თანამედროვე მსოფლიოში დასაქმებულთა დიდი უმრავლესობა მხარჯველია, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილური შემოსავლის პირობებში თანამედროვე ადამიანი ირჩევს შეიძინოს ახლა და გადაიხადოს მოგვიანებით. ამის საშუალებას იძლევა შუამავლები, რომლებსაც ყველა კომერციული ბანკების სახელწოდებით ვიცნობთ. კომერციული ბანკი არის შუამავალი დაზოგვის და სესხების მსურველებს შორის. პროცედურის სტანდარტიზება საშუალებას იძლევა ეს ყველაფერი მინიმალური დანახარჯებით გაკეთდეს, შედეგად სამივე მხარე კმაყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფინანსურ ინსტიტუტებს მომსახურების მრავალფეროვნების მხრივ მაღალ განვითარებას არ მიუღწევია, ჩვენთანაც არსებობს ფულის შოვნის/დაზოგვის უამრავი ინსტრუმენტი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია და ცოდნა, რომელიც საკუთარი ფინანსების ეფექტიანად სამართავად აუცილებელია.

შენ, როგორც თანამედროვე ქალი, აუცილებლად უნდა იყო ინფორმირებული ფინანსური ინსტიტუტების როლის და ფინანსური ინსტრუმენტების მუშაობის პრინციპების შესახებ. ეს გაგიადვილებს გადაწყვეტილების მიღებას და იმ ელემენტარულ შეცდომებსაც აღარ დაუშვებ, რასაც სავარაუდოდ, აქამდე უშვებდი. ამაში Pink.ge – შენი საუკეთესო მეგობარი დაგეხმარება.

მაშ ასე,

რა უნდა იცოდე პლასტიკური, იგივე საბანკო ბარათების შესახებ?

პლასტიკური ბარათების ორი ტიპი არსებობს:

  1. სადებეტო ბარათი, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს განკარგოს მის ანგარიშზე არსებული თანხები. სადებეტო ბარათის გამოსაყენებლად აუცილებელია ბარათზე თანხის შეტანა. სადებეტო ბარათით შესაძლებელია მხოლოდ იმ რაოდენობის თანხის დახარჯვა, რომელიც მფლობელს ანგარიშზე აქვს.
  2. საკრედიტო ბარათი, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს განკარგოს თანხები ემინენტის (ბარათის გამომშვები, საბანკო ინსტიტუტი) მიერ დაწესებული საკრედიტო ხაზის ოდენობით. ეს იმას ნიშნავს, რომ საკრედიტო ბარათის შეძენისას ბანკი გაძლევს თანხის ლიმიტს, რომლის წინასწარ დახარჯვა შეგიძლია. საკრედიტო ხაზი განისაზღვრება ბარათის მფლობელსა და ემინენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. შესაძლებელია საკრედიტო ხაზის გაზრდაც, რისი მოთხოვნაც ბარათის მფლობელის მიერ საკრედიტო ხაზის გაზრდის თხოვნის/განაცხადის წარდგენითაა შესაძლებელი.

ყველა კომერციულ ბანკს გააჩნია ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი (გარდა პერსონალურისა) ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართო შენი ბანკის ცხელ ხაზს და მოითხოვო ბარათის შეყვანა ე.წ. სტოპ სიაში, რაც შენს ანგარიშზე არსებული თანხების არაავტორიზებული გამოყენების რისკს ამცირებს. იმ შემთხვევაში, თუ განცხადების მიუხედავად შენი ბარათის არაავტორიზებული გამოყენება მოხდა, უფლება გაქვს ზარალის ანაზღაურება მოსთხოვო კომერციულ ბანკს.

რა უნდა იცოდე საკრედიტო ბარათების შესახებ?

