ მრავალგზის ხსენებულ, მეუღლეზე არ შემიმოწმებია – მანამდე გავშორდი, სანამ ამ საკონდიტრო შედევრს შევქმნიდი. არ გეგონოს, დედაჩემის წინასწარმეტყველება ახდა… არააა…

საქმე ისაა, რომ ოჯახური სიამტკბილობისთვის მხოლოდ დიასახლისის თავდადება არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩემგან განსხვავებით, მან არაფრის სწავლა მოინდომა…

ეგ იყო და ეგ.

53 კომენტარი to this post
  1. საკონდიტრო კრემის ფხვნილს – აი ერთადერთი ეს ვერ გავიგე რა უნდა იყოს : ) სხვა ყველაფერი ნაცნობია რეცეპტში.

  2. რა არის, იცი? მშრალი ფხვნილია, რომელსაც წყალი ან რძე უნდა დაუმატო და კრემად იქცევა :) ტორტის მოსამზადებლად საჭირო რამერუმეები რომ იყიდება, იმ სექციაში ვყიდულობ ხოლმე.

  3. Ketevan Gogiashvili ანუ მარტივად მშრალი კრემი : ) ან კრემის ფხვნილი : )) ასე უფრო გასაგებია ჩემთვისაც და მეც მარტივად ავუხსნი გამყიდველს თჲ ვერ მივხდა უცებ :) მადლობა

  4. საკონდიტრო კრემის ფხვნილი სავარაუდოდ ნაღების ფხვნილია? სხვა არ მაფიქრდება, ან საქართველოში არ შემხვედრია.
    არაჩვეულებრივი პოსტია, ძალიან კარგად იკითხება და არ გავს ტრადიციულ, მშრალ რეცეპტებს :)) თუმცა, ნინოს ვეთანხმები და 'ტირამისუ' ბრჭყალებში რომ იყოს, აჯობებს, შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ, მაინც. თუმცა, ეჭვი მაქვს, ნაკლებად გემრიელი მართლა არ იქნება ":)).

  5. ეს დაახლოებით იგფივეა, ვარშავაში სახაჭაპურე რომ გახსნეს და ხაჭაპურის ერთ სახეობვას კომბოსტოთი რომ აცხობენ :)))))

  6. ჰო, მარილიანი ლავაშის ხაჭაპური გამახსენდა, ნამდვილზე გემრიელი რომ იყო :D

  7. მე გამახსენდა ჩინურ ტორტს ეძახიან მგონი, ბისკვიტის მაგივრად სქელ პეჩენიას ვამტვრევდით, თხილი ან ნიგოზი, მოხარშული კრემი, ვაშლი, კიდევ რამე ხილი თუ მოგეპოვებოდა, ფენა ფენა ვუშვებდით კაი რამე გამოდიოდა :დ

  8. Tamuna Mirianashvili კიიი, ეგეც მაგარი იყო :D
    ისე, ბევრ თბილისურ კაფეში მიჭამია ე.წ. ტირამისუ, რომელშიც არაჟანიც არ არის, არათუ მასკარპონე. მხოლოდ მცენარეული ნაღებია ფხვნილია ათქვეფილი (ნამდვილიც არა, რომელიც ძვირია) :| და გემრიელი საერთოდ არ არის. ფასი – 8 ლ და ზემოთ.

  9. Nino Jananashvili აი ეგ სულ მაინტერესებდა რა იყო. აზრზე არ ვარ. მახსოვს დღე და ღამე :D იდეალი/მედოკი :D

  10. Ekateriné O' Niani იდეალი მედოკი და მსგავსნი ფუფუნება იყო მაგ დროს, იმ შავ-ბნელ , კერასინკის სუნიან 90-იანებში სიგუას "პატივსაცემად" შეიქმნა ნამცხვარი არაფრისგან :დდ ნებისმიერ კამპოტის წვენში(იდეაში შაქრიანი უნდა ყოფილიყო) აურევდი ფქვილს+სოდა, კვერცხი შესაძლებლობის ფარგლებში, კარაქსა და სხვა რძის ნაწარმზე ფიქრიც არ ღირდა, გამოაცხობდი ამ ტკბილ მასას და საღამოს სიმწრით ადუღებულ ჩაისთან ერთად მიირთმევდი :((

  11. Nino Jananashvili აააჰაჰა, მართლა არ ვიცოდი ეგ, რაღაცა კრემიანი და ნავაროტკებიანი მეგონა , რაკი პრემიერის სახელობის იყო :D ჩემი ფავორიტი მაგ პერიოდში ზებრა იყო, ეკონომიიური იყო შედარებით, ადვილი და ზოლებიც თვალს უხაროდა :D ბოლოს ისე შემძულდა, მას მერე შარშან გავაკეთე ზოლებიანი კექსი პირველად, დაახლოებით 15 წლის შუალედით :D

  12. Ekateriné O' Niani ჰო, სიგუა კატასტროფა იყო, პრემიერიც და ნამცხვარიც :დდ ზებრას მეც მიკეთებდა ხოლმე დედა ბავშვობაში,მას მერე აღარც გამიკეთებია, დავტოვე წარსულში :დდდ

