Home წარმატება

სამსახურში ურთიერთობები თანატოლ თუ ზემდგომ კოლეგებთან მნიშვნელოვანია. ბიზნეს ეთიკის ცოდნა და დაცვა კი – აუცილებელი. უფროსთან ნორმალური, საქმიანი ურთიერთობის დამყარება ფაქტობრივად სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია, რადგან თქვენ ორნი უშუალო კონტაქტში იმყოფებით ერთმანეთთან დღის უმეტესი ნაწილის განმავლობაში და თანაარსებობის გამარტივება ორივესთვის მომგებიანია იმიტომ, რომ ხშირად სამსახურებრივი პრობლემები სახლში მოგვყვება და არასასიამოვნო ნალექად რჩება გულსა თუ გონებაში. არც შენი და არც შენი უფროსის სურვილი არ არის გაირთულოთ ცხოვრება.

1. აჰყევი შენი უფროსის საქმის წარმოების სტილს

შეეცადე, დაადგინო შენი მენეჯერის მუშაობის სტილი, რას ითხოვს შენგან და რა სახით სურს ინფორმაციის მიღება: ანგარიში, შედეგი. ხომ არ ურჩევნია ინფორმაცია წერილობით მიაწოდო, ვიდრე ზეპირსიტყვიერად აცნობო? მარტივი ცხრილებისთვის ექსელის პროგრამას ანიჭებს უპერატესობას თუ ვორდის? ხომ არ სჯობს დააგროვო საბუთები და დღის ბოლოს მიაწოდო ხელმოსაწერად, ვიდრე ყოველ ჯერზე მოაცდინო საქმიანობას?

შენი მენეჯერის ქცევაზე დაკვირვება და მისი პრეფერენციების გაგება ხელს შეგიწყობს მიაწოდო მისთვის სასურველი ინფორმაცია თუ შედეგი ისე, როგორც ეს მისთვის არის მოსახერხებელი. ვინ არ დააფასებს ასეთ მიდგომას?

2. იცოდე შენი მენეჯერის მიზნები

როგორც თანამშრომელი, შენ საკუთარ მიზნებზე ხარ ორიენტირებული და აკეთებ შენს საქმეს. არ დაგავიწყდეს, რომ შენი სამუშაო ეხმარება შენი უფროსის საქმეს და მენეჯერული დავალებების აღსრულებას. ასე რომ, შეეცადე გაარკვიო და გაიგო შენი უფროსის მიზნები, პროექტები, გეგმები და სხვა ვალდებულებები, რომელიც მას აკისრია და რომელზეც პასუხს აგებს. როდესაც შენ გეცოდინება კონკრეტულად მისი საქმის არსი, უკეთ შეძლებ მის დახმარებას შენი სამუშაოდან გამომდინარე.

3. არასოდეს აგრძნობინო შენს უფროსს ინფორმაციის ნაკლებობა

მოკლედ რომ ვთქვათ: არანაირი სიურპრიზები.

მაგალითად, თუ ფიქრობ, ან იცი რომ ერთ-ერთი კლიენტი არ არის კმაყოფილი რამე მიზეზით და აპირებს იჩივლოს ამ საკითხზე, აცნობე ამის შესახებ შენს უფროსს. სხვა მხრივ, ის სრულ გაუგებრობაში მოყვება, იქნება მოუმზადებელი და შესაძლებელია ვერ მართოს კონფლიქტი. შესაბამისად, ნამდვილად არ იქნება შენით კმაყოფილი, თუ შენ ეს იცოდი და არ შეატყობინე.

ზოგადად, ინფორმაციის ნაკლებობა ქმნის ქაოსს, ფრუსტრაციას და ჩვეულებრივ სრულდება დროის უმიზნო ხარჯვით. შეეცადე მსგავს სიტუაციას აარიდო საკუთარი და შენი უფროსის თავიც და მენეჯერი შენი მადლიერი დარჩება.

4. ნუ ფიქრობ, რომ შენი უფროსი ვალდებულია “კოვზით გაჭამოს”

უხეშად ჟღერს, მაგრამ არცერთ მენეჯერს არ სურს მისი თანამშრომლის ძიძა იყოს. თუ შენ გაგიჩნდა კითხვები ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით, არ იცი სად აიღო კალამი და ახალი ბლოკნოტი, ან რამეს ვერ პოულობ ინეტრნეტში, სთხოვე კოლეგას დაგეხმაროს, ოფის მენეჯერს – დაგაკვალიანოს საკანცელარიო საკითხებში, მიმართე კადრების განყოფილებას დაზღვევასთან თუ სამუშაო პირობებთან დაკავშირებით და ა.შ., უფროსთან კი უშუალოდ შენსა და მის საქმეზე ილაპარაკე.

