კარგი ერთი,  ვინ და როდის ამბობს, აბა, ამას?!

მე ვამბობ. ყოველთვის, როცა კი სამსახურიდან წამოსვლა მიწევს.

ვიცი ყველა იმ გამოუთქმელი თუ ხმამაღლა გამოთქმული ვარაუდის შესახებაც, ამ სათაურის  წაკითხვის შემდეგ რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს:

  • გასაგებია. ეტყობა,  თავის დროზე მშობლებმა ამის მაგივრადაც იმუშავეს.
  • უსაქმურია, სხვა არჩენს.
  • ლატარიაში ხომ არ მოიგო თანხა… რა გვარია?
  • ეს იმის ის არაა?
  • და ა.შ.

კარგი, ვაღიარებ:

  • ჩემს მშობლებს ზარმაცები ნამდვილად არ ეთქმოდათ, მაგრამ მემკვიდრეობაც ისეთივე მოკრძალებული მხვდა წილად, როგორც გენებით გადმოცემული ხასიათი.
  • სხვის კისერზე ჯდომა პრინციპულად ეწინააღმდეგება ჩემს წარმოდგენებს პიროვნულ ღირსებაზე, რისი ხელყოფის საშუალებასაც, არც უკეთური და არც კეთილი განზრახვით, მოვკვდები და არავის მივცემ.
  • ჰოო… ლატარიაში, კაცმა რომ თქვას, მიმართლებს ხოლმე (ცოდვა გამხელილი სჯობს), მაგრამ სწორედ მაშინ მავიწყდება ბილეთის ყიდვა, როცა ჯეკპოტი უნდა გათამაშდეს ;).
  • რაც შეეხება, იმას… საერთოდ არ ვიცნობ, დამიჯერე!

მაშ, რა მახარებს და მაღრიალებს, როცა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაზე დარტყმულ ბეჭედს ჯერ მელანიც არ შეშრობია?

ახლავე აგიხსნი.

პირველ რიგში კი, იმაში გამოვტყდები, რომ არასოდეს… აი, არასოდეს… საკუთარი ნებით არ მიძებნია სამსახური. ყოველთვის სხვა მთავაზობს, დავიწყო მასთან მუშაობა და მეც:

  • ვეთანხმები იმიტომ, რომ ოჯახს სჭირდება და თავს ვიზღვევ სინდისის ქენჯნის შემოტევისაგან;
  • ან ვხვდები, რომ ვინც მთხოვს, მას ვჭირდები და ხათრს ვერ ვუტეხ.

სხვა მოტივი სამუშაოს დაწყებისას არ მქონია და, ღმერთმა ნუ ჰქმნას, მომავალში გამომიჩნდეს.

ვერ ვიტან, ორგანულად ვერ ვიტან სამსახურს… პირველ რიგში კი, იმიტომ, რომ იგი მუშაობის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი პირველი მტერი მაინცაა!

ჰო, ნუ გაიკვირვე, დასაქმება მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ შრომობ (ანუ სასარგებლო საქმიანობით ხარ დაკავებული) და საერთოდაც არ ნიშნავს იმას, რომ შენი მიზნების განსახორციელებლად მოქმედებ ანუ სასურველი მიმართულებით „თხრი“. უფრო მეტიც, ჩვენს დროში თითქმის კულტად ქცეული სამსახურის დაკარგვა ძალიან ხშირად შეიძლება, დიდი გარდატეხის და ყველაზე პოზიტიური ცვლილებების მიზეზად იქცეს შენს ცხოვრებაში, რადგან სწორედ მაშინ იწყება, რაც იწყება…

1. გიჩნდება თავისუფალი დრო იმისათვის, რომ საკუთარ ცხოვრებას ჩაუფიქრდე

umushevroba

თუ დილის ცხრა საათზე სხვის მომსახურებას იწყებ (აბა, სამსახურს სხვა რა შეიძლება დაარქვა) და დღის ბოლოს, გასავათებულს, მხოლოდ ლოგინამდე მისასვლელად გყოფნის ძალა (ზოგჯერ ესეც არ გამოგდის), ძალიან მეეჭვება, სიღრმისეული ფიქრისა და განსჯის დრო ან ენერგია გქონდეს.

