Home წარმატება

სანამ სამსახურის ძიებას დაიწყებ, აუცილებლად უნდა გადახედო შენს რეზიუმეს. რეზიუმეს ხშირი განახლება სჭირდება. სიხშირე დამოკიდებულია შენს კარიერაში ცვლილებების ინტენსიურობაზე. ამიტომ პერიოდულად რამდენიმე საათი გამოყავი რეზიუმეს გასაახლებლად. გაითვალისწინე, რომ რეზიუმეს ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. როცა დამქირავებელი განსახილველად ასობით, ან ათასობით რეზიუმეს იღებს, ნებისმიერი კრიტერიუმი შეიძლება იყოს საკმარისი კანდიდატების გასაცხრილად, ამიტომ იზრუნე იმაზე, რომ პირველივე ეტაპიდან არ გამოვარდე იმ მიზეზით, რომ შენი რეზიუმე სათანადოდ არ წარმოგაჩენს.

lot of resumes

სტილი და ფორმატირება

  • შეცვალე ფაილის სახელი: “[სახელი] [გვარი] – რეზიუმე”/”[name] [surname] – Resume”. თუ შენს რეზიუმეს ფაილის სახელად მხოლოდ „CV” აწერია, ის 1000 სხვა CV-ს შორის მარტივად დაიკარგება
  • ინგლისურენოვანი რეზიუმეს ფონტი შეცვალე Helvetica, Arial ან Times New Roman-ზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეზიუმე წაკითხვადი უნდა იყოს. ზოგ ოფისში კომპიუტერებზე შესაძლებელია არ იყოს დაყენებული შენი არჩეული განსაკუთრებული ფონტი. ზოგადად, მოერიდე რეზიუმეში განსხვავებული ფონტების გამოყენებას: ეს არც პროფესიონალურია და არც მოსახერხებელი. ქართული რეზიუმეს შემთხვევაში გამოიყენე ფონტები: Sylfaen ან AcadNusx. ფონტის ზომა 10-12 მისაღებია. დაშორება ხაზებს შორის 1,0-1,5
  • შეინახე შენი რეზიუმე PDF ფორმატში. ამ გზით შენარჩუნდება სასურველი ფორმატი სხვა კომპიუტერზე გახსნისას, ამასთან, Word-ის ფორმატში მიღებული რეზიუმე ხშირ შემთხვევაში არასერიოზულად აღიქმება
  • შეამოწმე მართლწერა. გაასწორე შეცდომები
  • გადაათვალიერე რეზიუმეს ფორმატის ზოგადი სტილი. ყველა ხაზი, ჩამონათვალი  და ფონტი ერთგვაროვანი უნდა იყოს
  • შენი რეზიუმე მარტივად აღსაქმელი იქნება, თუ განყოფილებებს შორის გამყოფ ხაზს ჩაამატებ
  • თუ განაცხადი არ შეგაქვს დიზაინერულ, კრეატიულ პოზიციაზე, მოაცილე რეზიუმეს ყოველგვარი ვიზუალური ელემენტი, ფოტო თუ ფონი

elle woods CV

რეზიუმეს შინაარსი

  • შესაბამის ადგილას ჩასვი LinkedIn-ის პროფილის ბმული, ან სხვა სოციალური მედიის რელევანტური ბმული. Twitter-ი თუ ის პროფესიონალურია და კავშირია ვაკანტური ადგილის მოვალეობებთან, Instagram ან Flickr თუ კრეატიულ პოზიციებზე შეგაქვს განაცხადი, მაგრამ არასოდეს დაამატო Facebook ანგარიშის ბმული, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად „პატიოსანი“ და „სუფთაა“ ის. ბმულები მოქმედი და აქტიური უნდა იყოს, რადგან რეზიუმეთა უმრავლესობა კომპიუტერზე იკითხება, დამქირავებელი კი არ დაკარგავს დროს ბმულების დაკოპირებასა და ბრაუზერში ჩასმაზე
  • განაახლე უნარ-ჩვევების ნაწილი. დაამატე ახალი ცოდნა და წაშალე ის, რაც არარელევანტურია, მაგალითად Microsoft Word-ის ცოდნა, ამას ისედაც ელიან შენგან და მით უმეტეს, შენი რეზიუმედან ეს უნდა ჩანდეს
  • ორგანიზაციის, სერტიფიკატის თუ პოზიციის აკრონიმები და აბრევიატურები ჩაანაცვლე სრულყოფილი დასახელებებით. მაგალითად: საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერი საგარეო საქმეთა სამინისტროში (სსს)
  • თუ სამუშაო ადგილებს შორის რამდენიმე-თვიანი „ჩავარდნა“ გაქვს, ნუ მიუთითებ სამუშაოს დაწყების ზუსტ თარიღებს და ჩაანაცვლე ისინი მხოლოდ წლების მითითებით (მაგალითად: 2010-2012)
  • ჩვეულებრივ, რეზიუმეში აღინიშნება სამუშაო სტაჟის უკანასკნელი 10-15 წელი, რომელიც რელევანტურია კონკრეტული პოზიციისთვის. (დიახ, ნამდვილად საუკეთესო რჩევა იქნებოდა თითოეულ პოზიციას, რომელზეც რეზიუმეს აგზავნი, ინდივიდუალურად მიუდგე და ყოველ ჯერზე გადახედო შენს რეზიუმეს)

