ხელმძღვანელობასთან თუ კლიენტთან შეხვედრა, ზოგჯერ ოფისის კედლებს გარეთ ხდება, კონკრეტულად კი რესტორანში. ბიზნეს-ლანჩი პროფესიონალური ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ აუცილებელია მსგავში შეხვედრის ნიუანსების ცოდნა, თუ არ გსურთ „გოიმად“ ჩაგთვალონ ან მარტივად, თავი კომფორტულად იგრძნოთ.

დრეს კოდი

აუცილებელია შენს გარდერობში იყოს ერთი ისეთი კაბა, რომელიც მსგავსი შეხვედრებისთვის იქნება ზედგამოჭრილი. ანუ: რადგან შეხვედრა ოფისს გარეთ ჩატარდება, შესაძლებელია, რომ საოფისე დრეს-კოდს გადაუხვიო და არ გამოიყურებოდე ძალიან მკაცრად. თუმცა ამავე დროს თავი უნდა აარიდო მყვირალა ფერებს, ძალიან მომდგარ სილუეტსა თუ „გულწრფელ“ დეკოლტეს, ისევე როგორც სხვა არაფორმალურ სტილს. მცირე შენიშვნაც: თუ შენს უფროსს ჩაცმულობაში თავშეკავება ახასიათებს, ნუ შეეცდები მის დაჯაბნას შენი ყველაზე ძვირადღირებული დიზაინერული სამოსით.

მენიუ

შეკვეთისას რეკომენდირებულია თავი აარიდოთ ექსტრავაგანტური თუ ეგზოტიკური საკვების არჩევას. ასევე გაითვალისწინეთ და არ აიღოთ კერძი, რომელსაც ბევრი “ჩალიჩი” ჭირდება, ან არაესთეტიურად იჭმევა (მაგალითად ხინკალი), რომელიც ხრამუნობს ან ბევრი წვენი აქვს და  ჩაკბეჩისას შეიძლება უხერხულად დაიღვაროს. სასურველია აიღოთ იგივე, რასაც თქვენი კლიენტი იღებს ან წინასწარ გადახედოთ მენიუს. დღეს ინტერნეტი ამის საშუალებას მარტივად გვაძლევს.

მართალია, ყურადღება კვებაზე კი არა, საქმიან საუბარზე უნდა იყოს გადატანილი, მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ, რომ თუ ვეგეტარიანელების ან მომარხულეთა წრეში  მოხვდებით, დიდი და სისხლიანი სტეიკის შეკვეთისაგან თავი შეიკავეთ. მეორეს მხრივ, სასურველია არ მოახვიოთ თავს გარშემომყოფებს თქვენი კუჭნაწლავის პრობლემები ამა თუ იმ კერძთან დაკავშირებით. ჯობია კერძზე უარი თქვათ მიზეზის დასახელების გარეშე და არ იყვიროთ იმის შესახებ, რომ ხართ მარხვაზე/დიეტაზე/წამლებზე.

ალკოჰოლური სასმელის შეკვეთა რეკომენდირებულია, თუ მას შენს გარდა თქვენი სტუმარი/მასპინძელიც აიღებს და თან საკუთარი თავის ამბავი შენვე უნდა იცოდე: ერთი ბოკალი ღვინო ბრინჯივით დაგაბნევს თუ უფრო თამამს გაგხდის საქმის წარმატებით დასასრულებლად.

საუბარი

არ უნდა იყოს რეალობას და საქმეს მოწყვეტილი, თუმცა შესაძლებელია, ვთქვათ თუ უფროსთან ერთად სადილობ, მეტი გაიგო მის შესახებ. მართალია ოფიციალური ტონი არ იქნება, მაგრამ არც ფამილარობაა სასურველი. ყურადღებით მოუსმინე. თუ საერთო სალაპარაკო თემა მაინც ვერ აღმოაჩინე, ამინდი და საცობების საკითხი ყოველთვის აქტუალურია. ასეცე გაითვალისწინე პოლიტიკისა და რელიგიის თემა „ტაბუირებულ“ თემათა სიის თავშია.

მანერები

სუფრის ეტიკეტის წესი მხოლოდ რამოდენიმეა და მარტივი. შეკვეთას პირველი აძლევს სტუმარი, ან ვინც თანამდებობით უფრო მაღლა დგას, თუ არ დაგითმეს შეკვეთის უფლება, როგორც ქალს. ნაჭრის ხელსახოცს მუხლებზე დაიფენ. საუბარი სავსე პირით მიუღებელია. თუ გასვლა გიწევს, მოიბოდიშე. მობილური ტელეფონის ხმის გათიშვა სასურველია მოხდეს წინასწარ, ხოლო ზარების მიღება თუ მესიჯზე პასუხი, მხოლოდ ძალიან უკიდურეს და სასწრაფო შემთხვევებში. სანამ ჭამას დაიწყებ, დაელოდე, სანამ სხვებსაც მიუტანენ შეკვეთილ კერძებს.

თუ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდით, რამე დაღვარეთ ან თეფში გატყდა, პანიკაში არ ჩავარდეთ. შვიდად ადექით მაგიდიდან, დაუძახეთ ოფიციანტს და სთხოვეთ მას მოაგვაროს ეს უხერხული სიტუაცია. წესით, პროფესიონალმა სწრაფად და მარტივად უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი (რაც საქართველოში ცოტა არ იყოს რთული მისაღებია, მომსახურე პერსონალის სათანადო დონეზე არ ყოფნის გამო – ავტ. შენ.).

და ბოლოს… ანგარიში

ზოგადი წესი ასეთია, რომ იხდის ის, ვისი თანამდებობაც უფრო მაღალია. თუ შეხვედრა არაა დაგეგმილი თქვენი უფროსის მიერ, იხდის ის, ვინც დაგეგმა ეს შეხვედრა. (ქართულ ტრადიციულ გაწევ-გამოწევას  „არა მე გადავიხდი“ და „ნუ მაწყენინებ, შვილებს გაფიცებ“ ადგილი არ უნდა ქონდეს – ავტ. შენ).

ხელის ჩამორთმევა

ეს ცალკე თემაა. ის უნდა იყოს მტკიცე, მაგრამ არა ძლიერი. ხელი მხოლოდ ორჯერ უნდა „ჩამოვართვათ“ – არც მეტი, არც ნაკლები. ცივი ხელის ჩამორთმევა ცუდ ტონად ითვლება, ამიტომ ზამთარში ატარეთ ხელთათმანები, ხოლო სასმელი მარცხენა ხელში გქონდეთ სულ, რომ მარჯვენა იყოს თავისუფალი და თბილი.

წარმატებები და წინსვლა კარიერაში :)