Home წარმატება

რაზეც არ უნდა გესაუბრებოდეთ, ჩვენი ჟურნალის მთავარი და ამოუწურავი თემა ქალია: ქალი სარკის წინ, ქალი სამზარეულოში, ქალი სამსახურში, ქალი საძინებელში, ქალი ოჯახურ ყოფაში, საზოგადოებაში, მარტოობაში…

Pink.ge-ს შემოქმედებითი ჯგუფი ბოლო ხანს იმ ქალების ცხოვრებითაც დაინტერესდა, საკუთარი საქმის წამოწყება რომ განიზრახეს და პირველი ძნელად გასაბედი ნაბიჯები გადადგეს ამ მიმართულებით. გადავწყვიტეთ, მათ ჩვენს საიტზეც მივცეთ თავის წარმოჩენის საშუალება, რადგან ისეთი შეგრძნება გვაქვს,  რომ ამით, როგორც ჩვენი მთავარი რედაქტორი ამბობს, რაღაც ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებთ. ქალები კი, არავისთვის საიდუმლო არაა, ყოველთვის შეგრძნებების მიხედვით ვცხოვრობთ :).

ამიტომ გთხოვთ, ყურადღება არ დაიშუროთ ჩვენი სტუმრისათვის, რომელიც ჟურნალის მკითხველიდან დღეს მისივე რესპონდენტად იქცა და დაგვეთანხმა, თავისი უჩვეულო საქმიანობის შესახებ მოეთხრო.

ninogigauri

ნინო გიგაურმა ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა, რომ მასში შემოქმედის ნიჭმა გაიღვიძა და გამოხატვის ფორმად ბუმბულებით ხატვა აირჩია, თუმცა, სჯობს, ეს ყველაფერი თავად მისგან მოისმინოთ:

ნინო, რამდენადაც ვიცი, პროფესიით მხატვარი არ ხართ, რამ გაფიქრებინათ, ბუმბულებით ხატვა შეგესწავლათ?

შემთხვევით ვნახე სურათი, რომელიც ძალიან მომეწონა, აღმოჩნდა, რომ ბუმბულისგან იყო გაკეთებული. ვინაიდან ხელსაქმე ძალიან მიყვარს, ვცადე, მომეწონა და გამიტაცა. ბუმბულით მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მამშვიდებს.

ninogigauri1

რამდენად შრომატევადი საქმეა?

ძალიან სკრუპულოზური და შრომატევადი საქმეა. დღეს, ძნელია, შენი ორიგინალობით ვინმე გააკვირვო, თუმცა, დამერწმუნებით, ბუმბულით შექმნილი სურათები საოცრებაა. მხატვარი არჩევს ფერებს და ხატავს ფუნჯით – ამას ფერწერა ჰქვია, ჩემს საქმიანობას კი ალბათ „ფრთა-ბუმბულით წერას” დავარქმევდი. ფრინველთა სამოსი ყოფილა ზღაპრული სამყაროს სულისჩამდგმელი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჰაეროვანი ბუმბულისგან შეიძლებოდა ულამაზესი ნახატების შექმნა.

ბუმბულისგან შექმნილი ბუნების სურათები წარმოადგენს “ბუნებას – ბუნების ფერებით”. მხატვარი, როგორც ვიცი, სასურველი ფერის მისაღებად, რამდენიმე ფერის საღებავს ერთმანეთში აზავებს, ბუმბული კი იმდენად ბუნებრივი და სრულყოფილია ფერში – სხვა ფერს აღარ ითხოვს და ერთი სახის ბუმბულში შეიძლება გადაწყდეს სასურველი დეტალი.

ninogigauri

ალბათ მასალის მოძიებაც არ უნდა იყოს იოლი – ყოველ შემთხვევაში, საკანცელარიო მაღაზიებსა და სამხატვრო სალონებში ვერ შეიძენ.

სამუშაო მასალებია: ბუმბული, მუყაო და წებო. ძირითადად ვიყენებ თუთიყუშის, ციცრის, მტრედის, გარეული იხვის, ინდაურის, ქათმის ანუ მხოლოდ ნატურალურ ბუმბულს, რომლის მოძიება საკმაოდ ჭირს.

ninogigauri6

მხოლოდ საკუთარ კომპოზიციებს ქმნით თუ შეკვეთილი ნახატის ან ფოტოს გადატანაცაა შესაძლებელი ამ ფაქტურაში?

არ ვხატავ, მაგრამ შემიძლია რაღაც კომპოზიციების შექმნა. ნებისმიერი სურათს, თუ მომეწონება, აუცილებლად გავაკეთებ – მთავარია, შესაბამისი მასალა მქონდეს.

ninogigauri3

განსაკუთრებით, რა თემები გიზიდავთ?

ყველაზე მეტად მომწონს ფრინველების, პორტრეტების და ტაძრების კეთება.

დაახლოებით, რა ფასად შეიძლება ბუმბულით შესრულებული ნამუშევრის შეძენა?

სურათების ფასი დამოკიდებულია მის ზომასა და სირთულეზე. ასე, 50-დან 150  ლარამდე მერყეობს. მშრალ ხიდთან, ბუმბულით შექმნილი სურათები, ჩემი ნამუშევრებისგან განსხვავებით, საკმაოდ ძვირია.

ninogigauri4

ჩვენი ჟურნალის მკითხველები აუცილებლად დაინტერესდებიან და აქვე გკითხავთ: სად შეიძლება დღეისათვის მათი შეკვეთა? და სად შეიძლება თქვენს ნამუშევრებს გაეცნოს პოტენციური მომხმარებელი?

შეუძლიათ დამიკავშირდნენ სოციალური ქსელით – ფეისბუქით.

(ნინოს მოძებნა შეგიძლიათ სახელით  Nino Gigauri-Kontselidze – ავტორის შენიშვნა).

გარდა ამისა, მაქვს ბლოგი: ნინო გიგაურის ხელნაკეთი ნამუშევრები ninogigauri.wordpress.com. აქ ჩემი ნაქარგები და ყაისნაღით ნაქსოვი სათამაშოების ნიმუშებიც განვათავსე.

შეგიძლიათ თუ არა, შეასწავლოთ ბუმბულებით ხატვა სხვა დაინტერესებულ პირებსაც, თუკი ამისი სურვილი იქნება და რა ვადაშია შესაძლებელი ამ საქმის შესწავლა?

შესწავლის ვადა მონდომებაზეა დამოკიდებული – ალბათ 1 თვე.

წარმატებებს გისურვებთ, ნინო, ულამაზესი სურათები შეგექმნათ. გპირდებით, ხშირად ვინახულებთ თქვენს ბლოგს და სიამოვნებით დავაკვირდებით მისი ავტორის შემოქმედებით წინსვლას :).

მადლობას ვუხდი ჟურნალ Pink.ge-ს რედაქციას ყურადღებისათვის. გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას.

7 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?