Home მნიშვნელოვანი

 

“გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე და ამით ოჯახში ყველა ძალიან გავაკვირვე. არავის უფიქრია, რომ ოდესმე ტექნიკური საგნებისკენ გამიწევდა გული. არჩევნის გაკეთებისას დედაჩემის სიტყვებით ვიხელმძღვანელე: “აირჩიე ის, რისი კეთებაც სიცოცხლის ბოლომდე არ მოგბეზრდება.” – ასე მოხვდა 19 წლის სალომე ჩილაჩავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტზე.

“აირჩიე ის, რისი კეთებაც სიცოცხლის ბოლომდე არ მოგბეზრდება”

“ფიზიკა ჩემთვის არის სფერო, რომელიც ამოუწურავ შესაძლებლობებს მაძლევს და ძალიან ბევრ დარგს მოიცავს” – სქესის და გენდერული სტერეოტიპების მიუხედავად, სალომეს ის სიცოცხლის ბოლომდე არ მობეზრდება. როცა ადამიანს კონკრეტული სფერო ძალიან აინტერესებს, შრომისმოყვარეობა და მონდომება უკვე საკმარისია.

და, საერთოდაც, როგორ ყალიბდება სტერეოტიპები? აუცილებელია, რომ ლამაზმა, კაფანდარა, სათვალიანმა 19 წლის გოგომ აუცილებლად ჰუმანიტარული საგნები ისწავლოს? რა შუაშია გარეგნობა ან სქესი? შეგიძლიათ, ეს გოგო ნანოტექნოლოგიის ლაბორატორიაში წარმოიდგინოთ, ან კარატეს დარბაზში თავდაუზოგავად მოვარჯიშე, ანდა, გერმანიაში მერსედესის ქარხანაში, ინჟინრებთან ერთად სპეციალურ კომბინეზონში გამოწყობილი და საქმეში ჩაფლული?

ოჯახის წევრების რეაქციებზე ვეკითხები. მპასუხობს, გავაკვირვე ჩემი გადაწყვეტილებითო. მამა ფიქრობდა, რომ სალომე კარგი იურისტი დადგებოდა, დედა თვლიდა, რომ ფილოლოგი, მწერალი, რეჟისორი, ანდა – არქეოლოგი გახდებოდა. ბაბუა კი, სულაც დარწმუნებული იყო, რომ დედისა და უფროსი დის კვალდაკვალ, სამედიცინო სფეროს გაყვებოდა (ხომ იცით, ექიმების შვილები რომ ექიმები ხდებიან ხოლმე და თუ არ ხდებიან, მთელ სანათესაოს რომ უკვირს). დანარჩენები კი, სალომეს მომავალს სამხატვრო აკადემიაში ხედავდნენ, იმიტომ რომ სალომე კარგად ხატავს. სალომემ კი ფიზიკა-მათემატიკურიო.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გადაწყვეტილება უპრობლემოდ მიიღეს და ხელიც შემიწყვეს, დღემდე მაინც მეკითხებიან, გადავიფიქრე თუ – არა” – იცინის სალომე.

მომავალი ბერლინის უნივერსიტეტში

არ გადაუფიქრებია. იანვარში ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება და საბუთებსაც უკვე აგროვებს. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტია და აქ სწავლა ყველასთვის უფასოა, გერმანული უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტებს სხვადასხვა წამყვან კომპანიაში სტაჟირებასაც სთავაზობს. თუ ჩააბარებს, ნანოტექნოლოგიების განხრით დაიწყებს სწავლას.

“ჩიპები, სენსორები, ციფრული ტექნოლოგია მოკლედ… ესეთი რაღაცები მაინტერესებს ამ ბოლო დროს, გერმანიაში კი, მეცნიერს, განსაკუთრებით, ფიზიკის დარგში, გაცილებით პერსპექტიული მომავალი აქვს და უფრო მოთხოვნადიცაა მისი პროფესია”, – მიხსნის სალომე.

ფიზიკით სკოლიდან და ბავშვობიდან დაინტერესდა. კარგი მასწავლებელი შეხვდა, რომელიც მოსწავლეებს ფიზიკის კანონების შესახებ საინტერესოდ უყვებოდა. ცნობისმოყვარე გოგოს გულმაც იქითკენ გაუწია. მალევე აღმოაჩინა, რომ ფიზიკა სამყაროს საიდუმლობებს ასწავლის და უამრავ კითხვაზე სცემს პასუხს. თუმცა უამრავ კითხვასაც ბადებს.

