არსებობს ქალთა რამდენიმე კატეგორია, მე ორ ნაწილად გავყოფდი. კარიერისტები და მეოჯახეები. არსებობს ქვეკატეგორიები, მაგ: ქალი კარიერისტი, რომელიც ახერხებს ოჯახის ყოლასაც ან მეოჯახე, რომელიც ცდილობს კარიერის გაკეთებას. რა თქმა უნდა, არის ორივე ვარიანტის შეთავსების და წარმატების შანსები – გააჩნია ქალის მონდომებას, მონაცემებს და მიზანსწრაფულობას.

კარიერისტები

ჩემი მეგობარი ნათია უნივერსიტეტის დამთავრებამდე მოეწყო სამსახურში. სტაჟირებიდან შტატში ჩაჯდომამდე გზა სწრაფად გაიარა და უკვე წლებია საბანკო იერარქიის საფეხურებს მაღლა და მაღლა ითვლის. კარიერა და ფინანსური დამოუკიდებლობა მშვენიერია უდავოდ, უბრალოდ ამ ყველაფრის პარალელურად ბუნებრივია, რომ პირადი ცხოვრებისთვის დროც ნაკლები გრჩება.

ნათიას ანგარიშზე უამრავი სასიყვარულო რომანი და შუა გზაზე გაწყვეტილი ურთიერთობებია. მის დატვირთულ რეჟიმს და დამოუკიდებლობას მამაკაცები უფრთხიან ანდა ვერ უძლებენ. მე კი მიმაჩნია, როდესაც ნათია მასავით წარმატებულ მამაკაცს შეხვდება, ტანდემი შედგება. ამის შემდეგ, როგორ მოახერხებს ის კარიერის და ოჯახის შეთავსებას? ამ თემაზე გვისაუბრია და ვიცი, როდესაც ოჯახს შექმნის, ამით მის კარიერას საფრთხე არ დაემუქრება

რჩევა: ნათია მზადაა ოჯახური ვალებულებები ძიძას და მნე ქალს გადააბაროს.

95420085824661225_EXSZpt9S_c

მეოჯახეები

აქ ცოტა რთულადაა საქმე. ამ ტიპის ქალბატონები ვერაფრით ვერ ხვდებიან, რატომ უნდა იმუშაონ თვითონ, როდესაც სახლში ისედაც მილიონი საქმეა და ბავშვებსაც სჭირდებათ პატრონობა (მათ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა). ასეთი ტიპაჟი ვნებს როგორც საკუთარ თავს უაზრო ერთგულებით და სოციალური ცხოვრების უგულვებელყოფით, ასევე გარშემომყოფებსაც.

აბა, კარგად დაფიქრდით, თუ თავად ამ კატეგორიის ქალბატონებს განეკუთვნებით, რა არის თქვენი საუბრის მუდმივი თემა?! საოჯახო საქმეები, ბავშვები, ქმარი და ასე დაუსრულებლად. როგორი მოსაბეზრებელია თქვენი მეგობრებისთვის გამუდმებულად ამ (და მათთვის ესოდენ უინტერესო) თემებზე საუბარი. ისინი სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობენ: სამსახური, მივლინებები, ღამის კლუბები და კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც საოჯახო საქმეებს ვერ გასცდა.

რჩევა: სამსახურის პოვნის არც დრო გაქვს და არც სურვილი. ეცადე დაკავდე იმაზე სასარგებლო რამით, ვიდრე ოჯახური საქმეებია. მაგალითად, სპორტით, ქველმოქმედებით, რაიმე მარტივ კურსებზე ჩაეწერე ან ჩემსავით ბლოგერობას მიჰყავი ხელი.
Happy-Woman-and-Kids

მეოჯახე -კარიერისტი

სამწუხაროდ, ასეთი ვარიანტი ჩემს პირად პრაქტიკაში არ შემხვედრია. იმედია, მკითხველები გამომეხმაურებიან და მაცნობებენ ასეთ ფაქტებს. შეიძლება ჯერ გაიკეთო კარიერა და შემდეგ შექმნა ოჯახი ან პირიქით.  ჩემი პირადი მაგალითით და თეორიულადაც რომ ვიმსჯელო, წარმოუდგენლად მეჩვენება ეს ამბავი. ყოველთვის გამოჩნდება ქმარი, რომელსაც შენი მამრობითი სქესის უფროსი არ მოეწონება, ბავშვი, რომელიც მაშინ გახდება ავად, როდესაც გადაუდებელი შეხვედრა გაქვს დანიშნული და ასე დაუსრულებლად.

რაც მთავარია, რომელ კატეგორიასაც არ უნდა მივეკუთვნებოდეთ, მთავარია დავრჩეთ ქალურები და მომხიბვლელები. ვეცადოთ ჩვენი ცხოვრება გახდეს უფრო ლამაზი და ხალისიანი, იმის მიუხედავად – საოჯახო საქმეებით ვართ დაკავებული, თუ უფრო მნიშვნელოვანი სამსახურეობრივი პასუხისმგებლობების ზიდვა გვიწევს (შეიძლება ორივესიც ერთად).