საკრედიტო ბარათის საშუალებით შეგიძლია შეიძინო კონკრეტული საქონელი/მომსახურება, ან გაანაღდო კრედიტის თანხა. საკრედიტო ბარათს არ აქვს დაფარვის სტანდარტული გრაფიკი, როგორც სხვა ტიპის სესხებს. საკრედიტო ბარათების უმრავლესობას აქვს კონკრეტული საშეღავათო პერიოდი, ხშირად 60 დღის ოდენობით, რომლის განმავლობაშიც ათვისებულ თანხას არ ერიცხება პროცენტი. თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ თანხის გამოტანისას გეჭრება საკომისიო, რომელიც მერყეობს 0.2-სა და 0.7%-ს შორის და განსხვავდება ბანკების და საკრედიტო ბარათის ტიპის მიხედვით. ამასთან, საკრედიტო ბარათების მომსახურების წლიური საკომისიო ბევრად მაღალია ჩვეულებრივ სადებეტო ბარათებთან შედარებით. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, საკრედიტო ბარათების წლიური საპროცენტო განაკვეთი მაღალია და ხშირად 45%-საც აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ შენი საკრედიტო ხაზი 1000 ლარს შეადგენს და ათვისებული 1000 ლარის დაფარვა ვერ მოახერხე საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, ძირი თანხის (1000 ლარის) გარდა, პროცენტის თანხის ანაზღაურებაც გიწევს, რომელიც 45%-იანი ეფექტური განაკვეთის პირობებში წელიწადში 450 ლარს შეადგენს.

ალბათ შენც მიგიღია მომსახურე ბანკისგან შეთავაზება საკრედიტო ბარათის უფასოდ დამზადების და საკრედიტო ხაზის გახსნის შესახებ. თუმცა ასეთი პრომო-შეთავაზებები არ გაძლევს ინფორმაციას იმაზე, რომ უფასოა ბარათის დამზადება, თუმცა მაინც მოგიწევს მომსახურების წლიური საკომისიოს გადახდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ბარათი შეიძინე და გადაგავიწყდა მისი არსებობის შესახებ, შესაძლოა, არც თუ ახლო მომავალში შენი მომსახურე ბანკისგან შეიტყო, რომ შენს მფლობელობაში არის მოქმედი საბანკო ბარათი, რომელსაც მართალია არ იყენებდი, მაგრამ წლების მანძილზე მომსახურების საკომისიოს დავალიანება დაგიგროვდა, რომელიც უნდა დაფარო.

მსგავსი სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად:

  • არასდროს შეიძინო/განაცხადო თანხმობა საკრედიტო/სადებეტო ბარათის დამზადებაზე, რომელიც არ გჭირდება
  • არასდროს დაივიწყო შენს მფლობელობაში არსებული საბანკო ბარათების შესახებ
  • თუ აღმოაჩენ, რომ გაქვს ბარათი, რომელიც გაჩუქეს და არ იყენებ, დაუყოვნებლივ მიმართე ბანკს და განაცხადის საფუძველზე მოითხოვე ბარათის გაუქმება/განადგურება
  • არასდროს დათანხმდე ბანკის შემოთავაზებას, სანამ დეტალურად არ გაეცნობი ხელშეკრულებას და საკრედიტო ხაზის წესებს
  • ყოველთვის ბოლომდე წაიკითხე ხელშეკრულება და ყურადღება მიაქციე მცირე ზომის შრიფტით დაბეჭდილ მუხლებს
  • და ბოლოს, ყურადღება მიაქციე წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც ყოველთვის აღემატება წლიურ საპროცენტო განაკვეთს.

ამ ყველაფრის შესახებ დეტალურად შემდეგ სტატიაში მოგიყვებით, მანამდე კი ყურადღებით დაათვალიერე შენი ბარათები და დღესვე იზრუნე იმაზე, რომ მომავალში უსიამოვნო სიურპრიზებისგან თავისუფალი იყო. მოგვიყევი ბანკთან ურთიერთობის შენი გამოცდილების შესახებ და დაგვისვი ნებისმიერი კითხვა – ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით!

და გახსოვდეს: თანამედროვე, ჭკვიან ქალს აქვს ინფორმაცია და სრული წარმოდგენა საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე!