მრავალ დაწესებულებაში დრეს-კოდის საკითხი ჯერ კიდევ ვაკანსიაზე გასაუბრების დროს წყდება: მოკლე კაბა, შორტი,  ჯინსი და ბრიჯი სათავეშივე იფილტრება, ისევე როგორც მათი მატარებელი ადამიანი. კანდიდატის გარეგნული მხარე, სამსახურისადმი მის დამოკიდებულებაზე მეტყველებს. განსაკუთრებული ყურადღება კი ექცევა ისეთი ტიპის თანამშრომლების გარეგნობა-ჩაცმულობას, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა, კერძოდ კი ოფისში მომუშავე პერსონალს ვგულისხმობ.

საზღვარგარეთ დრეს-კოდის მომენტი ფართოდაა გავრცელებული და მიღებულია სხვადასხვა კომპანიებში. ხშირ შემთხვევაში კონტრაქტში გაწერილია ჰალსტუხის ფერიც კი.  მსგავსი მიდგომა საშუალებას იძლევა წარმოაჩინოს ორგანიზაციის საქმიანი სტილი: თანამშრომელთა კოსტიუმებზე დაატანოს კომპანიის ლოგო თუ საფირმო სიმბოლიკა. ეს ხერხი აძლევს საშუალებას არც თუ ისე მსხვილ კომპანიებს ჩამოაყალიბონ საკუთარი ბრენდი და შექმნან დასამახსოვრებელი სავაჭრო მარკა. დრეს-კოდმა ჩვენთანაც წარმატებით მოიკიდა ფეხი, რაც მისასალმებელია. შეამჩნევდით ალბათ ბანკებში ცისფერ, სტაფილოსფერ, წითელ ხელსახვევიან მომსახურე პერსონალს. :)

რას გულისხმობს დრეს-კოდი? ხშირ შემთხვევაში მკაცრს სტილს, ზოგადად რომ ვთქვათ. საქმიანი კოსტიუმი მუქ ტონალობაში, მაისური, ჰალსტუხი – მამაკაცებთან ყველაფერი ნათელი და მარტივია. ქალების შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა. ზოგადად ქალურ დრეს-კოდში იგულისხმება ელეგანტური კოსტიუმი, შარვალი და პიჯაკი, ქვედაბოლო არ უნდა ადიოდეს მუხლს ზემოთ. კაბა – სასურველია არ იყოს ძალიან მომდგარი ტანზე. ფერები მუქი, ნეიტრალური „პასტელური“. არანაირი სიჭრელე და მკვეთრი, მყვირალა შეხამებები. ეს ზოგადად.
უფრო დეტალურად კი რა არ უნდა ჩავიცვათ სამსახურში:

  • ღრმა დეკოლტე
  • მოკლე/მინი ქვედაბოლო თუ შარვალი
  • ბრჭყვიალა ან/და გამჭვირვალე ნაჭრის ტანსაცმელი
  • მოკლე ზედატანი, სხვანაირად რომ ვტქვათ ჭიპი არ უნდა ჩანდეს
  • ტანზე მომდგარი, მოტმასნილი ტანსაცმელი, იქნება ეს ზედა, შარვალი თუ კაბა
  • ყოველთვის ატარეთ ლიფი. გაითვალისწინეთ, რომ ლიფი უნდა იყოს იმავე ფერის, რაც მაისური. არანაირი კონტრასტები, თეთრი მაისურის ქვეშ ვარდისფერი აზღუდის სახით.

თავისთავად:
სუფთა თმა – თუნდაც ვერ მოასწროთ ვარცხნილობის გაკეთება, მთავარია თმა სუფთად გამოიყურებოდეს – უკანგადაწეული და შეკრული თმაც კლასიკურად შეიძლება გამოიყურებოდეს. არანაირი მძაფრი სუნი, იქნება ეს სუნამო თუ ოფლი. მოვლილი ფრჩხილები ოთხივე კიდურზე. ეს არ ნიშნავს რომ სალონში უნდა აღამებდეთ. დაკვნეტილი თითის ფრჩხილები და ლაქგადამძვრალი პედიკური უამოვნო სანახავია. ფრჩხილის მინიმალური მოწესრიგება ყველას ძალუძს. ტანსაცმელი ყოველთვის მოწესრიგებული, გაუთოებული. ფეხსაცმელი გაწმენდილი (ატარეთ ჩანთით ფეხსაცმლის საწმენდი პატარა ღრუბელი).

მაკიაჟის არქონა ისევე მიუღებელია, როგორც მისი გადაჭარბებული გამოყენება. წამწამების შავი ტუში და ტუჩის „ბლესკი“ ყოველთვის თან იქონიეთ.

***

საოფისე გარდერობის საბაზისო მასალას უნდა შეადგენდეს მუქ ფერში გადაწყვეტილი ერთი-ორი ცალი ქვედაბოლო, შარვალი, პიჯაკი – შავი, მუქი ნაცრისფერი, მუქი ლუჯი, ყავისფერი. აუცილებლად იქონიეთ თეთრი და შავი მაისური, როგორც გრძელი მკლავით, ასევე მოკლე. შემდეგ უკვე მარტივად იქნება შესაძლებელი ამ ერთი შეხედვით უღიმღამო კოსტიუმისათვის გამახალისებელი და ინდივიდუალიზმის მომანიჭებელი დეტალის დამატება, მკვეთრი ფერის მაისურისა თუ თვალწარმტაცი აქსესუარების სახით.

შემოდგომა ზამთრისთვის თხელი ჯემპრები და ნაქსოვი პიჯაკები ყოველთვის მისაღებია და თბილია. შესაბამისად, ვინარჩუნებთ ფერების სიმკაცრეს.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს ყველაფერი უღიმრამოდ და მოსაწყენად ჟღერს/იკითხება, ფერადი აქსესუარები მოგვცემენ ფანტაზიის გაღვივების საშუალებას. ყელსაბამი, შარფი, სამაჯური, საათი, არჩევანი დიდია. ოფისის ფორმა არ გულისხმობს მაინცდამაინც ასექსუალურობას. მით უმეტეს, წამყვანი დიზაინერებისა და მოდის სახლების უმრავლესობა უყურადღებოდ არ ტოვებს საქმიან სტილს.

საოფისე დრეს კოდი და ჩაცმულობა საკმაოდ ფართო თემაა. არ შევხებივართ ფეხსაცმელსა და ჩანთებს <3 რომელიც არანაკლებ საინტერესო და ყურადსაღები საკითხია.

მაშ, მომავალ პოსტამდე… :)