ახალი სამსახური როგორი სასიამოვნო და სასიხარულოც არ უნდა იყოს, ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ ახალ გარემოსთან მოგიწევს ადაპტაცია და ახალ ხალხში თავის დამკვიდრება. ძალიან კარგია, თუ  ახლობელი ან მეგობარი დაგხვდება, რომელიც ამაში დაგეხმარება, რჩევებს მოგცემს და ყველაფერს აგიხსნის. თუმცა არსებობს უნივერსალური რჩევებიც იმისათვის, რომ ახალ ადგილას ადაპტირება  მაქსიმალურად ადვილი იყოს.

business-woman

საქმიანი გარემო

1. დაიცავი დრეს-კოდი

პირველ შთაბეჭდილებას ადამიანზე სწორედ მისი ჩაცმულობით ვიქმნით, ამიტომ  წინასწარ გაარკვიე, როგორი დრეს-კოდია იმ კომპანიაში, ოფისში ან დაწესებულებაში, სადაც მუშაობას იწყებ. თუ ისეთი პროფესია გაქვს, სადაც ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გილოცავ, ძალიან გაგიმართლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯობია საერთო წესებს დაემორჩილო. ნუ მიიქცევ ყურადღებას მყვირალა ჩაცმულობით, ჯობია ეს  ტანსაცმლის მაგიერ შენს მიერ შესრულებულმა საქმემ გააკეთოს.

2. იყავი პუნქტუალური…

ყველაზე ცუდი, რაც შეგიძლია გააკეთო, პირველივე სამუშაო დღეს დაგვიანებაა.  კი, ქალაქში ხშირია საცობები, ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაუმართავია,  ამიტომ  შეიძლება დაიგვიანო. მაგრამ არა ახალ სამსახურში. სწორედ ამიტომ, პირველი კვირების განმავლობაში ჯობია შედარებით ადრე გამოხვიდე სახლიდან. დროზე ადრე მიხვალ ოფისში? მით უკეთესი, მოიდუღე ყავა და მშვიდად დალიე, შედი შენს საყვარელ საიტზე,  გახსენი ფეისბუქი.  დილით ნახევარი საათის “დაკარგვა” უფროსის წინაშე თავის მართლებას და ათასი სულელური მიზეზის მოგონებას ნამდვილად ჯობია.

business-loans-for-women

3. …და ორგანიზებული

ახალ, სტრესულ გარემოში შეიძლება შენმა გონებამ სიურპრიზები გაგიკეთოს და რაიმე “დაავიწყდეს”, ამიტომ დაგეგმე, ჩამოწერე, ჩაინიშნე. გამოიყენე გუგლის კალენდარი, მობილურის დამგეგმავი, სტიკერები. მაგალითად, მე  კომპიუტერის დესკტოპი ვირტუალური სტიკერებით მაქვს აჭრელებული. ან მარტივად, ფურცელზე  ჩამოწერე სია და პუნქტები გადახაზე, დღის ბოლოს კი  გადააგდე. ჯობია ზედმეტად იფრთხილო, ვიდრე პრიველივე კვირას რაიმე სერიოზული გამოგრჩეს.

4. დასვი შეკითხვები და ითხოვე დახმარება

ახალ სამსახურში გასვლისას ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება.  მაქსიმალურადეცადე, თავად გააკეთო ყველაფერი, მაგრამამასთანავე, არ მოგერიდოს იკითხო, თუ როგორ შეადგინო კონკრეტული დოკუმენტი, სად არის ესა თუ ის ნივთი, როგორ გადაანაწილო რესურსი, ანდა უბრალოდ, რამდენი დღეა გამოყოფილი შვებულებისთვის. მთავარია შეკითხვების დასმისას სწორი დრო შეარჩიო და არ დაიწყო გამოკითხვა მაშინ, როცა შენს უშუალო უფროსს აშკარად ძალიან ბევრი საქმე აქვს ანდა განსაკუთრებით ცუდი დღე ქონდა და აგრესიულად გამოიყურება.

Office workers laptop

5. ითანამშრომლე შენს უშუალო უფროსთან

ყურადღებით გაეცანი იმ დავალებებს, რასაც გაძლევს, იხელმძღვანელე უშუალოდ მისი მითითებებით და არა საკუთარი შეხედულებებით. საკუთარი ინიციატივა დროებით უკანა პლანზე გადაწიე, ახლა მთავარია, მისი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურო. ყოველთვის ჩააყენე საქმის კურსში, მოახსენე შესრულებული დავალებების შესახებ.

