როგორც წინა სტატიებში აღვნიშნე, ნებისმიერი სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განსხვავდება ჩვეულებრივი საპროცენტო განაკვეთისგან და პრაქტიკაში ყოველთვის აღემატება მას. ამ სტატიაში გასწავლი, როგორ მოემზადო სესხის აღებამდე და ბანკში მისვლამდე და ინტერნეტ-რესურსების გამოყენებით გაარკვიო სესხის რა თანხის მიღებას შეძლებ და სად აქვთ შენთვის უკეთესი პირობები.

დავუშვათ, შენი ხელფასი შეადგენს თვიურ 700 ლარს და გსურს სამომხმარებლო სესხის აღება 2000 ლარის ოდენობით, თვიური გადასახდელის ოდენობა კი არ უნდა აჭარბებდეს 100 ლარს. ქართული კომერციული ბანკების ვებ-გვერდების ნაწილი საშუალებას გაძლევს წინასწარ, ონლაინ-კალკულატორების დახმარებით განსაზღვრო რომელ ბანკში და რა პირობებით გირჩევნია სესხის აღება, ხოლო ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლას შეძლებ.

შეგახსენებ, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის რეალური საპროცენტო განაკვეთი ყველა ხარჯის და საკომისიოს გათვალისწინებით. მოგვიანებით დაინახავ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცოდნა.

კორ სტანდარტ ბანკი

კორ სტანდარტ ბანკი ფიზიკურ პირებს სამომხმარებლო სესხებს წლიური 8%-დან სთავაზობს. ვებ-გვერდზე არის სამომხმარებლო სესხის კალკულატორი, რომელიც ითვლის თვიური გადასახდელის ოდენობას მითითებული პირობების მიხედვით. თუმცა ვებ-გვერდზე ვერ აღმოვაჩინე ინფორმაცია სესხის გაცემის საკომისიოს და საკრედიტო ბიუროში გადამოწმების საკომისიოს შესახებ, შესაბამისად მივმართე ონლაინ ოპერატორს. ჩვენი საუბრის მიხედვით, კორ სტანდარტ ბანკში სესხის აღებისას, მომხმარებელი არ იხდის გადამოწმების საკომისიოს, თუმცა იხდის სესხის გაცემის საკომისიოს, რომელიც მაქსიმუმ 2%-ს აღწევს. ოპერატორი დაინტერესდა იმით, თუ რომელი ბანკის მომხმარებელი ვიყავი და მითხრა, რომ სესხის აღებას 17.5% ეფექტური საპროცენტო განაკვეთის პირობით შევძლებდი, რომელიც მოიცავდა სესხის გაცემის საკომისიოს. მე ეს ინფორმაცია კორ სტანდარტ ბანკის და ეროვნული ბანკის კალკულატორით გადავამოწმე და შედეგი ასეთია: თუ სესხად ავიღებ 2000 ლარს, 2%-იანი საკომისიოს პირობებში რეალურად ჩემს ანგარიშზე გადმორიცხული სესხის თანხა შეადგენს 1960 ლარს (2000*0.98), 24-თვიანი დაფარვის გრაფიკის პირობებში ყოველთვიურად 95.08 ლარის გადახდა მომიწევს. ეროვნული ბანკის კალკულატორის დახმარებით ვამოწმებ მიღებულ ინფორმაციას და ვიღებ შემდეგ შედეგს:

შესაბამისად, ჩემი სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 16.09%-ს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ვებ-გვერდზე მითითებულ მინიმალურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, თუმცა ჩამორჩება ოპერატორის მიერ მოწოდებულ ნიშნულს.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის ვებ-გვერდზე ასევე მოიპოვება სესხის თანხის და წლიური გადასახდელის დასათვლელი კალკულატორი. იმავე პირობებით სესხის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ბანკში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 16.66%-ს, რომელიც მცირედ აღემატება ვებ-გვერდზე მოცემულ მინიმალურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს (16%).

