Home წარმატება

დეპოზიტი კლიენტის მიერ ბანკში გარკვეული პერიოდით ან უვადოდ განთავსებული თანხაა, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი. ეროვნული ბანკის განმარტებით, კომერციული ბანკები დეპოზიტის სინონიმად იყენებენ ანაბარს.

თუ თავისუფალი ფული გაგაჩნია და მისი დაზოგვა გსურს, მიმართე რომელიმე ფინანსურ ინსტიტუტს და განათავსე შენი ფული, რომელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ სარგებელთან ერთად დაიბრუნებ. თუ გაინტერესებს, რა უნდა გაითვალისწინო ფინანსური ინსტიტუტის შერჩევისას, გადახედე შემდეგ კრიტერიუმებს:

  • პროცენტული სარგებელი
  • დეპოზიტის ვადა
  • დეპოზიტის ვადის ცვლილების (გახანგრძლივების) შესაძლებლობა
  • დეპოზიტის შევსების ან თანხის ვადაზე ადრე გატანის შესაძლებლობა
  • ჯარიმები და დეპოზიტის ვალუტის კონვერტაციის საშუალება

დეპოზიტის რამდენიმე ტიპი არსებობს:

ვადიანი დეპოზიტი

ვადიანი დეპოზიტი კლიენტის მიერ ბანკში კონკრეტული ვადით განთავსებული თანხაა, რომელსაც ერიცხება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, იხსნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული თანხით და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეუძლებელია თანხის დამატება. დეპოზიტის ვადის ზრდასთან ერთად იზრდება საპროცენტო განაკვეთი. სხვა ტიპებისგან განსხვავებით, ვადიანი დეპოზიტის ვადამდე ადრე გატანა შესაძლებელია მხოლოდ არასრულ პერიოდზე განსაზღვრულზე დაბალი სარგებლის დარიცხვით.

გადავხედოთ საქართველოში მოქმედ ოთხ კომერციულ ბანკს და გავიგოთ ვადიან ანაბარზე მათი პირობები. მაგალითისთვის განხილულია 12-თვიანი ვადიანი ანაბარი ლარში.

საქართველოს ბანკი საკუთარ კლიენტებს ვადიანი ანაბრის გახსნას სთავაზობს შემდეგი პირობებით: სარგებელი – 9% თანხის ვადის ბოლოს გატანის შემთხვევაში, ხოლო სარგებლის ყოველთვიურად გატანისას – 8.50%, ასევე ანაბრის თანხის სასურველ სხვა ვალუტაში კონვერტირება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. მინიმალური შენატანი შეადგენს 500 ერთეულს, ანაბრის ვადა 3-დან 24 თვემდეა.

თიბისი ბანკი კლიენტებს შემდეგ პირობებს სთავაზობს: სარგებელი 8.50%, წინასწარი გატანისას (ანაბრის დარღვევისას) საპროცენტო სარგებელს აკლდება 4%. ინტერნეტ-ბანკით სარგებლობისას თიბისი ბანკი სთავაზობს დამატებით 0.5%-იან სარგებელს ანაბარზე. მინიმალური შენატანი აქაც 500 ერთეულია, თანხის დამატება შეუძლებელია. თუ პერიოდულად ანაბარზე თანხის დამატება გსურთ, თიბისი ბანკი გთავაზობთ ვადიანი+ ანაბარს, თუმცა ამ შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი 8%-მდე იკლებს. ანაბრის ვადა 3 თვიდან 2 წლამდეა.

კორ-სტანდარტ ბანკი ანაბრის შემდეგ პირობებს გვთავაზობს: საპროცენტო სარგებელი – 9,50%, რომელიც ანაბრის დარღვევის შემთხვევაში იკლებს და უტოლდება შემნახველ დეპოზიტზე მოქმედ საპროცენტო სარგებელს, ანაბარზე თანხის დამატება შეუძლებელია. მინიმალური თანხა აქაც 500 ერთეულია, ვადა კი 3 თვიდან 24 თვემდე პერიოდი

ლიბერთი ბანკის პირობები ჩვენი მოცემულობისთვის ყველაზე კონკურენტულია, კერძოდ: სარგებელი 12%-ს შეადგენს, თუმცა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში წლიური საპროცენტო სარგებელი მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ანაბრის შევსება შეუძლებელია, მინიმალური შენატანი შეადგენს 100 ერთეულს, ხოლო ვადა 3-დან 24 თვემდე პერიოდს.

ზრდადი დეპოზიტი

ზრდადი დეპოზიტი არის ვადიანი ტიპის დეპოზიტი, რომელიც იხსნება კონკრეტული ვადით და ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით, თუმცა დეპოზიტზე შესაძლებელია თანხის დამატება. დასამატებელი თანხის მინიმალური ოდენობა და პერიოდულობა განისაზღვრება წინასწარ.

