სასიამოვნოდ გატარებული საოჯახო წვეულების შემდეგ გასარეცხ ჭურჭელთან ერთად ცარიელი ბოთლების მთელი გროვა რჩება. სანამ მათ ნაგვის ურნაში მოთავსებას გადაწყვეტ, დაფიქრდი, ხომ არ შეიძლება ისინი რამეში გამოიყენო.

აი მაგალითად, ღვინის ცარიელი ბოთლებისგან რამდენიმე სასარგებლო და ლამაზი დეკორაციის დამზადებაა შესაძლებლებელი:

1. სანათის სადგამი

თუ სახლში გაქვს აბაჟური, რომელსაც არ აქვს სადგამი, ამ ფუნქციის შესრულება ღვინის ცარიელი ბოთლითაც შეიძლება.

2. სანათი

ნაძვის ხის პატარა ნათურები, რომლებიც ახალი წლის სეზონთან ერთად დავიწყებას მიეცა, შეგიძლია ნებისმიერ სეზონზე გამოიყენო. მოათავსე ისინი ცარიელ ბოთლში და შეაერთე. შედეგად, ოთახის ორიგინალური და სასიამოვნო განათება გექნება და გამოუყენებელი ნივთების ოდენობაც შემცირდება.

3. შანდალი

ცარიელი ბოთლი შეიძლება სანთლის სამაგრადაც გამოიყენო, ან მოათავსო მასში სანთელი და რომანტიკული საღამოს გასაფორმებლად გამოიყენო.

მე ამისთვის ძალიან თხელი ხერხით ბოთლის ძირი მოვხერხე და ანთებულ სანთელს ზემოდან დავადგი ბოთლის ზედა ნაწილი.

4. თარო

დეკორატიული თაროს დასამზადებლად ღვინის რამდენიმე ფერადი ბოთლი 3-4 თხელი ფიცარი და ბურღი დაგჭირდება.

5. ყვავილის ქოთანი

მე ყველაზე ხშირად ცარიელ ბოთლს ყვავილების დასაფესვიანებლად ვიყენებ. თუმცა მისი გამოყენება ვაზადაც შეიძლება. მთავარი შენი ფანტაზიაა.

ღვინის ბოთლები იდეალური ქოთანია ე.წ. ჭორიკანა მცენარეებისთვის, რომელთა ტოტებიც ქვედა მიმართულებით იზრდება.

თუ რომელიმე იდეის განხორციელებას გადაწყვეტ, აუცილებლად გვაჩვენე შედეგი.