„ფული დელიკატური თემაა“ – გვსმენია ბევრი ადამიანისგან. ამ საკითხზე საუბარი გვერიდება – „რას ამბობ, უხერხულია!“ არადა, რამდენი შეცდომის არიდება შეგვეძლო დასაწყისშივე, სათანადო პირებს რომ გავსაუბრებოდით და მათი აზრი და რჩევებიც გაგვეთვალისწინებინა.

უახლესი ფინანსური კვლევის საფუძველზე, მომხმარებელთა 71% არასწორად გეგმავს ბიუჯეტს, რაც მათ ნერვულ სისტემაზეც აისახება. მოსახლეობის 32%-ს საერთოდ არაფერი გააჩნია პენსიაზე გასვლის მომენტისათვის, ხოლო 34%-ს თვიდან თვემდე თავი კრედიტით გააქვს.

Visa, Mastercard, Money

ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ფულზე საუბარი არათუ სასურველი, არამედ – აუცილებელია. არ გადადო დიალოგი:

1. რჩეულთან – მიზნებსა და პრინციპებზე

სანამ დაქორწინებას და/ან ერთად ცხოვრებას გადაწყვეტ, აუცილებლად განიხილე ფინანსური საკითხი შენს რჩეულთან. ისაუბრეთ, რისთვის გსურთ თანხის დაზოგვა და როგორ გეგმავთ ამის განხორციელებას; როგორ აპირებთ კარიერის და პირადი ცხოვრების დაბალანსებას და როგორია თქვენი დამოკიდებულება ვალებთან. ამ კუთხით შეხედულებათა შეუთავსებლობამ შესაძლოა, ურთიერთობა გაანადგუროს.

2. შვილებთან – გამომუშავებასა და დაზოგვაზე

როგორც კი შეატყობ, რომ შენი შვილები უკვე საკმარისად დიდები არიან და აცნობიერებენ, რომ ფულს ნივთების ყიდვა შეუძლია, დროა, აუხსნა, რომ შემოსავალი საფულეში ჯადოსნურად არ ჩნდება. უნდა დაანახო კავშირი ხელფასსა და თავდაუზოგავ შრომას შორის. ბავშვებს უნდა გაუჩინო სურვილი მცირეოდენი ძალისხმევა მაინც ჩადონ შრომაში (მათ შემთხვევაში კი – სწავლაში), რათა შემდგომ შეძლონ საკუთარი მომავლის უზრუნველყოფა.

Wallet

3. დამსაქმებელთან – შენი შესაძლებლობებისა და პოტენციალის სათანადო დაფასებაზე

ხელფასის მატებას პირდაპირ ნუ მოითხოვ. უფროსს შენი ჭეშმარიტი ღირებულება უნდა დაანახო. შეარჩიე შესაფერისი მომენტი და მოემზადე წინასწარ. ამაში ჩვენი რჩევები დაგეხმარება:

4. მეუღლესთან – პროგრესსა და პრობლემებზე

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქორწინებამდე ფინანსებზე საუბარი აუცილებელია ისევე, როგორც ქორწინების შემდგომ რეგულარულად (წელიწადში ერთხელ მაინც). განიხილეთ თავდაპირველი გეგმები, კვლავ ძალაშია, თუ დადგა ცვლილებების განხორციელების დრო? იმსჯელეთ, რა პრობლემებს წააწყდით თანაცხოვრების პერიოდში და როგორ გესახებათ პროგრესისკენ ერთობლივად  სავალი გზა.

5. მშობლებთან – მათი საპენსიო ასაკის თაობაზე

საპენსიო ასაკის ადამიანებმა ოჯახის წევრებიდან უნდა შეარჩიონ ერთი ნდობით აღჭურვილი პირი მათი ფინანსების სწორად სამართავად, თუკი თავად არ შესწევთ ამის უნარი.

Happy Ending

უმრავლეს შემთხვევაში კი, ხანშიშესული პირები პენსიის, შემწეობის თუ შვილების იმედად რჩებიან.

დღევანდელ პირობებში რთულია ფულის დაზოგვა, როცა თვიდან თვემდე თავი ძლივს გაგაქვს, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ჩვენს სიბერეს აქედანვე დავგეგმავთ და უზრუნველვყოფთ. მსგავს უსიამოვნო თემებზე საუბარი არ გვიყვარს და მათთან დაკავშირებული ქმედებების გადადებაც გვჩვევია „ხვალინდელი დღის იმედით“.

მოქმედე დროულად! აკონტროლე შენი ფული! გასხენი ანაბარი, ან თუ ბანკებთან არ მეგობრობ და მათი ნდობა არ გაქვს, მოიფიქრე ფულის დაზოგვის და შენახვის სხვა, უკეთესი მეთოდი.

არ დაგავიწყდეს შენი მშობლებიც. უარი თქვი მათგან საჩუქრების მიღებაზე. უთხარი, რომ უკვე დიდი ხარ და თავადაც შეგიძლია საკუთარ თავზე ზრუნვა. მუდმივად შეახსენეთ, რომ სულაც არ სჭირდებათ სახლში ახალი ფარდები და ურჩიე, ფინანსები საკუთარი მომავლისთვის დაზოგონ.