“ეს სფერო ჩემთვის ამოუწურავია, უამრავი მიმართულებით შეიძლება წახვიდე”, მეუბნება სალომე.

კარატეში ყავისფერი ქამრის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი პრიზიორი

სალომეს ოჯახისთვის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ერთადერთი სიურპრიზი არ ყოფილა. წლების წინ მეგობარმა კარატეზე შესვლა შესთავაზა. თვითონაც დადიოდა, ვარჯიშების შესახებ უყვებოდა და ესეც დაინტერესდა.

“ცნობისმოყვარეობამ მძლია და ერთ ვარჯიშზე გავყევი, მას მერე თავის დანებება არც მიფიქრია”.

კარატეში დღემდე ვარჯიშობს. შეჯიბრებებზე სულ მარტო დადის. ბაქოშიც მარტო წავიდა, საიდანაც მესამე ადგილის მედლით დაბრუნდა. დღეს კი უკვე ყავისფერი ქამრის მფლობელია, საქართველოში კი თავის ასაკობრივ და წონით კატეგორიებში – მეორე ადგილს იკავებს.

“კარატე ჩემი ოჯახის წევრებისთვის კიდევ ერთი სიურპრიზი იყო, თუმცა ისედაც ბევრი “არაქალური” გატაცება მაქვს. მაგალითად, მანქანები და იარაღები მაინტერესებს, დანების კოლექციას ვაგროვებ, პირველი დანა შვეიცარული იყო, თუმცა დღეს ერთიღა დამრჩა, სულ წამართვეს მეგობრებმა”.

სწავლა და ვარჯიში ერთმანეთს ჯერჯერობით ხელს არ უშლის. ამბობს, რომ წელს, სანამ გერმანიაში წავა, უნდა მიღწევების გაუმჯობესება და თავდაუზოგავად ვარჯიშობს კიდეც.

მშობლები და ოჯახი

მშობლებისგან წინააღმდეგობა არც ერთ ეტაპზე არ შეხვედრია. რაც წამოვიწყე ხელი ყველაფერში შემიწყვესო, მეუბნება. “არასოდეს ჩარეულან ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ მეხმარებიან, თუკი რამე მჭირდება”. არც მშობელთა კრებაზე ყოფილა რომელიმე მეოთხე კლასის მერე. სრული თავისუფლება ჰქონდა, რომელთან ერთადაც პასუხისმგებლობა თავისთავად მოვიდა – პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა შეცდომის თავისით გამოსწორებას ავალდებულებს. “ასე მიმაჩვიეს პატარაობიდანვე. ჩემი თავის პატრონი მე თვითონ ვარ”, ამბობს სალომე.

შეიძლება გოგოს დაინტერესება კარატეთი და ფიზიკით ვიღაცებისთვის გაკვირვების მიზეზი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, არასოდეს უფიქრია, რომ მისი არჩევანი და ცხოვრება რაღაც მხრივ უცნაურია. ალბათ იმიტომ, რომ ემოციური მხარდაჭერა ყველასგან ჰქონდა, პირველ რიგში კი, ოჯახისგან. რაც შეეხება ტექნიკური საგნების ცოდნას, კიდევ ერთხელ, რა შუაშია სქესი, როცა ყველა ჭკვიან და შრომისმოყვარე ადამიანს სჭირდება ანალიტიკური აზროვნების და ლოგიკის განვითარება?!

“ჩემი აზრით, გოგონები სტერეოტიპებით თავს თვითონვე იბოჭავენ, რომ მოგვიანებით მიზეზი ჰქონდეთ, რატომ ვერ მიაღწიეს იმას, რაც სურდათ.

ყველა გოგომ და ქალმა თვითონ უნდა დაამსხვრიოს თავისი სტერეოტიპი, რომელიც მხოლოდ მის თავში არსებობს.

სტერეოტიპების ჩამოყალიბება მე სიზარმაცის ბრალი უფრო მგონია, ვიდრე – საზოგადოებაში ჩამოყალიბებული შეხედულების იმიტომ, რომ არ არსებობს, რაც ძალიან გინდა, ის ვერ გააკეთო. მართალია, ძნელია ტექნიკური საგნებიც და, ზოგადად, სწავლა მართლა ძნელია, განსაკუთრებით, თავიდან. მაგრამ მაინც, ჩვენს თავებში, პირველ რიგში, სიზარმაცე უნდა დავძლიოთ.”

შენ რას იტყვი?