დღეები დღეებს ემატება, წლები – წლებს და უეცრად აღმოაჩენ, რომ შენი კი არა, სრულიად უცხო ადამიანის ცხოვრებით გიცხოვრია, იმ ადამიანის, რომლის ადგილზე ყოფნა არასოდეს გინატრია და არც მაინცდამაინც გესიმპატიურება.

უმუშევრობის პერიოდში კი არაჩვეულებრივი შანსი გეძლევა, შეჩერდე და ყველაფერი კარგად გაანალიზო, მიზნები დააზუსტო, გეგმებს საჭირო კორექცია გაუკეთო და დავიწყებული ოცნებების რეაბილიტაცია მოახდინო.

2. გამუდმებით აღარ გენატრება ახლობლები

ojaxi1

სამსახური, განსაკუთრებით, თუ კარგად გიხდის, საშინელი ეგოისტი და მესაკუთრეა: მთლიანად იპყრობს შენს დროს, ტვინს, ნერვებს და ახლობლებისგან საიმედო იზოლაციაში “გეხმარება”. ხშირად ხდება, რომ ტერიტორიულად დაშორებული მეგობრების მოსანახულებლად  კი არა, ოჯახის წევრებთან დასალაპარაკებლადაც არ გცალია.

არადა, ნებისმიერი ურთიერთობა დროს მოითხოვს და ნელ-ნელა ინგრევა, თუ ზრუნვა და ყურადღება მოაკელი. აბა, სხვა რისი იმედი უნდა გქონდეს, თუ დროთა განმავლობაში მეუღლესთან შენი დამოკიდებულება არასრულ განაკვეთზე მომუშავე შინამოსამსახურესთან ურთიერთობას ემსგავსება, შვილისთვის ბანკომატის ფუნქციით შემოიფარგლები, მოხუც მშობლებს კი სოციალური მომსახურების აგენტზე მეტ დროსა და ყურადღებას ვეღარ უთმობ.

ამიტომ, სანამ ამის საშუალება გაქვს, დატკბი და შეირგე დროებითი უმუშევრობით ბოძებული უპირატესობა.

3. გეძლევა პროფესიული სრულყოფისა და თვითგანვითარების ახალი შანსი

kvalifikacia

დიახ, დიახ! პროფესიული სიახლეების გაცნობას, კვალიფიკაციის ამაღლებას და პერსპექტივის დანახვასაც დრო სჭირდება.

თუ უმუშევრობის პერიოდს ნაყოფიერად გამოიყენებ, ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღებას, საჭიროების შემთხვევაში, ახალი რაღაცების სწავლასა და აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებასაც მოახერხებ. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, უფრო მაღალანაზღაურებადი და პერსპექტიული სამსახურის მოსაძებნად შეგიძლია გამოიყენო.

ამასთან ერთად, ჰობისა და სხვა პიროვნული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვისაც იპოვი დროს. ეს კი, ადამიანს ხანდახან (ან ყოველთვის) უფრო მეტ სტიმულს აძლევს ცხოვრებაში, ვიდრე ყველაზე მაღალი ხელფასი და მატერიალური კეთილდღეობა.

ასე რომ, თუ დროებით უმუშევარი დარჩი და შენი დანაზოგი ან ოჯახური მდგომარეობა საშუალებას გაძლევს, ზემოაღნიშნული პუნქტების რეალიზაციით დაკავდე, ეცადე, როგორმე გაიხანგრძლივო ეს ნეტარი პერიოდი. ამავდროულად კი მოძებნო სამსახური, რომელიც მეტ მორალურ და ფინანსურ დაკმაყოფილებას მოგიტანს და უკეთეს პირობებს შეგიქმნის თვითრეალიზაციისთვის.

ვინ იცის, იქნებ გაიხედ-გამოიხედო  და მოულოდნელად აღმოაჩინო, რომ დროა, რაიმე ახალ პროფესიას დაეუფლო ან სულაც საკუთარი საქმე წამოიწყო და ახლა უკვე თვითონ დაასაქმო ადამიანები. ვინ იცის ;).