მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით რთულია მამაკაცების სამყაროში წარმატების მიღწევა. ამის ძირითადი მიზეზი ამ საკითხისადმი მამაკაცების უმრავლესობის დამოკიდებულებაა. ხელს რაც გვიშლის,  ისაა, რომ “ძლიერი” სქესის წარმომადგენლები სხედან იქ, სადაც იღებენ გადაწყვეტილებებს და ახლოს არ აჭაჭანებენ ქალებს იმის შიშით, რომ მათ მიერვე შექმნილი ეს მითი არ დაემსხვრეთ თავზე.

თუმცა, მამაკაცებს რა ჰგონიათ, რა მნიშვნელობა აქვს?! შენ ხომ იცი, რომ წარმატებისათვის ყველა უნარი შეგწევს და შესაძლებლობებიც გიწყობს ხელს.

წარმატებული ადამიანები განსხვავდებიან წარუმატებლებისგან, ამიტომ შედეგს რომ მივაღწიოთ, აუცილებელია გავაანალიზოთ, რას აკეთებენ წარმატებული ადამიანები სხვებისგან განსხვავბულად და შემდგომ, ვეცადოთ, ეს რეალურ ცხოვრებაშიც გავითვალისწინოთ. შემდეგ უკვე, მამრებიც იძულებული გახდებიან გვაღიარონ თანასწორად!

აი, რას აკეთებენ წარმატებული ადამიანები განსხვავებულად:

1. ისახავენ და მიჰყვებიან S.M.A.R.T. ამოცანებსა და მიზნებს.

success (7)ისინი არიან ობიექტურები. მათ რეალური მიზნები ამოძრავებენ. იციან რას ეძებენ და პოულობენ კიდეც. მათი S.M.A.R.T. ამოცანები გააჩნიათ, რაც იშიფრება, როგორც Specific – სპეციფიკური, კონკრეტული; Measurable – გაზომვადი, აწონვადი, განსაზღვრადი; Attainable – მისაღწევი, ხელშესახები; Relevant – რელევანტური, შესაფერისი და Timely – დროული. მიმოვიხილოთ თითოეული

  • Specific – ზოგადი მიზანი – “ფორმაში ჩადგომაა”. კონკრეტული იქნება, გეგმის დასახვა “ვირბინო კვირაში 3-ჯერ შემდგომი 4 თვის მანძილზე”. სპეციფიკური მიზანი უფრო მეტად შესრულებადია, რამდენადაც მისი პარამეტრები უკვე განსაზღვრულია.
  • Measurable – ამოცანის შესრულების პროგრესის გასაზომად უნდა არსებობდეს ლოგიკური სისტემა. ამისთვის დასვი შემდეგი სახის კითხვები:  რა დრო მესაჭიროება მიზნის მისაღწევად? ჯამში ეს ყველაფერი რა ჯდება? როგორ მივხვდები, რომ შედეგი სახეზეა? როცა ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებ, იცი სად დგახარ, რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯი და საითკენ უნდა მიმართო ძალისხმევა.
  • Attainable – გჭირდება რეალისტური მიზანი. ციდან ვარსკვლავების მოწყვეტა, კი, რომანტიკულად ჟღერს, მაგრამ შენც ხომ ხვდები?!
  • Relevant – რელევანტურობა, ანუ შენს შესაძლებლობებზე მაქსიმალურად მორგებული მიზნის შერჩევა, ძალიან რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. განსაზღვრე, რამ უნდა წამოიწიოს წინ და რა დარჩეს უკან.
  • Timely – მიზანი უნდა იყოს მოქცეული დროის ჩარჩოში. არაფერი ისე არ გეხმარება საქმის დროულ შესრულებაში, როგორც – დედლაინები. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურმა საზრუნავებმა ჩვენი მიზნები და ამოცანები არ დაგვავიწყოს.

ყველაფერი დაგეგმე ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გეგმის მიხედვით და მიზნები, რომლებიც ერთ დროს შორეულად გესახებოდა, სულ მალე ხელშესახები გახდება.

2. დგამენ გადამწყვეტ და დაუყოვნებლივ ნაბიჯებს.

success (10)
სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა ვერასდროს აღწევს წარმატებას. რატომ? იმიტომ, რომ ისინი არასდროს დგამენ ნაბიჯს საკუთარი მიზნისკენ და სასწაულს ელოდებიან.

ცოდნის შეძენა არ ნიშნავს იმას, რომ იზრდები. იზრდები მაშინ, როდესაც ამ შეძენილი ცოდნის გამოყენებით ცვლის შენს ცხოვრებას. არ აქვს მნიშვნელობა შენი IQ-ს დონეს და იმას, რომ PhD ხარისხი გაქვს, თუ ამან პროგრესისკენ არ წაგიყვანა. დიდი განსხვავებაა პრაქტიკოს და თეორიტიკოს ადამიანებს შორის და თეორიას პრაქტიკის გარეშე მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობაში თუ გამოიყენებ. ამით კი წარმატებას ვერ მიაღწევ, თუ, რა თქმა უნდა, შენი მიზანი უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ლექციების წაკითხვა ან კვლევითი საქმიანობა არ არის.

