შენ ყოველთვის ბევრს მუშაობდი, გამირჩეოდი ბრწყინვალე იდეებით და კარგად შესრულებული პროექტებით, ამიტომაც დაგაწინაურეს. გილოცავ! :)  ეს ძალიან კარგია და იმედია აქ გაჩერებას არ აპირებ. თუ გინდა კარიერული კიბის შემდეგ საფეხურზე ახვიდე, აუცილებელია სამსახურში თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა გქონდეს. თუ ყველასთან არა, იმ 7 ადამიანთან მაინც, რომლებიც შენს წინსვლას ხელს შეუწყობენ.

1. სტაჟიორი

სტაჟიორები, როგორც წესი, სტუდენტები არიან, მაგრამ დაფიქრდი: ისინი 5 ან 10 წელიწადში თავიანთი საქმის პროფესიონალები გახდებიან და შეიძლება სულაც შენი კოლეგები იყვნენ. ან შეიძლება, ახლანდელი სტაჟიორი იყოს ის, ვინც დაგეხმარება შენი ოცნების კომპანიაში დაიწყო მუშაობა. მეც სტაჟირებით დავიწყე. წარმოიდგინე, როგორი გაკვირვებული იყო ჩემი პირველი უფროსი, როცა ერთ-ერთ ორგანიზაციაში ტრენინგზე მისულს მასპინძლად მე, ყოფილი სტაჟიორი, დავხვდი.

cos-01-man-for-hire-de-mdn

2. ოფისის ჭორიკანა

ასეთები აუცილებლად იქნებიან შენს კომპანიაში. მთელი დღე საქმიანობენ, აკეთებენ ყველაფერს, საქმის გარდა. მათი მოსმენა ხშირად დამღლელია და ხანდახან მდგომარეობიდანაც შეიძლება გამოგიყვანოს, მაგრამ მან იცის, ვინ აპირებს წასვლას, ან ვისი დაწინაურებაა დაგეგმილი. ეს ყველაფერი შეგიძლია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენო. შეარჩიო ისეთი სტრატეგია, რომელიც დაგეხმარება კარიერის შემდეგ საფეხურზე ახვიდე. ასე რომ, აუცილებლად მოუსმინე, როცა ის ლაპარაკობს.

რა თქმა უნდა, ჩემს სამსახურშიც არის ჭორიკანა. სიმართლე გითხრა, მე მასთან დიდად არ ვმეგობრობ, თუმცა დილით გამარჯობის თქმაც კი საკმარისია, რომ ცხელ-ცხელი ამბები მოვისმინო. ასეთი ტიპის ადამიანებს კიდევ ერთი თვისება აქვთ: როცა თვითონ გიყვებიან რამეს, შენგანაც ელიან ახალ ჭორს. მე ამას იმით ვაღწევ თავს, რომ მოსმენა კარგად შემიძლია.

cos-05-business-women-gossiping-work-kitchen-de-mdn

3. IT

IT სპეციალისტები თითქმის ყველა კომპანიაში არიან. ეს დღევანდელობის აუცილებელი მოთხოვნაა. ისინი იმდენად შეუმჩნევლები არიან, რომ მათი არსებობა მხოლოდ მაშინ გახსენდება, როცა შენს კომპიუტერს ვირუსი შემოუტევს. ეცადე, დაუმეგობრდე მას და მარტო Windows-ის გადასაყენებლად ნუ დაუძახებ. მე ვმეგობრობ ჩემი სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის გოგოსთან და არა იმიტომ, რომ მე უფრო სწრაფად დამიყენოს დრაივერი (თუმცა ესეც არ იქნებოდა ურიგო), არამედ უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანია. ხშირად მაძლევს რჩევებს და მასწავლის რა და როგორ გავაკეთო.

cos-06-business-woman-alone-office-de-mdn

4. ოფისის მენეჯერი

ოფისის მენეჯერთან მეგობრობაც დაახლოებით, ისეთივეა, როგორც ოფისის ჭორიკანასთან. თუმცა ჭორიკანასგან განსხვავებით, ოფისის მენეჯერს ზუსტი ინფორმაცია აქვს სამსახურში ახალი ვაკანსიის გამოჩენის, ან პრემიის დარიცხვის თაობაზე. ოფისის მენეჯერები ხშირად შესყიდვებზეც აგებენ პასუხს. ასე რომ, თუ ინვენტარი გჭირდება და ოფისის მენეჯერი შენი მეგობარია, ჩათვალე, რომ ის სკანერი ან პრინტერი უკვე შენს მაგიდაზე დგას.

cos-07-serious-business-woman-desk-office-working-de-mdn

5. დეველოპერი

შენ ახალი იდეა გაქვს და ფიქრობ რომ ეს კომპანიას მოგებას მოუტანს, მაგრამ  სანამ ეს იდეა ხორცს შეისხამს კიდევ დიდი ხანი გავა. იდეა დეველოპერთან უნდა მოხვდეს, დეველოპერების გუნდს კი შენი მსგავსი ათასობით იდეა აქვს ჩაბარებული განსახილველად. ასე რომ, თუ ერთ-ერთ მათგანს დაუმეგობრდები, შენი პროექტები უფრო პრიორიტეტული გახდება და პირველივე განიხილება.

სხვა რა უპირატესობა შეიძლება მიიღო ამით? დეველოპერები, როგორც წესი, კომპანიის მენეჯერებთან ერთად მუშაობენ და ახლო ურთიერთობა აქვთ მათთან. ასე რომ შეიძლება სიტყვა შეგაწიოს უფროსობასთან.

cos-02-business-woman-at-desk-computer-de-mdn

6. მამაკაცი კოლეგა

შენ შეიძლება გადასარევად გაქვს აწყობილი ურთიერთობა მდედრობითი სქესის თანამშრომლებთან, მაგრამ მამაკაც თანამშრომელთან მეგობრობას განსხვავებული პერსპექტივები აქვს. ჩვენთან, მაგალითად, მამაკაცი კოლეგების ნაკლებობაა: 50-იან კოლექტივში 5 კაცი თუ მოიძებნება და მათი უმრავლესობაც დეპარტამენტის უფროსია. თუ შენთან არჩევანი უფრო მრავალფეროვანია, დაუმეგობრდი მას და სხვა თუ არაფერი, კორპორაციული წვეულებიდან მაინც გაგაცილებს სახლამდე ან ოფისში ავეჯის გადაადგილებაში დაგეხმარება.

cos-03-casual-work-meeting-talking-de-mdn

7. უფროსის თანაშემწე

გინდა ის მოხერხებული და მყუდრო კაბინეტი შენი იყოს? მაშინ უნდა დაუმეგობრდე უფროსის თანაშემწეს. ამ სუპერ-ორგანიზებულმა კოლეგამ იცის ყველაფერი თავისი უფროსის შესახებ. იცის მისი დღის განრიგი და უფროსთან შეხვედრას მის გარეშე მაინც ვერ მოახერხებ. თუ მასზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენ, ისიც კი შეუძლია, რომ უფროსთან შეხვედრაზე ჩაგწეროს ან კალენდარში წინ წაგწიოს. ჩემს სამსახურში ამის საჭიროება არ არის, იმდენად მეგობრული და კომუნიკაბელური უფროსი გვყავს, ყოველდღიურად პირადად ახერხებს დალაპარაკებას ან სულაც თანამშრომლებთან ერთად ლანჩზე გასვლას.

cos-04-business-women-man-desk-office-laptop-de-mdn