Home ვარსკვლავები

“არ ვარ წინააღმდეგი სკოლაში იატაკზე ვიჯდე. მხოლოდ განათლება მინდა და არავის მეშინია.”

– ამ სიტყვების ავტორი 15 წლის პაკისტანელი გოგონაა, რომელიც ქალთა განათლების უფლებისთვის იბრძვის. 11 წლის ასაკიდან იგი BBC-სთვის ბლოგს აწარმოებდა, სადაც პაკისტანში თალიბანური მმართველობის შედეგებზე ყვებოდა.

ჩემი აზრით, ეს გოგონა გმირია და მისი ისტორია ყველამ უნდა გაიგოს. განსაკუთრებით კი ჩვენმა შვილებმა და მეგობრებმა, რომლებიც არ აფასებენ თავისუფლებას და იმ შანსს, რომელსაც საზოგადოება აძლევს. ამ გოგონას ისტორია გვახსენებს რომ მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც საშუალება აქვთ და არ სურთ დაუბრკოლებლად მიიღონ ის, რისთვისაც მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ბრძოლა უწევთ.

მალალა იუსაფზაი პაკისტანში, ქალაქ მინგორაში ცხოვრობს. მისი მამა პოეტი და საგანმანათლებლო აქტივისტია. მათ, ვისაც აინტერესებს რატომ არის ეს გოგონა ასეთი გამორჩეული, გეთყვით რომ პაკისტანში ქალს რეპროდუქციული როლი აკისრია, მან უნდა შეასრულოს დედის და მეუღლის ფუნქცია, მამაკაცს კი ე.წ. “შემომტანის” ფუნქცია აქვს. ოჯახში ბიჭების განათლება პრიორიტეტულია, რადგან მიჩნეულია, რომ მამაკაცს სჭირდება განათლება რესურსების მოპოვებისთვის, ხოლო გოგონებს საოჯახო საქმეებს ასწავლიან და მათთვის განათლება მნიშვნელოვანი არ არის. სწორედ ასეთ პირობებში, 11 წლის გოგონამ გადაწყვიტა საკუთარი ისტორია მსოფლიოსთვის მოეყოლა.

malala

მალალა

2012 წლის 9 ოქტომბერს პაკისტანში, ქალაქ მინგორაში სკოლის ავტობუსში მალალას თავში ესროლეს. ტყვიამ ტვინს ჩაუარა, თუმცა გოგონა გადარჩა. მიუხედავად ამ გახმაურებული მოვლენისა, გოგონას ისტორია ამ ინციდენტით არც იწყება და არც მთავრდება. პირიქით, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო მის შესახებ. გორდონ ბრაუნმა, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა წამოწყო იუსაფზაის სახელობის გაერთიანებული ერების პეტიცია სლოგანით “მე ვარ მალალა”. პაკისტანმა კი 10 მილიონი რუპია დააწესა თავდამსხმელების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის. ლოს ანჯელესში კონცერტზე მადონამ მალალას მიუძღვნა სიმღერა “ადამიანის ბუნება”. მსოფლიოს ქალების საზოგადოების ფარგლებში ანჯელინა ჯოლიმ და თინა ბრაუნმა კამპანია წამოიწყეს პაკისტანსა და ავღანეთში ქალთა განათლების დასახმარებლად. ამერიკის ყოფილმა პირველმა ლედიმ – ლორა ბუშმა კი ვაშინგტონ პოსტის ფურცლებზე იუსაფზაი ანა ფრანკს შეადარა. თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურნენ ბარაკ ობამა, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი ბან კი-მუნი.

დარწმუნებული ვარ, პაკისტანელ გოგონას წინ ნათელი მომავალი ელის და მიუხედავად იმისა, თუ რა აზრისაა ჩვენი სქესის ზოგიერთი წარმომადგენელი ქალის როლზე ოჯახსა და საზოგადოებაში, მინდა რამდენიმე ქალი გავიხსენო მსოფლიო ისტორიიდან, რომლებმაც ბევრი რამ ღირებული შემატეს ჩვენს არსებობას და განვითარებას.

 

ჰედი ლამარი

ჰარიეტ ბიჩერ სტოუ – ავტორი რომანისა “ბიძია თომას ქოხი”, რომელშიც აფრიკელ-ამერიკელების მაშინდელი მონური ცხოვრებაა აღწერილი და რომელმაც დიდი სტიმული მისცა მონობის წინააღმდეგ ბრძოლას;

ჰარიეტ ტაბმენი – აფრიკელ-ამერიკელი აქტივისტი და ჯაშუში ამერიკის სამოქალაქო ომში, რომელმაც 300-მდე მონა გაათავისუფლა;

კლარა ბარტონი – სამოქალაქო ომის ექთანი, ამერიკული წითელი ჯვრის დამაარსებელი;

მარია კიური – ნობელის ორი პრემიის მფლობელი, მეუღლესთან ერთად რადიუმის და პოლონიუმის აღმომჩენი;

mariecurie

მარია კიური

ჰელენ ადამს კელერი – პირველი ბრმა და ყრუ ქალი, რომელმაც რედკლიფის უნივერსიტეტი დაამთავრა და მრავალი წიგნის ავტორია;

დედა ტერეზა – ნობელის პრემიის ლაურეატი ინდოეთში მოღვაწეობისთვის;

ენი ჯამპ კენონი – ავტორი ჰარვარდის კლასიფიკაციის სქემისა, რომელიც გამოიყენება ვარსკვლავების კლასიფიკაციისთვის ტემპერატურების მიხედვით;

გერტრუდ ელაიონი – ნობელის პრემიის ლაურიატი მედიკამენტების გამომგონებელი ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა ლეიკემია, მალარია, მენინგიტი, ბაქტერიული ინფექციები, ვირუსული ჰერპესი;

Grace_M._Hopper_Internet

COBOL-ის გამომგონებელი

როზალინგ ფრანკლინი – დნმ-ის სტრუქტურის აღმომჩენი;

ფლორენს ნაითინგეილი – ე.წ. “Pie-chart”-ის გამომგონებელი;

მერი ანდერსონი – საქარე მინის მწმენდავის გამომგონებელი;

რუთ ჰენდლერი – თოჯინა ბარბის გამომგონებელი;

დოქტორი გრეის მიური ჰოპერი – კომპიუტერული ენა COBOL-ის გამომგონებელი;

ჰედი ლამარი – განფენილობის სპექტრის კომუნიკაციების ადრეული ტექნიკის ერთ-ერთი გამომგონებელი. აღნიშნული ტექნიკა თანამედროვე უკაბელო კომუნიკაციების საწყისად ითვლება.

ასეთი ქალების ჩამონათვალი ძალიან გრძელია, თუმცა მგონი უკვე ჩანს რომ არ არსებობს როლი და ფუნქცია, რომელსაც რომელიმე სქესის წარმომადგენელი უკეთ შეასრულებდა. არსებობს საზოგადოება, შეზღუდვები და შესაძლებლობების ნაკლებობა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქალებს ხელს უშლის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.

4 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?