Home სახლი

აღდგომის მოახლოებულ დღესასწაულთან ერთად ვიწყებთ ზრუნვას, თუ როგორ გავალამაზოთ სადღესასწაულო სუფრა და შევიქმნათ სასიამოვნო განწყობა.

ჩვენ გთავაზობთ კრეატიულ იდეებს სააღდგომო კვერცხების შესაღებად.

1. ბისერებიანი კვერცხი

მასალა: 

  • კვერცხი
  • წებო
  • ბისერები
  • კოვზი 
  • თასი

კვერცხი მოხარშე, გაციების შემდეგ წაუსვი ქაღალდის წებო ისე, რომ მთლიანად წებოთი დაიფაროს. მოათავსე ბისერებით სავსე თასში და კოვზის საშუალებით ამოავლე ისე, რომ მთელი ზედაპირი დაიფაროს. კოვზის დახმარებით მოათავსე მშრალ ადგილზე, რომ წებომ გაშრობა მოახერხოს. ბისერების ფერები შენი გემოვნებით შეგიძლია შეარჩიო.

2. მოჩუქურთმებული კვერცხი

მასალა: 

  • ფარდის ნაჭერი
  • კვერცხი
  • ძაფი
  • მაკრატელი
  • ფერადი საღებავი

კვერცხი შეახვიე ფარდის ნაჭერში ისე, როგორც ფოტოებზეა ნაჩვენები და ამ ფორმით მოხარშე ფერად საღებავში. საღებავის ფერები და ფარდის ნაჭრების მრავალფეროვნება უკეთეს ეფექტს მოგცემს. მოხარშვის შემდეგ მაკრატლის საშუალებით ფრთხილად შემოაჭერი ქსოვილი.

3. ფლომასტერი ან/და მარკერი

მასალა:

  • კვერცხი
  • ფერადი ფლომასტერი ან/და მარკერი

მოხარშული კვერცხი შეგიძლია შენი ფანტაზიის გამოყენებით მოხატო. გამოიყენე იუმორისტრული ულვაშები ან დაახატე რამე უფრო მარტივი. სახელმძღვანელოდ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ფოტოები შეგიძლია გამოიყენო.

4. ფერადი ძაფები

მასალა:

  • კვერცხი
  • ფერადი ძაფები
  • წებო

მოხარშული კვერცხი დაფარე წებოთი და მჭიდროდ შემოახვიე ფერადი ძაფები. აქაც ფერების მრავალფეროვნება თავად შეგიძლია აირჩიო.

5. ბოსტნეულის ეფექტი

მასალა:

  • კვერცხი
  • ხახვის ფურცლები
  • ძველი კოლგოტი
  • ბოსტნეულის ფოთლები

მოათავსე კვერცხის ზედაპირზე სასურველი ბოსტნეულის (ოხრახუში, ქინძი, ნიახური) ფოთოლი ისე, როგორც ეს ფოტოებზეა ნაჩვენები და გარედან მჭიდროდ შეახვიე ძველი კოლგოტის ნაჭერში. ხარშე ხახვის ფურცლებთან ერთად 15 წუთის განმავლობაში. შედეგი თავად გაგაოცებს.

თუ ჩვენი რჩევების მიხედვით შეღებავ სააღდგომო კვერცხებს, აუცილებლად გაგვიზიარე შედეგი.

დღესასწაულების სასიამოვნოდ გატარებას გისურვებ!

4 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?