3. ფოკუსირდებიან კრეატიულობაზე და არა იმაზე, რომ დაკავებული ადამიანის იმიჯი შეიქმნან.

success (2)
მენტალური სიზარმაცეა ის, რაც ხშირად ხელს გვიშლის, მივაღწიოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს. იმუშავე მოქნილად. მთავარია პროდუქტიულობა და შედეგი.

გადატვირთული და დაკავებული განრიგი ადამიანს ილუზიას უქმნის, რომ ის მნიშვნელოვანი პიროვნებაა. სინამდვილეში, ისინი ბორბალზე მორბენალი ზაზუნასავით არიან.

პრობლემის გადაჭრის გზა: შეანელე სვლა, ამოისუნთქე, გადახედე შენს მიზნებს და ამოცანებს, გადაახარისხე საკითხები პრიორიტეტების მიხედვით. ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი რამ აკეთე. ახლავე შეუდექი საქმეს. ორ საათში მცირე ხნით შეისვენე და შემდგომ კვლავ გაიმეორე ციკლი.

და ყოველთვის გახსოვდეს, შედეგი უფრო მნიშვნელოვანია,  ვიდრე მასზე დახარჯული დრო.

4. იღებენ ლოგიკურ, გაცნობიერებულ გადაწყვეტილებებს.

work
ხანდახან, სრულიად სულელურ საქციელს ჩავდივართ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ვართ ხასიათზე.

არასდროს უნდა მიიღო გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე. საკითხს ცივი გონებით უნდა შეხედო, და იპოვო რაციონალური გამოსავალი.

საუკეთესო და მარტივი რჩევა: არ მისცე ემოციებს უფლება დააჩლუნგოს შენი ინტელექტი. შეჩერდი და დაფიქრდი, სანამ რამეს შეცვლიდე.

5. თავს არიდებენ “სრულყოფილების” მახეს.

success (9)
თუ ჩვენი ერთგული მკითხველი ხარ, გეცოდინება, რომ ამ ქვეყნად არაფერია სრულყოფილი. საკუთარ თავებს ბარიერებს ვუწესებთ და შემდგომ ჩვენი სურვილი წარმატების მიღწევისა ზედმეტ კილომეტრებს გვარბენინებს და შესვენებისთვის დრო აღარ გვრჩება, რომ ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ სიტუაცია. ნუ გაგიტაცებს სრულყოფილებისკენ ლტოლვა, რადგან როცა ჩვენ მიერვე დაწესებულ სტანდარტებთან ახლოსაც კი ვერ მივდივართ, იმედი გვიცრუვდება და ვიწყებთ ნეგატიურ აზროვნებას, რაც ასევე, დამღუპველია წარმატებისკენ მიმავალი ჩვენი გზისთვის.

იცოდე, რომ რეალური სამყარო პერფექციონისტებს არაფრით აჯილდოვებს. ის მხოლოდ საქმის გამკეთებელ ხალხს აფასებს. ასე, რომ, გადადი მოქმედებაზე – მიიღე გადაწყვეტილება.

6. მუშაობენ კომფორტის ზონის მიღმა.

success (4)
წარმატებული ადამიანი მუდამ ცდილობს შედეგებზე გასვლას, თუნდაც ამისთვის დამატებითი ცოდნის, გამოცდილების ან თვისების შეძენა დასჭირდეს და არასდროს ამბობს ახალ შესაძლებლობაზე უარს მხოლოდ იმიტომ, რომ თვლის, ჯერ მზად არ არის.

ამგვარი აზროვნება ჩვენს ზრდასა და წინსვლას აფერხებს, უკან გვხევს და საბოლოო ჯამში, კრახამდე მიგვიყვანს.

უნდა შეძლო ცხოვრების მიერ ბოძებული შესაძლებლობების ამოცნობა და გამოყენება. ნუ შეგეშინდება! ყველაფერი წინ გაქვს!

7. საქმეს არ ართულებენ, ყველაფერს მარტივად უყურებენ.

success (3)
ლეონარდო და ვინჩიმ თქვა, გენიალურობა სიმარტივეშიაო და დღეს, 21-ე საუკუნეში ეს ფრაზა უფრო მეტად ჭეშმარიტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რამდენადაც ჩვენი არჩევანი უფრო ფართოა, რაც შედეგად დაბნეულობას, გართულებას და უმოქმედობას იწვევს.

გაიხსენე, დიდ სუპერმარკეტში არჩევანის გაკეთება გიჭირს მრავალ დასახელებას შორის და ხშირად, იქიდან ხელცარიელი გამოდიხარ. ასევეა ცხოვრებაშიც – ბევრი მარტივად ნებდება, იმის ნაცვლად, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთოს მრავალ ვარიანტს შორის.

როგორ მოიქცე? – დიდ დროს ნუ დაუთმობ გადაწყვეტილებების მიღებას. არჩევანი შეაჩერე ისეთ გამოსავალზე, რომელიც, შენი აზრით, ყველაზე უკეთ იმუშავებს. თუ შეცდი და ეს ვარიანტი საქმეს არ წაადგა, ყურები არ ჩამოყარო, შემდეგი ჯერისთვის გაითვალისწინე და სხვა რამ მოსინჯე.

