Skinny Scoop არის ვებ-გვერდი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ნუსხა: საყვარელი საკვების, წიგნების, კომპანიების, პროდუქტების – გაუზიაროს რჩევები სხვა მომხმარებლებს და მიიღოს რჩევები მათგან. ვებ-გვერდზე უკვე უამრავი სია არსებობს, თუმცა დღეს ჩემი ყურადღება ერთმა ძალიან საინტერესო ნაკრებმა მიიქცია – ქალები, რომლებიც შთაგვაგონებენ.
ამ სიაში თავმოყრილია სხვადასხვა პროფესიის ქალები, რომლებიც მრავალი სხვა ქალის შთაგონების წყარო გახდნენ. მათ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ არ არსებობს “სუსტი” და “ძლიერი” სქესი, არ არსებობს საზღვრები და კანონები გამონაკლისის გარეშე, არსებობს მხოლოდ სურვილი და უსაზღვრო შესაძლებლობები.
მაშ ასე, ვინ არის ქალი, რომელმაც შთაგაგონა? ამ კითხვაზე მრავალი შესაძლო პასუხი არსებობს, თუმცა მინდა განვიხილო ის რამდენიმე აშკარა წარმომადგენელი, რომლებიც უამრავი ადამიანის შთაგონების წყარო გახდა:

Screen Shot 2013-04-01 at 4.00.34 PM

1. შენი დედა, ბებია, და, დეიდა – ქალი, რომელთანაც გენეტიკური ნათესაობა გაკავშირებს და რომელიც შენთვის სიძლიერის, ინტელექტის, ძალაუფლების, სილამაზის ეტალონია. თუ შენს ოჯახში ასეთი ადამიანი არსებობს, მაშინ შორს წასვლა არ დაგჭირდება და შეგიძლია თამამად თქვა, რომ ადამიანი, რომელმაც შთაგაგონა და შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარა, აქვეა, შენ გვერდით.

Hillary Clinton

2. ჰილარი კლინტონი – პირველი “პირველი ლედი”, რომელიც სენატორად აირჩიეს. ბილ კლინტონზე დაქორწინებამდე ჰილარის სურდა ამერიკის საზღვაო კორპუსის რიგებში ჩაწერილიყო, თუმცა უარი უთხრეს ასაკის, მხედველობის და სქესის გამო. ჰილარიმ ბავშვობაში ნასა-ს მისწერა წერილი, სადაც ინტერესდებოდა როგორ გამხდარიყო ასტრონავტი, მან პასუხად მიიღო, რომ “გოგონები ვერ ხდებოდნენ ასტრონავტები.” ჰილარი და ბილი პირველად იელში შეხვდნენ ერთმანეთს. ჰილარი პირველი მივიდა ბილთან, ხელი გაუწოდა და უთხრა: “თუ ასე ვაპირებთ ერთმანეთს ვუყუროთ, აჯობებს გაგეცნოთ. მე ჰილარი როდჰემი ვარ.”

Rosa Parks

3. როზა პარკსი – სამოქალაქო უფლებების ამერიკელი აქტივისტი, რომელსაც კონგრესში “სამოქალაქო უფლებების პირველი ლედი” შეარქვეს. როზა პარკსის ბებია და ბაბუა ყოფილი მონები იყვნენ, რომლებიც თანასწორობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. სკოლაში ის ფეხით დადიოდა, რადგან ავტობუსები მხოლოდ თეთრკანიან სტუდენტებს ემსახურებოდა. ჟურნალმა “Time” როზა პარკსი 20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა.

Margaret Thatcher

4. მარგარეტ ტეტჩერი – დიდი ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერ მინისტრი. ტეტჩერი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში. კონსერვატორული პარტიის ლიდერის სტატუსის მოსაპოვებლად მარგარეტს საკუთარი ხმის დიაპაზონის შეცვლაც მოუწია, რათა მისი მოწოდებები უფრო ავტორიტეტული ყოფილიყო. ზედმეტსახელი “რკინის ლედი” ტეტჩერთან მიმართებაში პირველად საბჭოთა ჟურნალისტმა გამოიყენა.

Coco Chanel

5. გაბრიელ “კოკო” შანელი – ფრანგი დიზაინერი და შანელის ბრენდის დამაარსებელი. კოკო შანელმა შეცვალა არა მხოლოდ თავისი პერიოდის და მომავლის სტილი, არამედ მან რამდენიმე მანამდე არც თუ პოპულარული “ტრენდიც” დაამკვიდრა. სწორედ კოკოს დამსახურებაა გარუჯული კანის პოპულარულობა, რადგან მის კანში სტუმრობამდე მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები თავს თეთრი კანით იწონებდენ. მანვე გააცნო საზოგადოებას შარვალი ჯიბეებით ქალებისთვის, სათხილამურო აქსესუარები, ამოიღო კორსეტი ქალის გარდერობიდან. კოკო ცხოვრების ბოლომდე სასტუმროში ცხოვრობდა, არასდროს გათხოვილა და არ ჰყოლია შვილები. ის დიდი ინოვატორი იყო, თუმცა სურდა შეექმნა არა ნოვაცია, არამედ კლასიკა.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია გავლენიანი ქალებისა, რომლებიც განსაზღვრავდნენ საზოგადოების განწყობას, ანგრევდნენ სტერეოტიპებს და ეწინააღმდეგებოდნენ იმ დროისთვის ყველაზე დიდ დაბრკოლებას – საკუთარ სქესს.