“ის ქალის სხეულს ხედავს როგორც არმატურას, რომელზეც თავის სკულპტურულ ნაწილებს ამაგრებს. მისი მდიდრული კაბით შეგიძლიათ ბალერინასავით გრაციოზულად იმოძრაოთ.” – განაცხადა მოდის კრიტიკოსმა ჩარლს ჯეიმსმა ზაკ პოუზენის წინა-საშემოდგომო 2014-ის კოლექციის შეფასებისას.

ზაკ პოუზენი 33 წლის ამერიკელი დიზაინერია. ის პირველად მოდის ინდუსტრიაში 2001 წელს გამოჩნდა და რეკორდული სისწრაფით მოიპოვა პოპულარობა. მისმა გლამურულმა და ძალიან ქალურმა სამოსმა, მოდის კრიტიკოსებს მისცა საშუალება ახალგაზრდა ზაკ პოუზენი შეეფასებინათ შემდეგნაირად: “ის, ვისაც ნიუ-იორკის მოდის გადარჩენა შეუძლია.”

პოუზენი თავისი გლამურული მეგობრების რჩეულია. ვიქტორია ბექჰემი, ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი, დემი მური, ქეით ვინსლეტი, კამერონ დიაზი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები მისი სამოსის აქტიური მომხმარებლები არიან. გვინეტ პელტროუს ცნობილი კაბა 2007 წლის ოსკარების ცერემონიიდან და რიჰანას სამოსი მისი ცნობილი სიმღერის “Umbrella” ვიდეოკლიპში, სწორედ ზაკ პოუზენის შექმნილია.

სარა ჯესიკა პარკერს ფილმში “Sex and the City 2” Dior-ის მაისურთან და Manolo Blahnik-ის ფეხსაცმელებთან ერთად Zac Posen-ის იისფერი ფუშფუშა გრძელი კაბა აცვია. სერიალ “Sex and the City”-ის დანარჩენი ვარსკვლავებიც გამოირჩევიან ამ დიზაინერის სამოსის სიყვარულით.

ზაკ პოუზენის პირველი ოფიციალური ჩვენება 2002 წელს გაიმართა. ის ამ პერიოდში ნიუ-იორკის ელიტარულ ქალბატონებში საკმაოდ პოპულარული იყო. ამ ჩვენების შემდეგ “Vogue”-ის რედაქტორმა ანა ვენტურიმ განაცხადა, რომ მარკ ჯეიკობსის მერე ასეთი ტალანტი არ უნახავს. აქედან დაიწყო 22 წლის დიზაინერის თავბრუსდამხვევი წარმატება, რომელიც კვლავაც გრძელდება.

მას მიიჩნევენ უნივერსალურ დიზაინერად, რომელიც ერთნაირი წარმატებით ქმნის საღამოს კაბას და საქმიანი ქალის სამოსს.