ვინც არ მუშაობს, ის რომ არ ჭამს, ჯერ კიდევ ბავშვობისდროინდელი ზღაპრებიდან გვახსოვს, თუმცა იმისთვის, რომ ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვო, ამგვარი მიდგომაც არ ყოფილა საკმარისი. განსაკუთრებით, როცა საქმე ქალებს ეხება.

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქალის ოჯახის გარეთ ყოფნას მეტისმეტად ძნელად ეგუება ქართველი მამაკაცის სათუთი ფსიქიკა. ოჯახის უზრუნველყოფა ოდითგანვე მის პრეროგატივად, ხოლო შვილების აღზრდა და კერიის მოვლა-პატრონობა ქალის მთავარ მოვალეობად მიიჩნეოდა. ერთი შეხედვით, ცუდი თითქოს არაფერია როლების ამგვარ გადანაწილებაში, მით უფრო, თუ ყველაფერი მხარეთა ურთიერთშეთანხმებისა და ნებაყოფლობის საფუძველზე ხდება, თუმცა ეს მხოლოდ – ერთი შეხედვით.

მოდი, გონების თვალი გადაავლეთ ნაცნობი დიასახლისების სიას და ჩემთან ერთად დარწმუნდით იმაში, რომ როცა ქალი ამ როლს თანხმდება, იგი, როგორც წესი, ქმრის ხელისშემყურედ მოიაზრება. არ გააჩნია პირადი ფინანსები და კოლგოტკის საყიდელი ფულისთვისაც მისთვის უწევს ანგარიშის ჩაბარება. მაშინაც კი, როცა მისი ძვირფასი მეუღლე ოჯახის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარი ჰობის დაფინანსებას (მაგალითად, რესტორნებში დროსტარებას) ახმარს, თანაც სრულიად “სამართლიანად” თვლის, რომ ოჯახში შემომტანი ისაა და ფულიც მისი შეხედულებით უნდა განიკარგებოდეს.

უფრო მეტიც: მამაკაცთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალმა ოჯახის მარჩენლის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა უნდა გამოამჟღავნოს და მისი ნებისმიერი ახირება უსიტყვოდ დააკმაყოფილოს. იზრუნოს იმაზე, რომ დასვენების საათებში დისკომფორტი არ შეექმნას, საშინაო ჩუსტები დროულად მიართვას, ტელევიზორის ყურება აცალოს, აბაზანა გაუმზადოს, ყურადღებით იყოს, რომ ბავშვებმა არ შეაწუხონ და ა.შ.

აბა, რა…დაიღალა და დასვენება სჭირდება!

ქალი კი რას აკეთებს?!

დიდი-დიდი, ბაზარში წავიდეს, სადილი მოამზადოს, სარეცხი გარეცხოს, ბინის კეთილმოწყობასა და სისუფთავეზე იზრუნოს,
ბავშვებს მიხედოს, სკოლაში წაიყვანოს, საჭიროების დროს გაკვეთილების მომზადებასა და პრობლემების გადაჭრაში მიეხმაროს, ოჯახის ავადმყოფ წევრებს მოუაროს, დღესასწაულებზე სუფრა გააწყოს, სტუმრებს მოემსახუროს… ანუ, როგორც სავალდებულო მინიმუმი: ძიძის, მზარეულის, დამლაგებლის, მოსამსახურის, აღმზრდელის, ფსიქოთერაპევტის, მედდის, დღესასწაულების ორგანიზატორის და ა.შ. მოვალეობები შეითავსოს. ცუდი არ იქნება, თუ მასაჟისტის, პარიკმახერის, დიზაინერის და პიარმენეჯერის პროფესიებსაც დაეუფლება. თანაც, ვალდებულია, გარეგნული მომხიბლავობაც შეინარჩუნოს, თავს სათანადოდ მიხედოს და კვალიფიციური სექსუალური პარტნიორის როლსაც წარმატებით გაართვას თავი. ასე მეუღლე ყველაფრით (?) კმაყოფილი ეყოლება და კაცს სხვისკენ აღარ გაექცევა თვალი.

