სამუშაო დღის პირველი საათები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთელი დღის მუშაობაზე. ასე რომ, მნიშვნელოვანია შეიმუშაო ყოველდღიური რიტუალი, რომელიც სამუშაოს რუტინაში ჩართვაში დაგეხმარება, გახდები უფრო პროდუქტიული და წარმატების მიღწევაშიც ხელს შეგიწყობს. ეს სტატია დაფუძნებულია მსოფლიო HR-ექსპერტების მოსაზრებებზე და ნამუშევრებზე.

1. დროულად გამოცხადდი სამსახურში

დასაქმებულ ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ეს ისედაც ცხადია, მაგრამ ზოგიერთები ვერ აცნობიერებენ, რომ სამსახურში დაგვიანება არა მარტო უარყოფით შთაბეჭდილებას ქმნის მათზე, არამედ მთელი დღის ჩაგდების საწინდარია. გამოცხადდი სამსახურში თავის დროზე ან ცოტათი ადრე, ეს დაგეხმარება მთელი დღის გაანალიზებაში და ხელს შეგიწყობს მიაღწიო უფრო მეტს. ჩემი ერთი თანამშრომელი, რომელიც საოცარი პუნქტუალურობით გამოირჩევა, ამბობს, რომ ადრე არასოდეს დადიოდა სამსახურში დროულად და ყოველთვის აგვიანებდა – რაღაცნაირად მერიდებოდა ზუსტად 9-ზე სამსახურში ვყოფილიყავი, როცა ყველა იგვიანებდაო. თუმცა 1-2 საათით ზედმეტად დარჩენამ რომ მოუწია საქმის დასასრულებლად, ტაქტიკა შეცვალა და ახლა ყველას ასწრებს მოსვლას.

2. ღრმად ჩაისუნთქე

ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და შეეცადე ფოკუსირება მოახდინო იმაზე, რომ ახლა უკვე სამსახურში ხარ. ყველას გეყოლებათ სამსახურში თანამშრომელი ყოველდღე იმაზე რომ წუწუნებს, რომ დრო არ ეყო დილით საჭმლის გასაკეთებლად, ან საძინებელი დასალაგებელი დარჩა და თუთიყუშს საჭმელი ვერ დაუყარა. სისტემატურად ამის მოსმენა საკმაოდ დამღლელია და არა მარტო მის, შენს მუშაობაზეც ახდენს ცუდ გავლენას. ამას დამატებული დატვირთული სამუშაო, უკვე დეპრესია გითრევს. ამიტომ დამშვიდდი, შეისვენე სამსახურში მისვლისას და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექი ყოველდღიურ საქმიანობას.

deepbreath

3. დაფიქრდი 5 წუთით

იმის გაანალიზების შემდეგ, რომ სამსახურში ხარ, მიეცი შენს თავს 5 წუთი რომ დაფიქრდე და დალაგდე. ეს კარგი აზრია იმისთვის, რომ შეიგრძნო დღის რიტმი. თუმცა ეს არ გულისხმობს აჰყვე შენს ჰიპერაქტიურ თანამშრომლებს და ყოველ მათ თხოვნაზე, რომ უეჭველი და სასწრაფო საქმე აქვთ, რაშიც შენ უნდა დაეხმარო, თავქუდმოგლეჯილი შეუდგე მუშაობას. შეაგებე კითხვა „რა არის ამ საქმის შესრულების ბოლო ვადა?“ ან „როდისთვის უნდა რომ ეს გაკეთდეს?“, როგორც წესი ადამიანები ამ კითხვის დასმის შემდეგ ყოყმანობენ და ამბობენ, რომ ეს საქმე ისეთი საჩქაროც არ არის, როგორც თავიდან ჩანდა და სულაც, შეიძლება ხვალაც გაკეთეს. დაუთმე ცოტა დრო საკუთარ თავს, სანამ სატელეფონო ზარების და ელ. ფოსტის მორევში გადაეშვები.

4. დაიწყე ყოველი დღე ახალი ფურცლიდან

ნუ დაიწყებ ახალ დღეს წინა დღის საქმეების დასრულებით, თუ ეს აუცილებელი არ არის. გუშინდელი საქმე ცოტას მოიცდის. რადგან გუშინვე არ დაგისრულებია, ესე იგი არაფერი გაფუჭდება. ჯერ ის გაარკვიე, რა არის ამ დღის მნიშვნელოვანი საქმე.