8. ფოკუსირდებიან მცირე, თუმცა ხანგრძლივ გაუმჯობესებაზე.

success (1)
“გათიშე და იბატონე” – ძველი რომაელების სახელმძღვანელო პრინციპი.

დაიწყე ერთი აქტივობიდან და დასახე გეგმა, როგორ გაუმკლავდები წამოჭრილ პრობლემებს. შესაძლოა, თავიდან გერთულოს, მაგრამ შედეგით კმაყოფილი დარჩები. რაც უფრო იზრდები, მით უფრო დიდ გამოწვევებს შეეჭიდები.

9. ზომავენ და თვალს ადევნებენ საკუთარ წარმატებას.

success (8)წარმატებული ადამიანები მუშაობენ არა მხოლოდ თავის სამსახურში, არამედ, სამსახურზეც. ისინი უკან იხევენ და შემდგომ კვლავ მიილტვიან წინ. ისინი თვალყურს ადევნებენ მათი მიზნების განხორციელების პროგრესს და იციან, როდის რა უნდა უნდა მოიმოქმედონ.

იმას, რაც კარგად არ გაქვს აწონ-დაწონილი, ვერ გააკონტროლებ. წარმოიდგინე, სამსახურში რომ კალმების თავდაპირველ რაოდენობას და მათ ხარჯვას მიადევნო თვალყური, რამდენი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა დაგრჩება ყურადღების მიღმა. ყურადღებით შეარჩიე პრიორიტეტები.

10. ინარჩუნებენ პოზიტიურ აზროვნებას და ამავდროულად, სწავლობენ შეცდომებზე.

success (12)ჩვენს ჟურნალში ბევრი თქმულა იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება. შეცდომას დაუშვებ? – ამოისუნთქე. დაფიქრდი, რის გამო დაუშვი და შემდგომისთვის გაითვალისწინე. ნეგატიური იზიდავს ნეგატიურს.

დაიმახსოვრე: ზოგი კი არა, ყველა ჭირი მარგებელია! შეცდომა – გაკვეთილია. არ იორჭოფო, არ შეგეპაროს ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში და არ მისცე ნეგატივს უფლება გონება დაგიბინდოს.

11. დროს ატარებენ “სწორ ადამიანებთან”.

success (5)
მსგავი ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ. ასე არიან წარმატებული ადამიანებიც, მიილტვიან თავისნაირებთან. მათ არ ეზარებათ კონტაქტი გავლენიან ადამიანებთან, რომლებმაც ზუსტად იციან, რა სურთ ამ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია რა წრეში ტრიალებ, რადგან ადამიანები, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს, დიდ გავლენას ახდენენ შენს აზროვნებასა და განვითარებაზე.

12. ინარჩუნებენ ცხოვებისეულ ბალანსს.

success (11)
თუ ადამიანებს სთხოვ მათი ცხოვრებისეული სურვილების შეჯამებას, მათი უმრავლესობა გიპასუხებს, რომ მათთვის პრიორიტეტულია: “სიყვარულის პოვნა,” “ბევრი ფულის შოვნა,” “ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარება,” “ბედნიერება,” “მიზნების მიღწევა” და ა.შ.

მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ვერ იცავს ბალანსს. ნუ გადააყლაპინებ შენს თავს სამსახურს, ენერგიის რაღაც ნაწილი პიროვნული მიზნებისთვისაც დაზოგე. იპოვე ოქროს შუალედი და მიჰყევი. რომელიმეს უგულებელყოფა, აგრეთვე კატასტროფამდე მიგიყვანს, რაც, მერწმუნე, არ გაწყობს.

success (6)
გიყვარდეს შენი საქმე გულით. ნუ იცხოვრებ იმის მოლოდინში, რომ ყველაფერი სრულყოფილად გექნება. როდესაც კონტროლს იპყრობ ხელთ, ეცადე უფრო ჯანსაღი და მშვიდი გარემო შექმნა შენთვის და გარშემომყოფთათვის. გჯეროდეს შენი წარმატების. ნუ შეგეშინდება რისკების. გახსოვრეს, რომ „წაგება და მოგება ძმები არიან“. ისწავლე წვნეული მარცხისგან. ეცადე, აღარ დაუშვა იგივე შეცდომები. მოუარე თავს ფიზიკურად! ნუ დაიდებ ზედმეტ ცხიმებს – მუდამ ფორმაში ყოფნა წარმატების საწინდარია, რამდენადაც საკუთარ თავს, ისეთ დღეებში, როცა უკეთ გამოიყურები, უფრო მეტად სცემ პატივს და ამით სხვებს აძლევ მაგალითს. გამონახე დრო საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანებისთვის. იყავი ცხოვრების და ადამიანების მადლიერი. სულ ეს არის!

წარმატებას გისურვებთ მამაკაცების სამყაროში! – ის ხომ არაფრად ღირს ქალბატონების გარეშე.