საქართველოს ბანკი საშუალებას გაძლევთ შეიტანოთ 50-დან 1000-მდე ერთეულის ოდენობის თანხა და 12 თვეზე მიიღოთ ფიქსირებული 8%, თანხის დამატება შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობით და პერიოდულობით, თანხის ოდენობის შესაბამისად იზრდება სარგებელიც: 1000-3000 ლარამდე – 8.25%, 3000-5000 ლარამდე – 8.50% და ა.შ. ვალუტის კონვერტირება ამ შემთხვევაშიც თავისუფალია.

თიბისი ბანკი გთავაზობთ ანაბარს „ჩემი მიზანი“, რომელიც ზრდადი ანაბარია და 12 თვეზე 8%-იან სარგებელს იძლევა. თანხის დამატება შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობით (მინ 10 ერთეული) ყოველთვიურად. თუმცაიმ შემთხვევაში თუ სამი ან მეტი თვის განმავლობაში ანაბარზე თანხას არ დაამატებთ, დაგერიცხებათ 4%-ით ნაკლები სარგებელი.

კორ-სტანდარტ ბანკი მომხმარებელს ზრდად დაგროვებად ანაბარს სთავაზობს 8,50%-იანი სარგებლით. მინიმალური შენატანი აქ 20 ერთეულია, ყოველთვიური მინიმალური შენატანი კი ასევე 20 ერთეული.

ლიბერთი ბანკი შევსებად ანაბარზეც საკმაოდ მოსახერხებელ პირობებს გვთავაზობს. პროცენტული სარგებელი აქ 11%-ია, მინიმალური შენატანი 5 ერთეული, შევსება კი შესაძლებელია ნებისმიერ დროს ნებისმიერი ოდენობით. დამატებითი შენატანის გატანა თქვენი სურვილისამებრ მთლიანი ხელშეკრულების დარღვევის გარეშე შეგიძლიათ.

შემნახველი/მოთხოვნამდე დეპოზიტი

შემნახველი/მოთხოვნამდე დეპოზიტი უვადო სახის დეპოზიტია, რომელსაც ერიცხება გარკვეული საპროცენტო სარგებელი. ამ ტიპის დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი სხვა ტიპის დეპოზიტებთან შედარებით ნაკლებია.

საქართველოს ბანკს მოთხოვნამდე ანაბარზე 2%-იანი სარგებელი აქვს, მინიმალური პირველადი შენატანი 1000 ერთეულია, ანაბრის ვადა შეუზღუდავი, დარიცხვა კი ხდება ყოველდღიურად.

თიბისი ბანკის პირობებიც მსგავსია: წლიური სარგებელი – 2%, ანგარიშის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება – 0.90 ლარი, სარგებლის დარიცხვა ხორციელდება ყოველდღიურად.

კორ-სტანდარტ ბანკს შემნახველ ანაბარზე ლარში 3%-იანი სარგებელი აქვს, მინიმალური თანხაა – 5 ერთეული, პროცენტი ირიცხება ყოველი თვის ბოლოს, პროცენტის დასარიცხად აუცილებელი მინიმალური ნაშთია 500 ერთეული.

ლიბერთი ბანკში შემნახველი ანაბრის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ აშშ დოლარში ან ევროში. სარგებელი წარმოადგენს 5%-ს აშშ დოლარისთვის და 4%-ს ევროსთვის, რაც საკმაოდ მაღალია. პირველადი მინიმალური შენატანი არ მოითხოვება, სარგებელი ერიცხება რთული პროცენტით (არა მხოლოდ თქვენ მიერ შეტანილ თანხაზე, არამედ მასზე დარიცხულ სარგებელზეც), თანხის დამატება ნებისმიერ დროს, შეუზღუდავადაა შესაძლებელი, სარგებლის გატანაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, საკომისიოს გარეშე.

მოგვიყევი ბანკთან ურთიერთობის შენი გამოცდილების შესახებ და დაგვისვი ნებისმიერი კითხვა – ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით!

და გახსოვდეს: თანამედროვე, ჭკვიან ქალს აქვს ინფორმაცია და სრული წარმოდგენა საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე!

შენიშვნა: ავტორი პასუხს არ აგებს სტატიაში წარმოდგენილი ციფრობრივი მონაცემების სიზუსტეზე. მონაცემები აღებულია სტატიაში ნახსენები კომერციული ბანკების ოფიციალური ვებ-გვერდებიდან 2014 წლის 25 ივნისის მდგომარეობით.

 

შენ რას იტყვი?