მიხეილ ბულგაკოვი ცდებოდა, როდესაც წერდა, რომ “არასდროს არავის არაფერი უნდა სთხოვოთ. რაც გჭირდებათ, თავად მოვა თქვენთან.” სინამდვილეში კი, ადამიანები ტელეპათები არ არიან, ვერ მიხვდებიან თქვენს აზრებს, თუ კი თავად არ გაანდეთ მათ ისინი.

უნდა ითხოვოთ, განსაკუთრებით კი სამსახურში – უფროსობასთან.  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მიღწევები შეუმჩნეველი დარჩება ყველასათვის, თვლის ერთ-ერთი ფსიქოლოგი.

100-იდან 90 შემთხვევაში ჩვენ უკმაყოფილონი ვართ ჩვენი ანაზღაურებით და მიგვაჩნია, რომ გაწეული შრომა არ შეესაბამება იმ თანხას, რასაც გვიხდიან. უფროსობას კი მიაჩნია, რომ თქვენ იმდენს იმსახურებთ, რამდენზე მუშაობსასც დასთანხმდით, ან კონკლუდენტური მოქმედებით თანხმდებით – ხმას არ იღებთ ამის შესახებ.

ეს ასე გაგრძელდება, თუ კი დუმილის ტაქტიკას არ უარყოფთ. და ასეთ ვითარებაში ოფისის ჯუნგლებში გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.

რა უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს?

უპირველესად, საჭიროა თვითშემზადება:

პირველი: გააცნობიერეთ ერთი რამ

თუ კი წელებზე ფეხს დაიდგამთ სამსახურში, ხელმძღვანელობა თავისით არც მოისაზრებს თქვენი შრომის დაფასებას. იფიქრებს, რომ თქვენ ყველაფრით კმაყოფილი და ბედნიერი ხართ, უფრო მეტს დაგავალებთ ისე, რომ ხელფასის მომატებაზე არც იქნება საუბარი.

მეორე: არ იჩქაროთ

ანაზღაურების მატებასა და ახალი თანამდებობის დაკავების შესახებ საუბარი სერიოზული საქმეა.  აკრიფეთ რაც შეიძლება მეტი თულფი (კოზირი). დასაწყისისათვის შეეცადეთ რეალურად შეაფასოთ თქვენ მიერ გაწეული მომსახურების საფასური;  რამდენად სასარგებლოა იგი კომპანიისათვის? და ბოლოს, რამდენს იხდიან ამ საქმიანობისათვის კონკურენტი საწარმოები.

ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი ცხადყოფს, რამდენად დაფასებული ბრძანდებით სამსახურში. შესაბამისად, მიხვდებით, მოვიდა თუ არა დრო უფროსობასთან საუბრისა.  თუმცა, არ იქნება გამართლებული ეგრევე ბოსთან პრეტენზიებით მისვლა. თქვენ ხომ სტაჟიორი გოგონა არ ბრძანდებით ჰორმონალური ქარიშხლის ან PMS-ის დროს? არამედ, სერიოზული, საკუთარი თავის პატივისმცემელი, შიძლება ითქვას, შეუცვლელი სპეციალისტი ბრძანდებით? ხოდა, დაამტკიცეთ. წერილობითი ფორმით.

გაითვალისწინეთ, რომ თუ კი თქვენს კომპანიაში მიღებულია ხელფასების მომატება ცენტრალიზებულად, ან არსებობს გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ეტაპობრივად ხდება ანაზღაურების ზრდა ჩაბარებულ ანგარიშებზე დაყრდნობით, მაშინ არ ღირს უფროსთან საუბარი ამ საკითხზე პირადად და არც ეს სტატიაა თქვენთვის.

აიღეთ თაბახის ფურცელი და ჩამოწერეთ ამ კომპანიაში მუშაობის მანძილზე თქვენი ყველა მიღწევა. არ მოგერიდოთ, მორიდებული ხალხი კარიერას ვერ იკეთებს. ძირითადი საყრდენი მაინც ბოლო დროს განხორციელებული პროექტები ან გამარჯვებები უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ თქვენს სიტყვებს კონკრეტული ციფრებით, საქმეების სახელებით გაამყარებთ. არაფერი ისე არ “აცოცხლებს” ხელმძღვანელობას, როგორც აზრი, იმის შესახებ, რომ ქალბატონმა, რომელმაც ამდენი წარმატება და შემოსავალი მოუტანა კომპანიას, შეიძლება მათი “დაუნახაობის” გამო დატოვოს საწარმო.

ცალკე ჩამოწერეთ თქვენი ის თვისებები, რომლებიც ამ ყველაფრის მიღწევაში დაგეხმარათ. არც სერტიფიკატები და დიპლომები დაგავიწყდეთ… საერთოდაც, დაუფარავად აქეთ საკუთარ თავს. წარმოიდგინეთ, რომ ახალი სუნამოს შესახებ აკეთებთ პრეზენტაციას, რომელიც, რადაც უნდა დაგიჯდეთ, უნდა შეასყიდინოთ მორიგ პოტენციურ მომხმარებელს.

მესამე: გააჟღერეთ ხმამაღლა

იმედია, სია შთამბეჭდავი გამოვიდა. მშვენიერია. აწ უკვე დადგა უფროსობასთან საუბრის სქემის შემუშავების დრო. გარკვევით ჩამოაყალიბეთ რა გსურთ? სამუშაო დროის შემცირება ან სულაც თავისუფალი გრაფიკი? თანაშემწის აყვანა? ახალი კაბინეტი? ხელფასის მომატება, თანამდებობრივი წინსვლა თუ – ორივე ერთად?

გააჟღერეთ თქვენი მდგომარეობა ხმამაღლა. ახლა, კიდევ ერთხელ, ოღონდ, ამჯერად ემოციებიც ჩააქსოვეთ (არ გადააჭარბოთ). გახსოვდეთ, რომ მოწყალებას კი არ ითხოვთ, არამედ თქვენი ფასდაუდებელი შრომის დაფასებას.

მეოთხე: გაიხსენეთ თქვენი ბოსის სისუსტეები

შეიძლება მას პარასკეობით უყვარს “სიკეთის ჰქმნა”. ანაც, ყოველთვის გაძლევთ კომპლიმენტს, როდესაც შავი კაბა გაცვიათ თეთრი კოპლებით? მაშინ, დაელოდეთ პარასკევს, გამოეწყვეთ სწორადაც რომ ამ სამოსში და წარმოიდგინეთ თქვენი თავი უფროსის ადგილას. ბოლოს, უკვე თქვენსავე ტყავში “დაბრუნებულმა” ეცადეთ გააბათილოთ მისი ყველა არგუმენტი.