Home წარმატება

ზაფხულში, როდესაც შენი ნაცნობების დიდი ნაწილი დასასვენებლადაა, როგორ კომფორტულ და გრილ ოფისშიც უნდა იჯდე, სამუშაო განწყობის შექმნა ძალიან რთულია.

გაითვალისწინე, რომ ამ სტატიის წერის დროს მეც შენსავით ოფისში ვზივარ და შენი განწყობის გაუმჯობესებაზე ვფიქრობ. ჩემ მიერ შემუშავებული ხრიკები დაგეხმარება ერთფეროვანი, მოსაწყენი სამუშაო დღეების გახალისებაში ნებისმიერ დროს.

1. დაიწყე დღე სასიამოვნოდ

სანამ ელ-ფოსტის შემოწმებას და წერილებზე პასუხის მიწერას დაიწყებ, გააკეთე რამე სასიამოვნო, რაც დილის განწყობას შეგიქმნის. ჩემი ტრადიცია 9GAG-ზე რამდენიმე სახალისო ანიმაციის ნახვა, 1 ჭიქა ყავის დალევა და თანამშრომლებთან რამდენიმე წუთიანი გასაუბრებაა. ნუ მიეძალები დილაადრიან საინფორმაციო პორტალებს, სადაც დიდი რაოდენობითაა უარყოფითი ინფორმაცია. კიდევ რამდენიმე რჩევისთვის სამუშაო დღის დასაწყებად, გადახედე ჩვენს სტატიას.

2. გაუკეთე თანამშრომლებს კომპლიმენტი

შეაქე ადამიანები, ვინც შენთან ერთად მუშაობს. დამიჯერე, ორმაგად სასიამოვნოდ დაგიბრუნდება. უთხარი, რომ კარგად გამოიყურება ან მისი გუშინდელი პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო. ასეთი სახის კომპლიმენტები ადამიანებს დადებითად განაწყობს და უჩენს სურვილს შენც იგივე გითხრან, რაც სასიამოვნოდ აისახება სამუშაო პროცესზე.

3. გაიხალისე სამუშაო მაგიდა

ჩემს მაგიდაზე ბევრ უცნაურ ნივთს შეხვდებით, მაგრამ თითოეულ მათგანს ჩემთვის თავისებური დატვირთვა აქვს. სურათები, სტიკერები, ფიგურები, რომლებიც გარკვეულ მოგონებებთან ასოცირდება და მათი დანახვა კარგ ხასიათზე მაყენებს. სამუშაო მაგიდის მოწესრიგების აუცილებლობაში, ეს სტატია დაგარწმუნებს.

შენც შეგიძლია იგივენაირად მოიქცე და სამუშაო მაგიდაზე განათავსო საყვარელი ადამიანების ფოტოები, ფრაზები, რომლებიც მოტივაციას აგიმაღლებს. ოღონდ ბალანსი ყოველთვის უნდა დაიცვა და ამ ნივთებით ქაოსი არ უნდა შეიქმნა. რჩევებს, თუ როგორ უნდა გაახალისო შენი სამუშაო მაგიდა, ჩვენს სტატიაში ნახავ.

4. მოუსმინე მუსიკას

მუსიკის შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინე, რომ ის ხასიათს გაგიუმჯობესებს და არ დაგამძიმებს. ამაში ჩვენი სტატიაც დაგეხმარება – 10 სიმღერა, რომელიც სამუშაო განწყობას გაგიუმჯობესებს.

5. დაუთქვი შეხვედრა ოფისის გარეთ

შეხვედრებისთვის განსაზღვრული მკაცრად შეზღუდული დროის მიუხედავად, ეცადე ისინი განახორციელო ოფისის გარეთ. ამისთვის შეიძლება გამოიყენო სკვერი ან შენი საყვარელი კაფე. დამერწმუნე, ასეთი შეხვედრები ბევრად უფრო სასიამოვნო და პროდუქტიულია თუ რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა სპეციფიკური არ არის და მისი ოფისში ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.

 

6. იარე და ისაუბრე

არ მიეჯაჭვო სამუშაო მაგიდას! ტელეფონზე ხანგრძლივი საუბრის დროს იარე ოთახში ან დერეფანში. თუ ოფისს აივანი ან ეზო აქვს, გამოიყენე შესაძლებლობა სუფთა ჰაერზე გასვლისთვის.

ასევე კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებისას, შეთავაზე მათ საუბრის დროს სეირნობა.

7. გაამხნევე საკუთარი თავი

ეს მეთოდი ჩემზე განსაკუთრებულად მოქმედებს. ნებისმიერი მარტივი სამუშაოს შესრულების შემდეგ შეაფასე შენი თავი რამე დადებითი სიტყვით. წარუმატებლობა წარმატების თანმდევია, ამიტომ არ დანებდე წარუმატებლობისას და წარმატებულ დეტალებზე გაამახვილე ყურადღება. უთხარი თავს, რომ დაკვირვებული ხარ, შრომისმოყვარე, ესეც გაივლის და ა.შ. აქვე, გადახედე წარმატებული ლიდერების რამდენიმე მახასიათებელს.

პ.ს. წარმატებებს და გამძლეობას გისურვებ. მე შვებულებაში სექტემბერში გავდივარ.

შენ რას იტყვი?