5. დაიცავი დედლაინი

როდესაც უფროსისაგან დავალებას მიიღებ, ენთუზიაზმით შეუდექი მის აღსრულებას. აჩვენე დამოკიდებულება: „რა თქმა უნდა, მე გავაკეთებ ამას“ და არა „ვნახოთ, რა გამომივა“. შეეცადე საქმე ჩააბარო დათქმულ დრომდე მინიმუმ 1 დღით ადრე. ეს მისცემს შენს უფროსს საშუალებას გადახედოს შენ მიერ მიწოდებულ პროექტს და შეიტანოს ცვლილებები, ამ უკანასკნელის საჭიროების შემთხვევაში. ასე რომ, ნუ აიძულებ შენს უფროსს შენ მაგივრად ბოლო წუთს, სიჩაქრეში შეიტანოს კორექტივები შენს ნამუშევარში.

6. იყავი ორიენტირებული გადაწყვეტილებებზე, და არა პრობლემებზე

შენი სამუშაო მდგომარეობს არა მხოლოდ პრობლემების გამოვლენაში. როგორც კი პრობლემატური საკითხი წამოიჭრება, დაიწყე ფიქრი თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. პრობლემების მოგვარების გზების ძიებისა და გადაწყვეტის პოვნის უნარი მხოლოდ შენს სასიკეთოდ მეტყველებს.

მაგალითად, არ მიხვიდე მენეჯერთან საწუწუნოდ, თუ როგორ ვერ ასწრებს გადაზიდვის დეპარტამენტი დროულად მოგაწოდოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ამის მაგივრად, შედი „პრობლემურ“ განყოფილებაში და დაელაპარაკე თანამშრომლებს, თუ როგორ გამოასწოროთ სიტუაცია და რა წვლილი შეგიძლია შეიტანო ამ პრობლემის გადაწყვეტაში.

უკვე შემდგომი ნაბიჯია მიხვიდე შენს მენეჯერთან და აცნობო, თუ რა პრობლემა წამოიჭრა და რა გააკეთე ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

7. გააკეთე რასაც იტყვი; თქვი რასაც აკეთებ

თუ ამბობ, რომ ანგარიშს პარასკევისთვის ჩააბარებ საერთო შეხვედრაზე წარსადგენად, მაგრამ დათქმულ დღეს, დილით არაფერი გაქვს მზად, რადგან სხვა საქმეები გამოგიჩნდა, სავარაუდოდ უარყოფით რეაქციას გამოიწვევ.

კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას, თუ შენი უფროსი ამ ანგარიშზე ამყარებდა საკუთარ გამოსვლას დილის შეხვედრაზე აღმასრულებელ მენეჯმენტთან, როგორც მინიმუმ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება.

ისინი, ვის სიტყვასაც ენდობიან და ვინც საქმეს ასრულებს, საოცნებო თანამშრომლები არიან. თუნდაც თვლიდე, რომ შენი უფროსი, სამსახური, კლიენტი არ არის ღირსი შენი მსგავსი ერთგულების, ეს დამოკიდებულება პირველ რიგში შენ გიწყობს ხელს გაიზარდო პროფესიულად, ჩამოყალიბდეს შენი ავტორიტეტი და მიიჩნეოდე სიტყვის ადამიანად.

და ბოლოს, შენი მენეჯერის სამუშაო გაცილებით რთულია, ვიდრე ეს ჩანს ან შენ წარმოგიდგენია, როგორც მინიმუმ ის შენზე პასუხისმგებელია. დასაქმების ფუნდამენტური წესი გვეუბნება, რომ შენ მუშაობ შენი უფროსის ანუ კომპანიის ერთ-ერთი რგოლის და შესაბამისად, მთლიანად კომპანიის წარმატებისთვის. დაეხმარე შენს უფროსს და დააფასებ მსგავს დახმარებას, როდესაც შენ გახდები ხელმძღვანელი.

შენ რას იტყვი?