აი, სულ ეს არის, რაც მოეთხოვება ქალს, რომელიც “არ მუშაობს”, “სახლში ზის” და “ქმარი არჩენს”. ყველამ კარგად იცის, “ვინც იხდის, მუსიკას ის უკვეთავს”, ამიტომ ვერაფერს იტყვი, თუნდაც გულში ღრმად იყო დარწმუნებული, რომ შენი შრომა, თავისი სირთულითა და პასუხისმგებლობის ხარისხით, არაფრით ჩამოუვარდება “პირველი ნახევრის” ესოდენ მძიმე ხვედრს.

სხვათა შორის, ამას წინათ, ერთ-ერთ უცხოურ ტელეარხზე მოვისმინე: ქალი მდიდარი მეუღლისგან მოითხოვდა, სათანადოდ აენაზღაურებინა ყოველგვარი მომსახურება, რასაც იგი ოჯახს უწევდა და ყველაფერი რომ დაიანგარიშეს, აღმოჩნდა – ამ მომსახურების ფულადი ექვივალენტი ლამის აღემატებოდა ქმრის შემოსავალს. ჭკუის სასწავლი ისტორიაა? ალბათ, თუკი ფართოდ გავრცელებული მამაკაცური შეხედულების საწინააღმდეგოდ, ქალს ეს უკანასკნელი ნამდვილად გააჩნია.

თუმცა უნდა ითქვას, ბოლო ხანებში ჩვენი მამაკაცების მენტალიტეტშიც შეიცვალა რაღაც-რაღაცები. კერძოდ, დარწმუნდნენ, რომ ოჯახს არც ქალის შემოტანილი ფინანსები აწყენდა. ამიტომ სულ უფრო და უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას ამჟღავნებენ, როცა ქალი სურვილს გამოთქვამს, სამსახური მოძებნოს, მაგრამ… სწორედ ეს “მაგრამ” არის, საქმეს რომ ართულებს. უფრო კონკრეტულად კი, სანამ ქალი მუშაობის გადაწყვეტილებას მიიღებს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ ქართველი ქმარი, არც ცოცხალი და არც მკვდარი, დათანხმდება:

  • სამსახურში მეტი დრო გაატაროს, ვიდრე ოჯახში;
  • არ შეასრულოს ზემოთ ჩემ მიერ გულმოდგინედ აღწერილი “ქალური” მოვალეობები;
  • იაროს ხანგრძლივ მივლინებებსა და საქმიან ვახშმებზე;
  • იმუშაოს მამაკაცების (განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და სიმპატიურების) გარემოცვაში…

შეზღუდვების სია მით უფრო გრძელია, რაც უფრო მდიდარი ფანტაზია აქვს მამაკაცს, ხოლო როგორ წაადგება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება კარიერულ წინსვლას, მზარდი კონკურენციის პირობებში, განსაკუთრებული ფანტაზიის გარეშეც ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.

ამ ყველაფრიდან კი, პირადად მე, მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შევძელი:

ქალი, რომელსაც სამსახურებრივი კარიერის გაკეთება სურს, ხშირად ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე, როგორშიაც ჭრელი პეპელა, ერთ ცნობილ საბავშვო სიმღერაში.

ამ გადაუჭრელ დილემას კი ხანდახან ოჯახის ერთიანობა ეწირება.

დამნაშავე? დამნაშავე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქალია, რომელმაც ოჯახს “უღალატა” და არჩევანი სამსახურის სასარგებლოდ გააკეთა. ის კი არავის ახსენდება, რომ ოჯახურ სცენარს ცოლ-ქმარი ერთად წერს და როცა მისი სიუჟეტი ოჯახის თითოეული წევრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, მისი პიროვნული შესაძლებლობების რეალიზების მიმართულებით არ ვითარდება,  საიმედო  “ბუდის” მოწყობა მიუღწეველ ოცნებად რჩება.