60-იანი წლების ინგლისში ამობრწყინდა მოდის ისტორიაში პირველი თინეიჯერი მოდელის –  მეტსახელად ტვიგის ვარსკვლავი.

ეს უცნაური არსება ზემოთ  ხსენებული პერიოდის კულტურული ხატი გახდა. თავად რომ არ გადაეწყვიტა პოდიუმიდან წასვლა,  მისი მრავალი მიმდევარი სისუსტისაგან დაიღუპებოდა.

ნახვარი საუკუნის წინ ყველაზე თხელი მოზარდი ოფიციალურ საბუთებში მოიხსენიებოდა, როგორც ლესლი ჰორნბი.

დაიბადა პროლეტარების ოჯახში.

მამა – ზეინკალი, დედა – მაღაზია Woolworth-ის გამყიდველი. უცნობია, თუ როგორ წარიმართებოდა მისი ბედი, 1965 წელს თვალში რომ არ მოხვედროდა მეწარმე ნაიჯელ დევისს ( ჩელსიდან ), რომელიც შემდგომ გოგონას პროდიუსერი გახდა. ლესლის მაშინ 16 წელიც არ შესრულებოდა.

მოდის სალონ ”მეიფეიერში” შეიქმნა ტვიგის სტილი – უნისექსი – ჩახატული თვალებით: ანგელოზური და იმავდროულად – საბედისწერო. მოკლე თმით და “მერი კვანტის” მინი ქვედა ბოლოთი შეეგება ტვიგი მოდის სამყაროს.

ნიუ-იორკში მისი დებიუტი 1967 წლის მარტში შედგა და მაშინვე ყველა მასზე ალაპარაკდა. ჰიპებისა და ბითლზის სტილის ნაზავს, რომელსაც გოგონა წარმოაჩენდა,  “ტვიგი” ეწოდა.

1966 წელს ამერიკულმა ფირმამ “Mattel”, რომელიც  “ბარბის” წარმოებითაა ცნობილი,  ახალი თოჯინა გამოსცა, რომელსაც, აბა გამოიცანით, რა ეწოდა?!

გოგონას იმ პერიოდის ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფები , როგორიცაა: რიჩარდ ავედონი, ბერტ სტერნი, ბარი ლეიტეგანი და მელვინ სოკოლსკი, უღებდნენ სურათებს.

რიჩარდ ავედონი “ვოგისათვის”

მისი ერთ-ერთი ფოტო კოსმოსშიც კი გააგზავნეს “დროის კაფსულით” ჩვენს “ჩაკრულოსთან” ერთად.

როგორც აღვნიშნეთ, ტვიგის ზეპოპულარულობამ უამრავი გოგონა უმკაცრეს დიეტას მიაჯაჭვა. შედეგად, მრავალს დაერღვა ნივთიერებათა ცვლა და  ქრონიკული ანორექსია განუვითარდა. თავად მოდელი კი არ აპირებდა მთელი ცხოვრების პოდიუმისათვის შეწირვას.

1966-ში წლის სახე გახდა და დაამშვენა ისეთი გაზეთების პირველი გვერდები, როგორიცაა, “The Vogue,” “The Daily Express.”  მალევე, ზუსტად კარიერული აღმასვლის ზენიტში მყოფმა გამოავლინა ასაკისთვის  შეუსაბამო პრაქტიკულობა და პირველი ალბომიც გამოუშვა. მისი დისკები საკმაოდ კარგად იყიდებოდა და კოლექციაში ერთი ვერცხლის ალბომიც მოეპოვება.

ამის შემდეგ სიმინდის ბურბუშელასა და დიეტურ კოლას უკეთებდა რეკლამას, ხოლო იაპონიაში მისი ტრიუმფალური ტურნეს დროს, რა თქმა უნდა, ტოიოტას სახეც გახდა. გამოუშვა ტანსაცმლის საკუთარი ხაზი მოზარდებისათვის (Twiggy Dresses) და მოდის ჟურნალი (Twiggy: Her Mod Mod Teen World).

1971 წელს შედგა ტვიგის დებიუტი კინოში, ითამაშა რა კენ რასელის რეჟისორობით დადგმულ ბროდვეის მიუზიკლ “Boyfriend”-ში, რომელმაც ორი “ოქროს გლობუსი” მოუტანა.

1977 წელს ოჯახი შექმნა მსახიობ მაიკლ უიტნისთან, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი კარლი. საუბედუროდ, ხუთი წლის შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა. გავიდა ისევ ამდენივე ზამთარი და ტვიგი ხელმეორედ გათხოვდა, მისი რჩეული ასევე მსახიობი, ლი ლოუსენი აღმოჩნდა. ისინი დღემდე ერთად არიან.

ცნობილმა კანადელმა სოციოლოგმა მარშალ მაკლიუენმა მოდელი შემდეგნაირად დაახასიათა:

“ტვიგი, ეს არ არის ნახატი, არამედ – რენდგენის სურათი.”

შეიძლება, პირდაპირაც გავიგოთ ნათქვამი:  “ძვალი და ტყავი”… თუმცა, შესაძლოა, ცოტა უფრო განვაზოგადოთ მსჯელობა და ტვიგის ფენომენი თავად 60-იანი წლების რენდგენის ფოტოდ ვაღიაროთ.