LinkedIn – ქსელი შექმნილი პროფესიონალებისთვის.

აქ უკვე 200 მილიონამდე ადამიანია გაერთიანებული მთელი მსოფლიოდან. ორგანიზაციის მისია მდგომარეობს პროფესიონალთა დაკავშირებაში და მათ წარმატებაში წვლილის შეტანაში. ლინკდინის საშუალებით შეგიძლია დაუკავშირდე ადამიანებს, მიიღო ინფორმაცია სამუშაო ადგილების შესახებ შენს რეგიონში ან შენთვის საინტერესო ორგანიზაციებში.

მიუხედავად იმისა, რომ ლინკდინმა საქართველოში პოპულარულობა მხოლოდ ბოლო დროს მოიპოვა, ქსელი საკმაოდ მოსახერხებელი ინსტრუმენტია ქართველი პროფესიონალებისთვისაც.

მინდა შემოგთავაზო რამდენიმე რჩევა, რომელიც პროფესიული კონტაქტების მოპოვებაში დაგეხმარება და შენს რეზიუმეს მეტი პოტენციური დამსაქმებლისთვის გახდის ხელმისაწვდომს.

1. დარეგისტრირდი და შეავსე პროფილი

ქსელი საშუალებას გაძლევს შენს ვირტუალურ რეზიუმეში მიუთითო ნებისმიერი სასურველი ინფორმაცია. გამოიყენე შესაძლებლობა და შეავსე პროფილი მაქსიმალურად. ყველაზე მნიშვნელოვანი შენს საქმიან პროფილში სამი რამ არის: პროფესიონალური ფოტო, ძლიერი სათაური და გამოყოფილი მოკლე შინაარსი.
ფოტო უნდა იყოს პროფესიონალური, ანუ მომღიმარი და შესაფერისი ჩაცმულობით.

2. დაიმატე პროფესიული კონტაქტები და მოითხოვე რეკომენდაციები

საკუთარი თავის რეკლამირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება რეკომენდაციების მიღებაა. სთხოვე, ყოფილ თანამშრომლებს დაგამატონ კონტაქტებში და განათავსონ რეკომენდაციები შენს პროფილზე.

3. არ მიატოვო პროფილი

დროდადრო აუცილებლად მოინახულე და განაახლე პროფილი, თუმცა ზედმეტი არ მოგივიდეს. თუ უკვე აწყობილ პროფილს კვირაში ორჯერ მაინც მოინახულებ, საკმარისი იქნება. სიახლეებს კი, როგორც წესი, ფოსტით მიიღებ.

4. “გაჰყევი” შენთვის სასურველ კომპანიას

გამოიყენე “Follow” ფუნქცია და თვალი ადევნე შენი ფავორიტის პროგრესს.

5. დაამატე ლინკდინის პროფილი ელექტრონულ ხელმოწერას

ეს როგორ უნდა მოახერხო, ამას ახლავე გიჩვენებ Gmail-ის მაგალითზე.

  • გახსენი შენი Inbox-ი;
  • მარჯვენა ზედა კუთხეში საჭეს ნიშანზე დაწკაპუნებით აირჩიე “Settings”

gmail-settings-dropdown

  • “General” ჩანართში იპოვე “Signature”. გამოჩნდება ფანჯარა, სადაც უბრალოდ აკრეფ ტექსტს, რომელიც გსურს, რომ შენს ხელმოწერაში გამოჩნდეს.
    ხელმოწერას შეგიძლია დაურთო შენი ვებ-გვერდის მისამართი, ან ბმული თუნდაც შენი ლინკდინის პროფილზე გადასასვლელად.
    ბმულის ჩასასმელად საკმარისია დააწკაპუნო ჯაჭვის ფორმის ნიშანზე, ხოლო თუ ფოტოს ან ლოგოს ჩასმა გინდა, Gmail-ის ხელმოწერის ფანჯარა, ამის საშუალებასაც გაძლევს.

how-to-add-gmail-signature1

ახლა რამდენიმე სიტყვით აგიხსნი, თუ როგორ იპოვო ზუსტი ბმული შენი ლინკდინის პროფილისთვის:

  • გახსენი შენი ლინკდინი
  • მარცხენა ზედა კუთხეში აირჩიე “Profile” ჩამოსაშლელი მენიუ და დააკლიკე “View Profile“-ს
  • გაიხსნება შენი პერსონალური პროფილის გვერდი, სადაც შენი პროფილის ფოტოს ქვეშ დაინახავ ბმულს, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება: www.linkedin.com/pub/name/11/a11/111/

გახსოვდეს: ელექტრონული ფოსტა ხელმოწერის გარეშე ყოველთვის არაპროფესიონალურად გამოიყურება, ამიტომ საქმიანი მიმოწერისთვის (მაგალითად, პოტენციურ დამსაქმებელთან) უმჯობესია გამოიყენო ხელმოწერა ბმულებით, რომელიც მაქსიმალურ ინფორმაციას მოიცავს შენი პროფესიული მიღწევების შესახებ.

მაგალითისთვის გთავაზობ ხელმოწერის ფორმატს, რომელიც შეგიძლია დააკოპირო და მონაცემები შეცვალო:

 

პატივისცემით,

სახელი გვარი | მარკეტინგის და პიარის სპეციალისტი
Cell: +(995) 500 00 00 00 | linkedin