5. იყავი პოზიტიური

ყურადღება მიაქციე შენს ხასიათს, გაითვალისწინე რომ ის გავლენას მარტო შენზე კი არა, სხვებზეც ახდენს. შეეცადე, დილიდანვე პოზიტიურ განწყობაზე იყო. კი, შეიძლება პრობლემები გაქვს და სხვაზე მეტიც, მაგრამ ნუ წაიღებ მათ სამსახურში. იმ შემთხვევაში, თუ დილით ადგომა არ გიყვარს და ისევ ნახევრად გძინავს, აჯობებს ერთი ჭიქა ყავა დალიო აზრზე მოსასვლელად.

sleepning

ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ სამუშაო დღის პირველივე საათი შენი „განწყობის ბარომეტრზე“ განსაზღვრავს მთელს შენს სამუშაო დღეს. შეიძლება ერთი დილის ჭირვეულობა მთელ გუნდს გადაედოს. ასე რომ იყავი ხალისიანი.

6. დაგეგმე შენი დღე

დღის პირველი საათი გამოიყენე საფუძვლიანად. ეს საუკეთესო დროა გააანალიზო პრიორიტებები და ფოკუსირება მოახდინო მნიშვნელოვანზე. ძალიან ბევრი ხარჯავს დროს მეორეხარისხოვან საკითხებზე, როგორიცაა წერილების ნახვა, სმს-ების შემოწმება, ამ დროს კი შესაძლოა ბევრი უფრო მნიშვნელოვანი საქმე დაგვიანდეს. გააკეთე TO DO LIST-ი, ან განაახლე წინა დღეს გაკეთებული.

to do

როდესაც ამ ყველაფერს გააანალიზებ, განსაზღვრავ რა უნდა გაკეთდეს დღეს და რისი გადადება შეიძლება ხვალისთვის, გათვალე მაქსიმუმ რა დრო სჭირდება ამ ყველაფრის გაკეთებას. ასე დროის მენეჯმენტით გეგმას არ გადაუხვევ და არ გამოგრჩება გადაუდებელი საქმეები.

7. იყავი აქტიური და კომუნიკაბელური

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დილის ძილის მოყვარულთა კატეგორიას განეკუთვნები, აუცილებელია კარგად გამოფხიზლდე ოფისში წასვლამდე. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობ. თანამშრომლების გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ მათი უფროსი თავის კაბინეტში ყოველგვარი გამარჯობის და ღიმილის გარეშე შევარდება, ამიტომ აუცილებელია გამონახო დრო კოლეგებთან ურთიერთობებისთვის, იქნება ეს თვალით კონტაქტი, ღიმილი, დილით გულითადი მოკითხვა, დაინტერესება დახმარება ხომ არ სჭირდება საქმეში, ან როგორ გაატარა წინა საღამო. ეს, უპირველესად, შენ, როგორც ლიდერს, დაგეხმარება იგრძნო გუნდის რიტმი და აჰყვე ან აიყოლიო ის. ასევე კარგია დილის შეხვედრების ე.წ. ჰადლის ჩატარება. მაგალითად, თიბისი ბანკი ყოველ დილით ატარებს შეხვედრას და წინა დღის წარმატებულ თანამშრომლებს მადლობას უხდის. ეს წახალისების კარგი ფორმაა, ასევე ხელს უწყობს შენი გუნდის წევრების დაახლოებას.

