ყველა ადამიანი ინდივიდუალურად აღიქვამს ფერებს, ყველასთვის სხვადასხვა განწყობას ქმნის მწვანე, წითელი ან ცისფერი ტონალობები, თუმცა არსებობს ფერთა ზემოქმედების კანონები, რომლებსაც ადამიანების დიდი ნაწილი ემორჩილება.

წითელი

როგორც წესი, ენერგიულობასთან და ძალასთან ასოცირდება. წითელი ფერის გარემო, დეტალები და სამოსი ადამიანებში ხშირად  სიმამაცეს, ამბიციურობას აღვიძებს, ზოგჯერ აგრესიულობას და ფიცხ ქმედებებსაც იწვევს. ასეთ გარემოში ადამიანები უფრო ენერგიულად და მხნედ გრძნობენ თავს.

ნარინჯისფერი

თბილი, მხიარული და კეთილგანწყობილი ფერია. ეს ფერი ადამიანებში დადებითი  ურთიერთობების სურვილებს და ბედნიერების შეგრძნებას აღძრავს.  იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან, ასეთი ფერის ინტერიერი საუკეთესოა, რადგან ნარინჯისფერ გარემოში ადამიანები უფრო ადვილად შედიან კონტაქტში.

ნარინჯისფერის შემადგენლობაში წითელის ტონებიც ურევია,  ამიტომ გარემოში  ძალიან დიდი დოზით ამ ფერის გამოყენებამ შეიძლება გაღიზიანება ან/და ხასიათის დათრგუნვა გამოიწვიოს.

ყვითელი

ყვითელი ოპტიმიზმის, სინათლის, მხიარული განწყობის და ნათელი გონების ფერია. ხელს უწყობს კრეატიულ, ოპტიმისტურ აზროვნებას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ყვითელი ფერი შეიძლება დეპრესიასთან ბრძოლის წინააღმდეგაც იქნეს გამოყენებული.

გარემოში ზედმეტად დიდი რაოდენობით ყვითელი ფერი,  განსაკუთრებით მჭახე, ინტენსიური ტონალობები ზოგჯერ გაღიზიანებას, ტირილის სურვილს, ჰიპერაქტიურობას იწვევს, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილ ადამიანებში.

მწვანე

ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და დამამშვიდებელი ეფექტის მქონე ფერია: ხელს უწყობს განახლებას, სიმშვიდეს და გამოცოცხლებას, რის გამოც დამამშვიდებელი და სტრესის შემამცირებელი ზეგავლენა აქვს. ყველაზე საუკეთესო მეთოდი გარემოში მწვანის დამატებისა ოთახის მცენარეებია.

გარემოში დიდი დოზით მწვანე ფერის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიზარმაცე და ინიციატივის დაქვეითება.

ლურჯი

სიმშვიდის ფერია. ლურჯ გარემოს შეუძლია ინსომნიის მკურნალობაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანოს. ასევე ამშვიდებს ჰიპერაქტიურ ბავშვებს, ააქტიურებს ფანტაზიას და ინტუიტიურ აზროვნებას.

გარემოში ძალიან დიდი დოზით ლურჯი ფერის არსებობამ შეიძლება აპათია ან/და პესიმიზმი გამოიწვიოს. უკეთესია, თუ ცისფერს სხვა, უფრო თბილ ტონალობებთან ერთად გამოვიყენებთ გარემოს გაფორმებისას.

იისფერი

შემოქმედებითი ნიჭის და უნარების გაღვივებას, პრობლებმების გადაწყვეტას და ინტუიციას უწყობს ხელს.