კვლევებმა აჩვენა, რომ ყვავილები ადამიანებზე დადებითად მოქმედებს და პოზიტიური განწყობის შექმნაში ეხმარება. ცნობილია, რომ მოდის გურუები პროდუქტიულობასა და კრეატიულობის მოზღვავებას ფლორისა და ფაუნის მეშვეობით აძლიერებენ. მაგალითად, J. Crew-ს პრეზიდენტისა და ამავე დროს კრეატიული დირექტორის, ჯენა ლაიონსის მაგიდას მშვენიერი სურნელოვანი პიონები ამშვენებს. შენი სამუშაო მაგიდის მოწყობას მნიშვნელოვნად შეუძლია იმოქმედოს შენს პროდუქტიულობასა და წარმატებაზე.

შექმენი განწყობის დაფა

მიაკარი შთამაგონებელი სურათები დაფაზე, რომელსაც შენი მაგიდა უყურებს. როდესაც მაინსპირირებელი სურათები მუდმივად თვალთახედვის არეალში გაქვს, ყოველთვის მიილტვი უკეთესობისკენ, პოზიტივისკენ, კრეატივისკენ, ან გახსენდება, რომ სწორედ ამ პლაჟზე გსურს დასვენება. მიმართე საკუთარი სურვილების ვიზუალიზაციას და ოცნებები აუცილებლად ახდება.

გამოფინე მიღწევები

წამახალისებელი და მადლობის წერილები, მოსალოცი ბარათები, სასიამოვნო მომენტების აღმბეჭდველი სურათები, სერტიფიკატები თუ დიპლომები – გამოიტანე და გამოფინე, რომ მოტივაცია და ენთუზიაზმი არ დაგეკარგოს და იმისთვის, რომ სხვამაც დაინახოს შენი წარმატება.

იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში

თუ ჩვეულებრივ, სრული სამუშაო დღე გაქვს, სამსახურში უფრო მეტ დროს ატარებ, ვიდრე სახლში. ამიტომაც, შენი სამუშაო გარემო სასიამოვნო და კომფორტული უნდა იყოს. თუ საკუთარი ოფისი გაქვს, სადაც კლიენტებს იღებ, შემატე მისაღებს ნათელი აქცენტები – ფერადი ბალიში ან მყუდრო შალი დივანზე კლიენტებს თავს კომფორტულად აგრძნობინებს, ხოლო სამუშაო მაგიდის სკამზე დატოვებული თბილი შარფი ცივ დღეებში გამოგადგება.

შექმენი წიგნის კუთხე

წარმატებული ადამიანები ყოველთვის მიილტვიან საკუთარი მიზნებისკენ და ყოველთვის ცდილობენ რაღაც ახლის შეძენას, გაგებას, შესწავლას თავიანთ სფეროში. გამოყავი ადგილი შენი პროფესიის შესაბამისი წიგნებისთვის, გამოფინე და, რა თქმა უნდა, თავადაც გაეცანი მათ.

მოაწესრიგე და დაასუფთავე

ყველას თავისი ხედვა აქვს მაგიდის წესრიგზე. ზოგის მაგიდაზე კრეატიული არეულობაა, რაც აბსოლუტურად მისაღებია, რადგან ეს სამუშაო პროცესია. მაგრამ არ მგონია მოგეწონოს, თუ ბიზნეს პარტნიორის სამუშაო არეალი ბინძური და მოუწესრიგებელია. სამუშაო სივრცე ორგანიზებულად და სუფთად შეინახე.

ჩართე კრეატიულობა

ნუ გადავარდები მეორე უკიდურესობაში. მოსაწყენად მოწესრიგებული მაგიდა თვალს არ ახარებს. მოათავსე საკანცელარიო ნივთები ფერად ყუთებში, ან დაამატე პირადი სახალისო დეტალი მაგიდაზე.

ეს რჩევები დაგეხმარება სამუშაო გარემოს გადახალისებაში და საკუთარი თავის, თანამშრომლებისა და ხელმძღვანელობის წინაშე წარმოჩენაში, რადგან პირველი, რასაც ადამიანი ხედავს გარეგნობაა და ხშირ შემთხვევაში ამით ხელმძღვანელობს სხვა ადამიანის შეფასებისას. შესაბამისად, შენი საოფისე მაგიდის ზედაპირი გამოხატავს შენს პიროვნებასა და სამუშაო თვისებებს, რასაც თავის მხრივ, შეუძლია ხელი შეუწყოს, ან შეაფერხოს შენი წინსვლა და დაწინაურება.