  13. ძალიან მომეწონა სტატია!:) მე საერთოდ სამზარეულოში ორი მარცხენა ხელი აღმომაჩნდება ხოლმე და დედაჩემიც ზუსტად ასეთივე შიშს გამოთქვამს… :)) არადა, თქვენი თქმისა არ იყოს, ყველა საქმე რასაც ხელს ვკიდებ წარმატებით გამომდის, ხელით საკეთებელი საქმეების ათვისებაში კი საერთოდ ნიჭი მაქვს, მაგრამ სამზარეულოს და საჭმლის კეთებას ვერაფერი გავუგე:) ყოველი მცდელობა ან უმი ან დამწვარი საჭმლით მთავრდება და კიდევ კარგია თუ არ გავიჭერი ან არ დავიწვი ხელი:((

    • არ იდარდო, ნუკა, ჩემზე უარესი ვერაფრით იქნები ანუ ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოგივა… თუ ძალიან მოგინდება, რა თქმა უნდა :)

  14. თუმცა აი ტირამისუ ძალიან მიყვარს და ვსინჯე ამ რეცეპტით გაკეთება:) სამწუხაროდ ნახევარი დღე დავკარგე საკონდიტრო კრემის ფხვნილის ძიებაში, გუდვილი, პოპული და სხვა მრავალი მარკეტი შემოვიარე, მაგრამ უშედეგოდ:(( ბოლოს ნაგებით ჩავანაცვლე ეგ ინგრედიენტი:) სხვათაშორის ცუდი არ იყო პირველი მცდელობისთვის:) სხვა დროს იქნებ უკეთესიც გამომივიდეს;)))

    • აი, ყოჩაღ! აკი, არაფერი გამომდისო :) შევწუხდი, ფხვნილის ძებნაზე ამდენი რომ გიწვალია… ვისაც ვასწავლე, პრობლემა არ ჰქონია… ტორტის მოსართავები და მზა ბისკვიტები რომ იყიდება, ეგეთ ადგილებში უნდა ნახო.

  15. დიდი მადლობა, ეკატერინე. ტირამისუს იმდენი ვარიაცია არსებობს, რომ ზოგ რეცეპტში საერთოდ ვეღარც იცნობ, მეც ამიტომ აღარ მივმართე ბრჭყალებს :) ისე, ძალიან გემრიელია… შეიძლება მე გემოვნება არ მივარგა, მაგრამ კლასიკურ ტირამისუზე მეტად მომწონს. უმი კვერცხი არ მიყვარს და…:)

  16. Ketevan Gogiashvili ჰო უმი კვერცხი არც მე მიყვარს დიდად, მითუმეტეს, როცა არ ვიცი რამდენი კვირა იდო თბილ დახლზე :)

  17. ისე ძალიან მაინტერესებს როგორი გამომივა, ყველა იგრედიენტი მომწონს და წესით მთლიანობაში ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს :)

  18. საკონდიტრო კრემის ფხვნილს სხვანაირად არ ჰქვია რამე ;(? ვერაფრით ვერ ვშოულობ და კიდევ,თუ შეგიძლია რომ პროპორციები უფრო ზუსტად დაწერო <3

  19. საკონდიტრო კრემს ფხვნილი არის იგვე ” ნაღების ფხვნილი”. იყიდება მაღაზიებში თითქმს ყვლგან.ითქვიფება მიქსერით წყალთან ან რძესთან.

  20. ორჯერ გავაკეთე როცა ეს სტატია ვნახე და ორივეჯერ უგემრიელესი გამომივიდა… სასწაულია მართლაც. პ.ს ვისაც კრემის ფხვნილი აინტერესებს მე ვიყიდე წერეთელზე გამოფენის მოპირდაპირე მხარეს არის საკონდიტროსტვის საჭირო ყველა ნივთის მაღაზია სადაც იყო, ერთი კილო ღრდა თარ ვცდები 10 ლარი ახლაც მაქვ იქედან დარჩენილი საკმაოდ ბევრი და ვაპირებ კიდე გავაკეთო უახლოესდღეებში.

  21. ყავას თუ ცოტა კონიაკს ჩაუმატებთ და მასში ამოავლებთ პეჩენიებს ,გარწმუნებთ ნამდვილი ტირამისუსაგან ვეღარ განასხვავებთ!!!!

  22. ძალიან საინტერესო რეცეპტია,კლასიკურიტირამისუ კვერცხით კეთდება და სულ მეშინია ამ უმი კვერცხის :(
    ზოგი სკეპტიკურად უყურებს მასკარპონეს არაჟნით ჩანაცვლებას,თუმცა დარწმუნებული ვარ გემოში დიდი განსხვავება არ იქნება,თვითონ მასკარპონე ფაქტობრივად არაჟანია,უზრო ზუსტად რაღაც საშუალო არაჟანსა და კარაქს შორის :)
    დიდი მადლობა ამ რეცეპტისთვის აუცილებლად ვცდი :)

  23. დიდი მადლობა შემოთავაზებული რეცეპტისთვის.
    ხშირად ვაკეთებ ამ რეცეპტით, ჰაეროვანი კრემი გამოდის, ზოგჯერ ნაღებსაც ვათქვეფ, თუ სახლში მაქვს, ესენციებიც ძალიან უხდება (ლიმონის, კონიაკის), ფორთოხლის ცედრა… სავოიარდზე არანაკლებ გემრიელია “ულკერის” თურქული პეჩენიებით გაკეთებული, ყველას ძალიან მოსწონს, გემრიელია მმმ…

  24. ქეთი ვგიჟდები წერის შენეულ სტილზე და ყოველ სტატიას სიამოვნებით ვკითხულობ :) იუმორის გრძნობა გაქვს სასწაული :) სტატია საინტერესო იყო, ფინალი კი – მოულოდნელი :)

შენ რას იტყვი?