6. ყოველთვის გადაამოწმე ოფიციალური მიმოწერა

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომა  ნაწერის არგადამოწმებაა.  ყოველთვის გადაიკითხე ყველა იმეილი, სანამ გააგზავნიდე. გრამატიკული შეცდომები, ჟარგონები, ბეჭდვითი შეცდომები – ეს ყველაფერი მაშინვე იქცევს ახალი უფროსის ყურადღებას. ნუ აფიქრებინებ მას, რომ უბრალო წერილის დაწერაც კი არ შეგიძლია და ნუ დააყენებ შენი მომავალი დაწინაურების შანსებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

Office-workers-jumping-ar-001

7. შვებულება მოიცდის

კი, შენ  შეგიძლია უკვე აიღო ორკვირიანი შვებულება და ზღვაზე წახვიდე, შენი მეგობარი აგერ უკვე ერთი თვეა გეპატიჟება, მაგრამ დამსაქმებლებს ძალიან არ მოწონთ, როცა ახალი თანამშრომელი ასე მალე გადის შვებულებაში.  ეს არც ძველ; თანამშრომლებს მოეწონებათ და შეიძლება რამდენიმე არაკეთილისმსურველიც გაიჩინო. თუ გინდა, რომ სანდო და შრომისმოყვარე თანამშრომლის რეპუტაცია შეიქმნა, ჯობია, რამდენიმე თვე მაინც მოიცადო, საუკეთესო შემთხვევაში კი გართობა შემდეგი ზაფხულისთვის გადო. თანაც, ზღვამდე სულ რაღაც ოთხი საათის გზაა და შაბათ-კვირასაც შეგიძლია გასეირნება.

ინტეგრირება გუნდში

როდესაც უკვე ფორმირებულ გუნდში ხვდები, სადაც როლები უკვე გადანაწილებულია, ყოველთვის არის იმის შიში, ვაითუ ვერ მოერგო სიტუაციას, ვერ გახდე გუნდის სრულუფლებიანი წევრი. სინამდვილეში, ეს ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

8. იყავი პოზიტიური

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას. დატოვე არასამსახურეობრივი პრობლემები სახლში, გაიღიმე, იყავი თავაზიანი და მეგობრული ყველასთან. დაეხმარე წვრილმანებში სხვებს, გამოიჩინე ყურადღება.

0324_workplace-friend_390x220

9. ნუ იჩქარებ ახალ თანამშრომლებთან დამეგობრებას

შენს გვერდით მაგიდასთან მჯდომი იმ სერიალის ფანია, შენ რომ გიყვარს, აი ის ბიჭი კი ისეთი მომხიბლავი, ეს კოლეგაც ისე სანდომიანად გამოიყურება… მაგრამ ფრთხილად, სანამ  ოფისის ჭორაობაში შენც ჩაებმებოდე, კარგად დააკვირდი შიდა ურთიერთობებს. ფრთხილად შეარჩიე სიტყვები და წინადადებების შინაარსი, ხოლო სამსახურზე წუწუნი და უფროსის საქციელის განხილვა ძველ მეგობრებთან ერთად ჯობია, ჭიქა ყავაზე, რომელიმე კაფეში.  წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ერთ დღესაც აღმოაჩინო, რომ უფროსმა ზუსტად იცის, რა აზრის ხარ მის ახალ ვარცხნილობაზე ან რომელიმე ბრძანებაზე.დამეგობრებას ყოველთვის მოასწრებ, საწყის ეტაპზეუბრალო კეთილგანწყობაც საკმარისია. კარგად დაფიქრდი, სანამ ვინმეს ნდობას გადაწყვეტდე.

10. დაიხურე იქაური ქუდი

ყველა ოფისში საკუთარი ტრადიციები აქვთ. ჩემთან, მაგალითად, დილის ყავაზე ერთად შეკრება აუცილებელი რიტუალია, აქ ხდება ინფორმაციის გაცვლა, დამეგობრება, შვებულებების დაგეგმვაც კი.  თუ გინდა რომ მაქსიმალურად მალე ადაპტირდე, ამ ტრადიციებს მოერგე. თუ ყველა თანამშრომელი ლანჩზე სამსახურის კაფეტერიაში გადის, სახლიდან წამოღებული ბუტერბროდები დროებით გვერდზე გადადე და შენც მათ გაყევი. თუ წინა ოფისში დაბადების დღეზე ტორტი მიგქონდა და აქაურები ერთმანეთს სადმე ეპატიჟებიან გასართობად, ჯობია შენც სადმე დაპატიჟო.

computer-girl

11. საკამათო პუნქტი: დახურე ფეისბუქის პროფილი

არაა აუცილებელი, მთელმა ოფისმა გაიგოს, თუ რა კარგი დრო გაატარე ამ შაბათ-კვირას წვეულებაზე, რამდენი სასმელი დალიე, ან როგორ გამოიყურება შენი ახალი ბიკინი ზღვის ფონზე.  შეგიძლია კოლეგები  სპეციალურ სიაში ჩასვა, რომლისთვისაც მსგავს პირად ინფორმაციებს დამალავ. ასევე არაა აუცილებელი საჯაროდ ილაპარაკო სამსახურზე და კოლეგებზე. არის შემთხვევები, როცა ამის გამო ადამიანებს სამსახურიდან ათავისუფლებენ ან პრობლემებს უქმნიან.

ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები ყველა სიტუაციას, რა საკვირველია, ვერ მოერგება, თუმცა იმედი მაქვს, ახალ სამსახურში გადასვლისას ცოტათი მაინც დაგეხმარება.

keep-calm-and-good-luck-on-your-new-job-3