თიბისი ბანკი

თიბისი ბანკის საკმაოდ მოხერხებულ კალკულატორს თუ დავუჯერებთ, იმავე პირობებით, ყოველთვიური გადასახდელი შეადგენს 95.98 ლარს, ვითვალისწინებთ სესხის გაცემის 2%-იან საკომისიოს და საკრედიტო ბიუროში გადამოწმების საფასურს 5 აშშ დოლარის ოდენობით და ვითვლით ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც 17.74%-ს შეადგენს, რაც რა თქმა უნდა აღემატება ვებ-გვერდზე მოცემული ჩვეულებრივი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთების მინიმალურ მაჩვენებლებს, რომლებიც შესაბამისად, 13.95 და 16.44%-ია.

აქ მოყვანილი სამი კომერციული ბანკის გარდა საქართველოში 18 კომერციული ბანკია რეგისტრირებული, თუმცა მათ ვებ-გვერდებზე სესხის კალკულატორს ვერ მივაკვლიე, ან ის იმდენად პრიმიტიულია, რომ არ იძლევა სწორ შედეგს.

როგორც აქ მოყვანილი მაგალითებიც მოწმობს, კომერციულ ბანკებს შორის კონკურენცია უზრუნველყოფს მათი პირობების დაახლოებას, ამიტომ სამივე ბანკის შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთები მხოლოდ უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სესხის აღებისას შესაძლოა დამატებითი ხარჯების გაწევა მოგიხდეს, რომელიც ვებ-გვერდზე არ არის განსაზღვრული და სესხის თანხასთან შედარებით უმნიშვნელოა, თუმცა ცვლის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელობას.

ჩემი რჩევა იქნება კრედიტ-ოფიცერთან გასაუბრების და სასესხო განაცხადის გაკეთების შემდეგ, გამოიყენო ეროვნული ბანკის კალკულატორი და თავად განსაზღვრო რამდენად ღირებულია შენთვის კონკრეტული ბანკის საკრედიტო მომსახურებით სარგებლობა. ასევე, პირველ რიგში ყოველთვის მიმართე შენს მომსახურე ბანკს, სადაც ხელფასი გერიცხება, რადგან ამ შემთხვევაში საუკეთესო პირობის მიღების მეტი შანსი გაქვს.

და რაც მთავარია, არ მოაწერო ხელი სასესხო ხელშეკრულებას მანამ, სანამ დეტალურად გაეცნობი მასში ჩადებულ ყველა პირობას. ეს იმისთვის, რომ მომავალში უსიამოვნო მოულოდნელობებისგან თავი დაიზღვიო.

შესაჯამებლად:

  • აუცილებლად მიაქციე ყურადღება ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს და მის გამოსათვლელად ეროვნული ბანკის კალკულატორი გამოიყენე
  • აუცილებლად შეადარე ერთმანეთს რამდენიმე ბანკი და გადაწყვეტილება მომსახურების მიღების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე
  • ხელმოწერამდე ყურადღებით წაიკითხე ხელშეკრულება!!!
  • გაითვალისწინე, რომ ხელშეკრულებაში გადახდის სტანდარტული პირობების გარდა ჩადებულია სხვა მრავალი ფინანსური პირობა, მაგალითად სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო
  • ყურადღება მიაქციე სესხის ოდენობას, რომელსაც იღებ ყველა დამატებითი ხარჯის დაფარვის შემდეგ, რომელიც სესხის მიღებასთანაა დაკავშირებული, და არა სესხის ძირის ოდენობას.

მოგვიყევი ბანკთან ურთიერთობის შენი გამოცდილების შესახებ და დაგვისვი ნებისმიერი კითხვა – ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით!

და გახსოვდეს: თანამედროვე, ჭკვიან ქალს აქვს ინფორმაცია და სრული წარმოდგენა საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე!

შენიშვნა: ავტორი პასუხს არ აგებს სტატიაში წარმოდგენილი ციფრობრივი მონაცემების სიზუსტეზე. მონაცემები აღებულია სტატიაში ნახსენები კომერციული ბანკების ოფიციალური ვებ-გვერდებიდან 2014 წლის 1 მაისის მდგომარეობით.