მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას უახლეს ისტორიაში მდედრობითი მმართველი არ ჰყოლია, მაინც არსებობენ ისტორიული ლიდერები, რომლებიც იმპერიებს მართავდნენ და მამრ მმართველებს არც ჩამორჩებოდნენ. ისტორიას მრავლად ჰყავს ასეთი მაგალითები:

  • დედოფალი ჰატშეფსუტი
  • კლეოპატრა
  • ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ პირველი
  • რუსეთის დედოფალი ეკატერინე
  • ავსტრიის მარია ტერეზა
  • საქართველოს თამარი და მრავალი სხვა

ქალებს, რომლებმაც ძალაუფლების ხელში აღება მოახერხეს, დიდი წარმატება ხვდათ წილად.

პოლიტიკური ფსიქოლოგების აზრით, ამას ახსნაც აქვს.

მეცნიერები თვლიან, რომ მამაკაცებთან შედარებით, ქალებს უკეთ შეუძლიათ მოლაპარაკებებში მონაწილეობა.

თუ ასეა, რატომ არის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ქალი მმართველების რაოდენობა ძალიან მცირეა?

მონარქიებში, ქალებს, რომლებიც ასეთ სიმაღლეებს აღწევდნენ, მხოლოდ ვიწრო ელიტასთან გამკლავება უხდებოდათ. შესაბამისად, ადვილი იყო საკუთარი თავის წარმოჩენა და მართვა. დემოკრატიულ საზოგადოებაში კი ქალებს ბევრად უფრო ფართო პუბლიკასთან უწევთ გამკლავება.

არის ასეთი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი “გოლდბერგის პარადიგმა”:

ადამიანებს სთხოვეს შეეფასებინათ ორი იდენტური პრეზენტაცია. მხოლოდ, ერთ შემთხვევაში მათ პრეზენტაციის ავტორად მამაკაცი გაასაღეს, შემდეგ კი ქალი. უცნაურია, მაგრამ საბოლოო შედეგების მიხედვით, პრეზენტაციამ მამაკაცის ავტორობით მეტი მოწონება დაიმსახურა, ვიდრე იდენტურმა პრეზენტაციამ, რომლის ავტორობაც მდედრობითი სქესის ორატორს მიაწერეს.

როგორც წესი, ჩაცმულობას და გარეგნობას ქალის შემთხვევაში მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მამაკაცის. რამდენიმე კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ქალისთვის ფიზიკური მიმზიდველობა არახელსაყრელიც კია, თუ ის მენეჯერულ პოზიციაზე აკეთებს განაცხადს. მიმზიდველი აპლიკანტები უფრო დაბალ შეფასებას იღებენ, რადგან, თურმე, ისინი ნაკლებად კომპეტენტური ჩანან.

შეგვიძლია, ყველაფერი მამაკაცებს გადავაბრალოთ, ვიწუწუნოთ, რომ გვჩაგრავენ, მაგრამ ეს არ იქნება სიმართლე. თუ ვინმე მჩაგვრელის იარლიყის ღირსია, ეს ისევ საზოგადოებაა, რომელიც არ არის გენდერულად ერთგვაროვანი და ორივე სქესის წევრებს მოიცავს.

სამწუხაროდ, საზოგადოების ცრუ წარმოდგენები ბევრ ადამიანს უშლის ხელს წინსვლაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია. სამწუხაროა ისიც, რომ ფიზიკური მიმზიდველობა შესაძლოა დამაბრკოლებელი გარემოება აღმოჩნდეს ჩვენთვის, თუმცა არა მამაკაცებისთვის, რადგან თურმე “ქალი ლამაზიც და ჭკვიანიც ვერ იქნება”.

სამწუხაროა, რომ საზოგადოება ღიად განარჩევს “ქალის საქმეს” “კაცის საქმისგან”. თუმცა ყველაზე მეტად ის მწყინს, როცა ამ საკითხის განხილვისას ზოგიერთი ქალიც კი აკეთებს მსგავს “აღიარებას”:

“ვერ უარვყოფ, კაცი მაინც ქალზე ჭკვიანია”.