group

8. მოაწესრიგე შენი სამუშაო ადგილი

ყოველ დილით აუცილებელია შენი სამუშაო მაგიდის მოწესრიგება, ეს არა მარტო დაგეხმარება იყო ტონუსში მთელი დღე, არამედ თავიდან აგაცილებს უწესრიგობას. ასეთ არეულობაში შეიძლება გამოგრჩეს ჩანაწერი მნიშვნელოვანი შეხვედრის თაობაზე, ან პროექტზე გაკეთებული შენიშვნები ჩაიკარგოს. ბევრს უჭირს საქმეზე იფიქროს, როცა ირგვლივ უწესრიგობაა. ამიტომ თუ ეს ყველაფერი წინა საღამოს არ მიგილაგებია, მაშინ დროა ახლა გააკეთო. უპირველეს ყოვლისა, გადახედე მაგიდას, გააანალიზე რა გჭირდება და რა – არა. დარწმუნებული ვარ, წინა კვირაში გაკეთებული ჩანაწერები, ისევ მონიტორზე რომ არის მიკრული ვარდისფერი ქაღალდით უკვე აღარ გჭირდება, და არც ის ქაღალდია საჭირო ყავის ჭიქის დასადებად რომ გამოიყენე, წერილები და ბრძანებები მაგიდიდან აიღე და შესაბამის ბაინდერებში ჩადე, შემთხვევით ან შეცდომით ამობეჭდილები სანაგვეში ყუთში გაუშვი. მოაწესრიგე კომპიუტერის სამუშაო მაგიდა, დაარქვი ყველაფერს თავისი სახელი და ჩაყარე შესაბამის საქაღალდეში.  მე თვითონ ეს ყველაფერი რომ გავაკეთე, გამიკვირდა, ამდენი უსარგებლო ნივთი ჩემს მაგიდაზე რატომ იყო ან საერთოდ, როგორ ეტეოდა.

itprof

9. არ გაგიტაცოს ინტერნეტმა

ერთერთი სიძნელე დასაქმებულისათვის –  რაზეც ექსპერტები ერთპიროვნულად თანხმდებიან, არის ის, რომ სამსახურში მისვლის და კომპიუტერის ჩართვისთანავე არ უნდა შეხვიდე ინტერნეტში, თუ ეს სამსახურებრივი საჭიროებიდან არ გამომდინარეობს. შეიძლება ინტერნეტით მეგობარმა სასაცილო ვიდეო გამოგიგზავნა, ნიუსების შემოწმებას, სპორტული ანგარიშების გადახედვას და Like-ების დათვალიერებას კიდევ მოასწრებ. ეს ყველაფერი დროს გართმევს და დღის ყველაზე ნაყოფიერ მონაკვეთს გაკარგვინებს. უპირველესად, მკაცრად გადახედე ფოსტას, ყველა წერილი თანაბრად მნიშვნელოვანი არ არის და უმრავლესობის გადახედვას დღის განმავლობაშიც მოასწრებ, უპასუხე მნიშვნელოვან წერილებს, მოუსმინე ხმოვან შეტყობინებებს. მნიშვნელოვანი საქმის შუადღისთვის გადადება მოგცემს იმ შედეგს, რომ შეიძლება ეს საქმე საერთოდ ვეღარ გააკეთო. შესაძლოა შენი უფროსი, ვისთანაც წერილზე პასუხი უნდა შეათანხმო შეხვედრაზე გავიდეს შუადღისას, ან მნიშვნელოვან საქმეზე რეკავდე და უკვე შესვენებაზე იყვნენ გასული. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იმედია მიხვდი, ჯერ სჯობს მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთო და ინტერნეტში ძრომიალს დღის მეორე ნახევარშიც მოასწრებ. თან ბევრი ადამიანი დილით უკეთ აზროვნებს, ვიდრე დღის მეორე ნახევარში. ბევრად კრეატიულები არიან და უფრო ნაყოფიერად მუშაობენ.

10. გააკეთე შესვენება

აუცილებლად შეისვენე შუადღისას. თუ მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვს, რომლის გადადებაც პრობლემებს გამოიწვევს, შეეცადე შესვენება არ გამოტოვო. დილის დაძაბული მუშაობის შემდეგ, შენს გონებას განტვირთვა სჭირდება. სასურველია დიდხანს ჯდომის შემდეგ ცოტა გაიარო, ამიტომ ნუ შემოიტან საჭმელს ოფისში ან უახლოეს კაფეში ნუ შეირბენ. უმჯობესია, თუ ცოტას გაისეირნებ კოლეგებთან ერთად, ან მეგობრებს დაუთქვი შეხვედრა ცოტა მოშორებულ კაფეში. შედეგი: ნახავ მეგობრებს, რომლებსაც ხანდახან სამსახურის გამო კვირაობით ვერ ნახულობ, გასინჯავ ახალ საჭმელს და გაიცნობ ახალ ადამიანებს, ცოტას სხეულსაც გაამოაფხიზლებ.

რა თქმა უნდა, ეს სია შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მთავარია არ გაფლანგო დრო. გამოიყენე დილის ნათელი გონება სამუშაოს შესასრულებლად. იყავი უფრო აქტიური და ხალისიანი ეს ყველაფერი დაგეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში და წარმატების მიღწევაში.