არასაჭირო ინფორმაცია

  • თუ რეზიუმეს ბოლოში მიწერილი გაქვს: „რეკომენდაციების/დახასიათებების მოწოდება შესაძლებელია მოთხოვნისთანავე“/„References Available Upon Request” – წაშალე! თუ დამქირავებელს რეკომენდაცია სჭირდება, ის ამას აუცილებლად მოითხოვს განცხადებაში. გამოიყენე გათავისუფლებული ადგილი შენი მიღწევების და შესაძლებლობების წარმოსაჩენად
  • წაშალე საცხოვრებელი მისამართი. დამქირავებელმა შესაძლოა ჩათალოს, რომ დიდი დრო დაგჭირდება სახლიდან სამსახურამდე გზაში და გადადოს შენი რეზიუმე
  • არ ჩასვა საკუთარი ფოტო რეზიუმეში, თუ ეს არ არის მოთხოვნილი განცხადების ტექსტით. თუ ფოტო მოითხოვება, ჩასვი პროფესიონალური, საპასპორტო ფოტო, მზის სათვალის, ქუდის თუ სხვა, სახის დამფარავი აქსესუარების გარეშე. საკუთარი თავის ამოჭრა სუფრის, სამეგობროს, ხელგადახვეული თუ სხვა კოლექტიური და ჭრელფონიანი ფოტოებიდან და დამუშავების გარეშე რეზიუმეში ჩასმა დაუშვებელია. თუ სამოდელო სააგენტოში არ აგზავნი პორტფოლიოს, საკუთარი თავის ხესთან/ზღვაზე/სხვა გასართობ თუ არასამსახურეობრივ ადგილებში გადაღებული, სრული ზომის სურათი დამქირავებელს არა თუ არ აინტერესებს, არც თუ დადებით წარმოდგენას უქმნის შენზე
  • არ არის რეკომენდებული მიუთითო დაბადების დღე, ოჯახური მდგომარეობა (და შვილების რაოდენობა), ასევე რელიგიური მრწამსი, ან ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა დისკრიმინაციის საფუძველი გახდეს
  • ამოიღე ინფორმაცია სკოლაზე (და ბაღზე), თუ ამ პერიოდში არ გაქვს სასურველი პოზიციის შესაბამისი მიღწევა

good luck with career

გადაიკითხე

  • ხმამაღლა წაიკითხე შენი რეზიუმე. ამით არა მხოლოდ მართლწერის და გრამატიკულ შეცდომებს აღმოაჩენ, არამედ გაასწორებ არასწორად დალაგებულ თუ რთულად აღსაქმელ წინადადებებს
  • შეხედე შენი რეზიუმეს ზედა ნაწილს. ეს ის ნაწილია, რომელიც თავიდანვე ხვდება თვალში დამქირავებელს რეზიუმეს კომპიუტერზე გახსნისას. შეხედე მას სხვა და უცხო თვალით. პირველი შთაბეჭდილება რეზიუმეს ამ ნაწილით იქმნება
  • მიეცი შენი რეზიუმე ადამიანს, რომელიც არც ისე კარგად გიცნობს და სთხოვე მას დააკვირდეს მას 30 წამის განმავლობაში. შემდეგ ჰკითხე: რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად? რას გეუბნება ჩემი რეზიუმე ჩემზე? ყურადღებით მოისმინე და გააანალიზე პასუხები.სთხოვე შენს სამ მეგობარს თუ კოლეგას გადაგახედონ საკუთარ რეზიუმეს. შესაძლოა, მათ რეზიუმეში საჭირო ნიუანსი აღმოაჩინო და გამოიყენო

წარმატებას გისურვებთ! :)

7 კომენტარი to this post
  1. არ ვიცი, ეს სტატია ვისი მომზადებულია, თუ ვინმეს პროფესიონალიზმს ვეხები, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ როგორც HR-ში გარკვეული გამოცდილების მქონე, გირჩევთ, რომ ფოტო არ იყოს საპასპორტო და . თავისუფალ გარემოში, დახვეწილი ფოტო უფრო დადებითად განაწყობს დამსაქმებელს. მაგრამ ეს არ უნდა იყოს, პლაჟზე, ბარში, საღამოს კაბაში, ფერადი მაკიაჟით, მეგობრებში, “მხარზე ხელგადახვეული”. გადაიღეთ ერთი ფოტო ჩვეულებრივ ტანსაცმელში, ნეიტრალურ გარემოში, მსუბუქი მაკიაჟით. ეს ყველაზე კარგი იქნება. და დაურთეთ მაშინ თუ დამსაქმებელი ითხოვს, ან როდესაც ისეთი პოზიციაა, სადაც გარეგნობა მნიშვნელოვანია (PR, ოფის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი,…)

    • მადლობა, შესანიშნავი რჩევაა ფოტოს თავისუფალ გარემოში გადაღებაზე.

შენ რას იტყვი?